Skip to content

“ამქვეყნად ყველა დაავადება სიყვარულის ნაკლებობისგან ჩნდება”

როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ სიყვარული?

ასეთი უნივერსალური საზეპირო  მინდა დავწერო, მაგრამ, ჯერ ერთი – ბლოგში ვერ ვეტევი და, მეორე – აბა, მე რა ვიცი?

ადამიანური სიყვარული რთული საკითხია. შეიძლება თან გადაჰყვე და სძულდე ან უყვარდე ისე, უბრალოდ, არანაირი დამსახურებისთვის.

და მაინც, გარკვეულწილად სასარგებლო რომ აღმოჩნდეს ჩვენი დღევანდელი შეკრება, ძირითადი ფსიქოტიპების მიხედვით საერთო სურათის დახატვას შევეცდები, მერე თქვენ ამოარჩიეთ, გააზავეთ, დააბალანსეთ და იქნებ რაღაცაზე პასუხიც იპოვოთ.

სიყვარული საკუთარი თავის მიმართ ყველაზე კარგად შენიღბული ინტერესია (ჰ.ჯონსონი).

რომ არ არსებობდე შენ, ვერ მივხვდებოდი, რა აზრის ვარ საკუთარ თავზე. მე შენს აღქმაში ვხორციელდები ბედნიერ, ულამაზეს, ყველაზე სასურველ ადამიანად ან – პირიქით.

შენ შეგიძლია მაცოცხლო ან მომკლა. რომ არ იყო, არც მე ვიქნებოდი. არ ვიქნებოდი ასეთი, როგორიც ახლა მგონია რომ ვარ. შენ ის სარკე ხარ, რომელიც მეუბნება, რომ მე ვარ ყველაზე ლამაზი და კარგი. შენ რაც გიყვარს ჩემში, მეც ის მიყვარდება საკუთარ თავში. ამიტომაც მიყ-ვარ-ხარ.

“ჩვენ გვიყვარს ჩემი თავი” – ისტერიული ფსიქოტიპის სიყვარულის პირობაა.

“ვარ-ხარ” ტიხრები ძალიან ფაქიზია, მთავარია, ისე არ გაიტაცოს ერთ-ერთი პარტნიორი “აღტაცებულ სარკეში” ყურებამ, რომ სულ მთლად შეუმჩნეველი არ დარჩეს “სარკის” მდგომარეობა – იქნებ მტვერია გადასაწმენდი, ან იქნებ გაიბზარა, ვინ იცის ელემენტი დაუჯდა და “შენ ხარ ყველაზე ლამაზი და კარგის” ამოთქმა უკანასკნელი ძალის ფასად უჯდება.

ამ ტიპის პარტნიორი ცუდი ტიპი არ გეგონოთ. პირიქით, სულს და გულს მოგცემს, დღესასწაულებსაც შექმნის და ბედნიერ წუთებსაც ნიჭიერად გააფორმებს, ოღონდ იმ პირობით, თუ არასდროს დაიღლებით და “გიყვარვარ? ისევ ისე? ძალიან და უფრო? ლამაზი ვარ? ჭკვიანიც?” დღეში მილიონჯერ დასმულ შეკითხვაზე პასუხი, ოდის და ქებათაქების აუცილებლობა ჭკუიდან არ შეგშლით. თანაც ბუნებით ისეთი მადლიერია, რომ არ არის გამორიცხული, სხვა მაქებარი თუ გამოუჩნდა, სამაგიეროს სიყვარულით გადახდის ვალდებულება მის წინაშეც იგრძნოს.

ვარ. ხარ. არც გავზავდები და არც გშთანთქავ. ვიქნები შენ გვერდით, შენთან ერთად, ობსესიური ფსიქოტიპის კოხტად დაწიკწიკებული და ადგილმიჩენილი როლური წესრიგია.

