ადამიანი არ არის ცალსახა არსება, როგორც ანგელოზი. ჩვენში არსებული მიკროსამყარო გარშემო არსებული სამყაროს პროპორციულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები იმ ყველაფრის მატარებლები ვართ, რაც კი კოსმოსში არსებობს.
არჩევანის უფლება მას აძლევს სიკეთესა და ბოროტებას შორის გადადგილების საშუალებას.
ხშირად დავფიქრებულვარ რატომ სჩადიან ადამიანები ბოროტებას, ეს ხომ არავის მოწონს? დიახ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ცუდის კეთება არასასიამოვნოა (ცუდში სხვისთვის ზიანის მიყენებას ვგულისხმობ). საკმარისია ადამიანი მარტო დარჩეს ამ ბორეტებასთან, ის მაშინვე აცნობიერებს ამას.
მაგალითად, ყველას გვინახავს აგრესიის საპასუხოდ ჩადენილი სიკეთე როგორ ცვლის ადამიანს. იცით რატომ ხდება ასე?! როდესაც აგრესიას აგრესიით არ პასუხობენ ჩამდენი მარტო რჩება თავის ბოროტებასთან და მთელი სიცხადით გრძნობს მის უარყოფით შედეგებს. ყველას უწევს მარტო დარჩენა საკუთარ თავთან და მაშინ დგება მომენტი, როდესაც ნებისმიერი ჩადენილი ბოროტების სიმძაფრეს განიცდი. ამბობენ, ეს სიკვდილის წინ ხდებაო, არ ვიცი, შეიძლება…
თუ კი ყველამ იცის რომ ბოროტების ჩადენა მტკივნეულია თავად ჩამდენისთვის რატომ აკეთებენ ამას?
„ …ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის, თავის სიმცირეს ვერ მოერია…”
ნიკოს სიტყვები საუკეთესო პასუხია ამ კითხვაზე. მასში მიდრეკილება ბოროტისკენ იმდენად დიდია, რომ ვერ ერევა საკუთარ თავს. რა შეიძლება ამ დროს გავაკეთოთ. ყველა ადამიანში არის სიკეთისა და ბოროტების მარცვალი, რომელსაც მორწყავ ის გაიზრდება და ის გამოისხამს ნაყოფს. მოდით თითოეულ ჩვენს ახლობელში სიკეთის თესლი გავაღვივოთ. როგორ? ამაზე პასუხს ზემბას ტომის ხალხს აქვს, მათი საოცარი ჩვეულება სიკეთის გავცელების კარგი მაგალითია.
ზემბას ტომი ერთი განსაკუთრებული ჩვეულებით არის ცნობილი – ეს კრიმინალთა წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებული მიდგომაა.
როდესაც ადამიანი რამეს დააშავებს, ცუდ საქციელს ჩაიდენს, იგი მიჰყავთ სოფლის შუაგულში, გარს შემოევლებიან და 2 დღის განმავლობაში იხსენებენ მასზე ყველაფერს, რაც როდესმე კარგი ჩაუდენია, უყვებიან თავისი სიკეთეების შესახებ.
ამ ტომს სჯერა, რომ ყველა ადამიანი იბადება ”კარგი” – სიყვარულის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ბედნიერების მსურველი.
მაგრამ ზოგჯერ, ამ ყველაფრის ძიების პროცესში, ადამიანი შეცდომას უშვებს, რასაც ტომი სასოწარკვეთის გამოძახილად აღიქვამს და დახმარების ხელს უწვდიან.
ისინი ამ რიტუალით ცდილობენ დაუბრუნონ ადამიანს ნამდვილ სახე და გაახსენონ, რომ იგი ”კარგია”.
ეს უცნაური ტომი ზამბიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს. მათი ცხოვრების სტილი არაფრით განსხვავდება სხვა აფრიკელებისაგან. დასახლებები, რომლებსაც ისინი ქმნიან 30-50 ქოხზე მეტს არ მოიცავს. ეს ქოხები კი წნულით და ბათქაშით არის აგებული, ხოლო ჭერი ბალახით არის გადახურული. მოსახლეობის რაოდენობა 60-დან 160-მდე მერყეობს. რაც შეეხება მათ რელიგიურ შეხედულებებს, მათ სწამთ ღმერთის, სახელად ლეზა. სჯერათ, რომ ის ცაშია და ჯადოსნურ ძალას ფლობს.
აი, ასეთი კეთილები და მხიარულები არიან ბემბელები.
„ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს, ან გეცოდებოდეს მაინც, ამიტომ იოლად ნურავის ნუ გაიმეტებ“.
დაინახე სიკეთე ადამიანში, დაანახე მასაც შესაძლებლობა იყოს კეთილი და მასში ბოროტება ვერასოდეს გაიმარჯვებს.