საქართველოში მცხოვრები მუსლიმი სტუდენტი – ჯეიხუნ მუჰამედალი (ნარზალოვი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს – ილია მეორეს 83 წლის იუბილეს საკუთარი ბლოგიდან ულოცავს:
,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 83 წლის გახდა. 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი.
1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.
– მე, ჯიხუნ მუჰამედალმა (ნარზალოვი), როგორც საქართველოს ერთ-ერთმა შვილმა, მინდა, ჩემი მუსლიმი ახალგაზრდა სამეგობროს სახელით, მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე. მინდა ვუსურვო ჯამრთელი და ბედნიერი, დღეგრძელი ცხოვრება.
იგი არა მარტო ქრისტიანების, არამედ ჩემი სულიერი მამაცაა. პატრიარქს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოში ერებსა და რელიგიებს შორის ურთიერთგაგებისა და ნამდვილ ტოლერანტობაში მისი უდიდესი წვლილისთვის. იგი ყოველთვის ცდილობს საქართველოში დანერგოს ერთიანობა და ქვეყანა გაამთლიანოს. უფალს ვთხოვ, რომ ეს ოცნება მას მალე აუხდეს. პატრიარქის მუსლიმებთან განსაკუთრებული ურთიერთობები არავისთვისაა საიდუმლო.
არც მე მავიწყდება, როდესაც მას ჩავეხუტე და მის მიმართ ჩემი სიყვარული გავამხილე. ჩვენ უფალი ერთი გვყავს და მხოლოდ უფლის მიმართ მისასვლელი გზები გვაქვს განსხვავებული. ჩვენ უფალთანაც გავერთიანდებით, როგორც აქ ვართ ერთიანნი. უფალი იყოს უწმიდესისა და უნეტარესის – ილია მეორეს, საქართველოსა და ჩვენი მფარველი ამინ!!!“ – წერს ჯეიხუნი.