კარგი ტიპია. რა პასუხისმგებლობაც იკისრა, შეასრულებს, ოღონდ ქაოსური არაფერი შესთავაზოთ. დადგენილი წესრიგის ცვლილება შფოთვას უჩენს. სპონტანურობაში თუ აგყვათ, დიდ მსხვერპლს იღებს, რადგან სტაბილური გარემო, სიტუაციის ნაკლები ცვალებადობა  მისთვის მთავარი ფსიქიკური საყრდენია.

ხშირად ერთგულების შენარჩუნება უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ბრალის და პასუხისმგებლობის განცდა ყველა სხვა ფსიქოტიპზე მძაფრი აქვს. ღალატი არა მოღალატეობის, არამედ სურვილებსა და წესებს შორის კონფლიქტის გამო “ემართება”. “სუფთას” და “ბინძურის” შერევა წესრიგის დარღვევაა, ხომ გესმით, არა? ხორცს რომელ ფიცარზეც ჭრი, პურის დაჭრა არ ივარგებს.

ამ ფსიქოტიპის ჩამოყალიბებაში ბევრ სხვადასხვა ფაქტორთა შორის ტრადიციის საკითხიც დიდ როლს ასრულებს. ტრადიცია ვერაფერს დააზიანებდა, სრულყოფილი რომ იყოს, მაგრამ რადგან ქორწინებამდე სიწმინდის დაცვა ჩვენს სოციუმში მხოლოდ ქალს ეკისრება, გრძნობით სფეროში გახლეჩა თითქმის გარდაუვალია.

ქალების აურაცხელ პრობლემებზე რომ არაფერი ვთქვათ, ბიჭის პირველი კოცნა, პირველი ინტიმური ურთიერთობა ფსიქიკურად იშვიათადაა ფიქსირებული სიყვარულთან. ამიტომაც მის აღქმაში და მოგვიანებით პერვერსიაში სექსი ცოტათი სიბინძურედ, ცოტათი დამამცირებელ, ცოტათი ძალადობრივ ურთიერთობად ილექება და ცალკე ვითარდება სინაზის, რომანტიკის, ნამდვილი სიყვარულის მოთხოვნილება. საბოლოოდ ხშირ შემთხვევაში, სრულყოფილად ვეღარასდროს აერთებს ამ ორ შემადგენელ ნაწილს და ქორწინების შემდეგაც სექსუალურ ობიექტად გარეშე ქალი სჭირდება. ოჯახი  მისთვის განყენებულად “დაცული” ფასეულობაა, სადაც ურთიერთობებს განკარგავს გაწერილი წესები, წითელი ხაზები და განაწილებული პასუხისმგებლობები.

ამქვეყნად ყველა დაავადება სიყვარულის ნაკლებობისგან ჩნდება და ყველა დაავადებას მხოლოდ სიყვარული კურნავს. “სიყვარული ყველას უნდა” და მიუხედავად ამისა, არსებობს შიზოიდური ფსიქოტიპი, რომელიც ამ გრძნობას გაურბის. მას ეშინია სხვაში დაკარგვის.

შენ გადამყლაპავ და მე აღარ ვიქნები, ან მიმატოვებ და გულს მატკენ. ამიტომ უარს ვიტყვი სიყვარულზე ან ბევრი მეყვარება ერთად, სამმა რომ მიმატოვოს, მეოთხესთან რომ მქონდეს მისასვლელი.

ზოგჯერ იმდენად ძლიერია სიყვარულის, და ამგვარად, პასუხისმგებლობის აღების, დამოუკიდებლობის დათმობის შიში, რომ შესაძლოა ადამიანმა მხოლოდ ხანმოკლე, გრძნობის მხრივ ნაკლებინტენსიური ურთიერთობების დამყარება შეძლოს. ამ ტიპის ადამიანებს არ სჯერათ, რომ ვინმეს მართლა შეუძლია უყვარდეს და ამიტომ ძალიან ეჭვიანები არიან. რაც უფრო ახლოს მიხვალთ, უფრო სწრაფად გაიქცევა. თუკი ოდნავ ხანგრძლივ ურთიერთობას ახერხებს, მხოლოდ უსაფრთხო პარტნიორთან, მაგალითად, ასაკით ძალიან უფროს ან ძალიან უმცროს შეყვარებულთან. თუმცა ვერცერთი მისი პარტნიორი ვერ მიიღებს მისგან საკმარის სითბოს.

