Skip to content

მთვარე და ატმები (იგავი სიყვარულზე)

_მუსიკის ხმა გესმის? 
_
არა. 
_
არა?! კარგად დააკვირდი, ბლუზს უკრავს მგონი ვიღაც. 
_ბლუზს? გიყვარს ბლუზი? დღეს ხომ მაგას აღარავინ უსმენს. 
_სუ. 
_.. 
_არ დაუმთავრებია და დაკვრა ისე შეწყვიტა, რა დასანანია. 
_ის ხვეულთმიანი გოგო იქნება, პატარა ალუბლის გვერდით, ყავისფერ სახლში რომ ცხოვრობს. ხშირად ვხედავ გიტარაგადაკიდებული ჭიშკრიდან როგორ გადის. 
_მართლა? არა, გოგოები ბლუზს ასე არ უკრავენ. 
_როგორ? 
_მაგ მუსიკას სული მოყვება, ეს რომანტიული მამაკაცის სული იყო. 
_ის გოგოც რომანტიული ჩანს, შავად შეღებილი წამწამებიდან ისეთი ნათელი გამოხედვა აქვს ზოგჯერ მშურს, რომ ისევ ადამიანი არ ვარ. 
_მე არასოდეს შემინიშნავს. 
_ჰო?! თუმცა, შენ როგორ შენიშნავდი, მე ხომ გეფარები და ჭიშკარს ვერ ხედავ, ის კი, ჩვენი ბაღისკენ არასოდეს გამოსულა. 
_ჰოდა არც რომანტიული იქნება, შეიძლება მისი გამოხედვა გატყუებს. 
_.. 
_.. 
_მე ლამაზი თვალები მქონდა..? 
_.. 
_რა მოგივიდა? 
_არაფერი, სად არის ეს მთვარე ამდენ ხანს?? 
_მართლა, რა უცნაურია _არც ღრუბლები, არც ვარსკვლავები, არც მთვარე. ასეთი ღამე არასდროს მინახავს. 
_მე ერთხელ ვნახე, მაშინ ახალი გაცნობილი მყავდი, შუაღამით, აივნის მოაჯირზე დაყრდნობილი ვეწეოდი და ვფიქრობდი შეძლებდი თუ არა ჩემს გაგებას, მერე, უეცრად აღმოვაჩინე რომ მთვარე გაქრა. არა, კი არ გაქრა, არც გამოჩენილა და თავისი ეგოისტური ბუნების გამო ყველაფერი თან გაიყოლა სადღაც 149- პლანეტისკენ. 
_მერე? 
_მერე, ცუდად მენიშნა ეს ყველაფერი და.. გახსოვს თავიდან როგორ გერიდებოდი? 
_ჰო, მე კი, ვიფიქრე ცოტა შეშლილია მეთქი. 
_ცოტა შეიძლება ვიყავი კიდეც. 
_ახლა ღიმილი მინდა, ზოგჯერ ისე მაკლია ღიმილი და შენი ხელისგულები. 
_გუშინწინ ქარში ხომ მოგეფერე? 
_კი, იცი? ტოტზე კინაღამ თითები გამეშვა. ამის შემდეგ ეცადე ცოტა სათუთი იყო. 
_ჩვენ ხომ ასე იშვიათად გვიწევს სიახლოვე და ვეღარ მოვზომე, მონატრებული მყავდი. მაპატიე. 
_ისე, ცხოვრების შემდეგ ცხოვრება ასე წარმოგედგინა? 
_არა, მე მეგონა დიდ შავ გვირაბში მოვხვდებოდი, გასასვლელში წერტილივით სინათლე რომ მოჩანს. 
_.. 
_დავიძინოთ? 
_ოოჰ ეგ სულელური ჩვევა აქაც გამოგყვა, როგორ მოახერხე, რომ ვერცერთი ღამე ვერ გაათენე ჩემთან ერთად?? არადა როგორ მინდოდა, რამდენჯერ გთხოვე. 
_რა მექნა, მე ხომ ვცდილობდი, რა ჩემი ბრალი იყო თუ თვალები თავისით მეხუჭებოდა? 
_სუუ. 
_.. 
_ისევ უკრავს, რა კარგია ხომ? 
_.. 
_მოდი ეს ღამე მაინც გავათენოთ, ვუსმინოთ ხვეულთმიანი გოგოს ბლუზს, გავიხსენოთ ცხოვრების წინა ცხოვრება და დაველოდოთ ეგოისტი მთვარის დაბრუნებას.. 
_.. 
_.. 
_.. 
_ჩაგეძინა? 
_.. 
_ისევ ჩაგეძინა..? 
_..

ავტორი:ტატო გოგოლაძე