სიყვარული იწყება მშობლის სიყვარულიდან. პატარა გოგოს (ბიჭის) პირველი “შეყვარებული” მშობელია. სიყვარულის მოდელი ბავშვობაში ყალიბდება, შემდეგ მხოლოდ ზრდასრულ სახეს იძენს. ადამიანებს, რომლებსაც წარუმატებელი “სასიყვარულო” ურთიერთობა ჰქონდათ საპირისპირო სქესის მშობელთან, ხშირად სიძნელეები აქვთ პირად ცხოვრებაში.

მინდა გავმთლიანდე შენში, შეგერწყა სრულად, ვისუნთქო იმით, რითაც შენ სუნთქავ. მე და შენ მოგვწონს ის, რაც მოგწონს შენ. დეპრესიული ფსიქოტიპი მზადაა აბსოლუტური მსხვერპლშეწირვისთვის.

სამწუხაროდ, ეს უძვირფასესი მსხვერპლი, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დროებით იწვევს მადლიერების განცდას. დროთა განმავლობაში მესა და შენს შორის საზღვრის სრული წაშლა, სიყვარულის ორივე მონაწილეს სიძულვილის მარცვალს უთესავს. სიყვარულის დაკარგვის შიშის გამო საყვარელი ადამიანის სურვილებს შეწირული პარტნიორი თანდათან განიცდის ბრაზს, “შენ შემოგწირე ყველაფერი” და თანდათან სიჩქარეს კრეფს სულის ხუთვის და ძალადობის ელემენტები, “უნდა იყო მადლიერი”! მსხვერპლის მიმღებს კი უჭირს ზიდოს თავს მოხვეული ამდენი ამაგის გამო დაკისრებული შინაგანი ვალდებულება. ხშირად დრამა უკიდურესად იძაბება, “თუ დამტოვებ, თავს მოვიკლავ”, ამგვარად, მსხვერპლი უკვე ორივე პარტნიორია, ერთი – უმადურობის, მეორე – შანტაჟის. როგორია, პასუხისმგებელი იყო ადამიანის სიცოცხლეზე? ურთიერთობა თანდათან უფრო და უფრო მძიმდება და იკარგება მთავარი,  ერთმანეთისგან მოგვრილი სიხარულის გრძნობა.

სარა ტირილით ეკითხება მოშეს: “როცა გიჭირდა, შენს გვერდით ვიყავი, როცა არაფერი გებადა, მხარში გედექი, როცა ავად იყავი, ღამეებს გითენებდი, როცა არაფერს წარმოადგენდი, მიყვარდი… რატომ მტოვებ?”

“იმიტომ რომ ყველა გაჭირვებას შენ მახსენებ, სარა”.

სიყვარულის დაკარგვა უტოლდება ახლობლის სიკვდილით გამოწვეულ გლოვის მდგომარეობას. უარესიცაა. გლოვისას ფაქტი დადასტურებით მომხდარია, მხოლოდ ამ ფაქტთან ადაპტაციის ტკივილიანი გზაა გასავლელი. სიყვარულის დაკარგვისას კი “გლოვის” ობიექტი ცოცხალია, მასთან შეხვედრის ალბათობაც არსებობს, იქნებ დაბრუნების შანსიც არ გამქრალა, იქნებ ყველაფერი არ დასრულებულა…

ზემოთ აღწერილი ტიპაჟები მკაფიოდაა გამოკვეთილი  ილუსტრაციისთვის. ცხოვრებაში უმეტესად რამდენიმე  ხასიათობრივი ხაზით შეზავებული პიროვნებები გვხვდებიან.

თუ რამე გეცნოთ, იქნებ ეს ბლოგი რამეში კიდეც გამოგადგეთ.

მიყვარხართ.

ნათია ფანჯიკიძე; წყარო: ლიბერალი