“ისევ აყვავდა გული ვარდივით
და ისევ მინდა შენზე დავწერო…”
გიორგი ლეონიძე
ახლა შენ ენერგიული, დატვირთული დღის ბოლოს უზრუნველად ჩაგიხუტებია ბალიში. ღიმილით მოფენილ შენს სახეზე საკუთარ სახელს ვკითხულობ და მეც მეღიმება უნებლიედ…
ამბობენ, მონათესავე სულები შეხვედრამდე გაცილებით უფრო ადრეც იცნობდნენო ერთმანეთს, ამიტომ როდესაც ორი ასეთი სული ხვდება, ისინი მაშინვე გრძნობენ ერთმანეთს და ყოველგვარი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ერთიანდებიან ერთ არს(ებ)ად…
…
ყველაფერი ჩვენს დაბადებამდე დაიწყო, როდესაც გალაქტიკის უკიდეგანო სივრცეებში, ლომის თანავარსკვლავედში დაიბადა პატარა ვარსკვლავი რომულუსი, ხოლო სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, მისგან ძალიან ძალიან შორს, ანდრომედას თანავარსკვლავედში იშვა მშვენიერი ვარსკვლავი მირა. გადმოცემის თანახმად, როდესაც ვარსკვლავი იბადება, ის ფერმკრთალია, ღია ფერის, ხოლო თუ ის საკუთარ გზას მონახავს და ღირსეულად იღვაწებს, მას ფერი ეცვლება, თანდათან იმატებს მისი ტემპერატურა, მანამ ცეცხლოვან კაშკაშს არ დაიწყებს. თავდაპირველად ვარსკვლავები სპეციალურ მანეჟში იზრდებიან, სანამ დამოუკიდებლად შეძლებენ საკუთარ, წინასწარგანსაზღვრულ ორბიტაზე მოძრაობას. ვარსკვლავების ცხოვრების წესი და გეზი მკაცრად არის განსაზღვრული, მათ არ უყვართ დისციპლინის დარღვევა და გააჩნიათ თავიანთი კანონები, რომელთა დარღვევაც ქაოსამდე მიიყვანს გალაქტიკას!
რომულუსს არ მოსწონდა შემზღუდველი წესები და კანონები, ხანდაზმული ვარსკვლავების ყოვლისმცოდნე ტონი, განსაკუთრებით ვერ ეგუებოდა, რომ მისი ორბიტა თანავარსკვლავედის საბჭოს უნდა გადაეწყვიტა! ერთხელაც, მისი შვიდივე ქიმიდან ლომის თანავარსკვლავედის მტვერი საგულდაგულოდ ჩამოიფერთხა და ყველასგან შეუმჩნევლად თვალს მიეფარა… მალე უკან მოიპოვა მშობლიური უკიდეგანო სივრცე, დიდი ხნის გაციებულ მთვლემარე ვარსკვლავ ადაფერასაც გამოსცდა და სრულიად თავისუფალ სივრცეში ამოყო თავი. მალე დაიბნა, აქ არც ნიშანი იყო რაიმე, მან კი არც გზა იცოდა და უკან დაბრუნებაც არ უნდოდა (ძალიან ჯიუტი და მიზანსწრაფული იყო, ბაბუას გენები გამოყვა :))) )… ადგილზე დადგა… ცოტა ხანში ვარსკვლავურმა გუმანმა უკარნახა, რომ რაღაც უახლოვდებოდა…
შორიდან წვრილხმიანი ჟივილ-ხივილი მოისმა და სულ მალე მეტეორების ბორანი გამოჩნდა. გახარებული რომულუსი მაშინვე ავარდა ბაქანზე და მოთავსდა ზრდასრული კომეტების სიახლოვეს (არ უნდოდა გაემხილა მისი ვარსკვლავური წარმოშობა, რომ ვინმეს ისევ უკან, ლომის თანავარსკვლავედში არ დაებრუნებინა), მაგრამ იქ ყოფნა მალე მობეზრდა, რადგან, როგორც იცი, კომეტები ათასნაირ მომწამვლელ აირებს აფრქვევენ და უაზროდ ხარხარებენ (რაც ეჭვს მიჩენს, რომ ის აირებ სამხიარულოცაა :))) )… ადგა და თავისუფალი კაიუტის ძიება დაიწყო. გამცილებელმა მიუთითა ერთერთ კაიუტაზე და ისიც მაშინვე გაემართა მიზნისკენ. კარი ოდნავ რომ შეაღო, გულმა ბაგაბუგი დაუწყო და მაშინვე გამოიხურა, რადგან უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა და დაიბნა. კაიუტაში მირა იჯდა მშვიდად, თუმცა ლოყებზე ცრემლის ღარები ჯერ კიდევ ეტყობოდა. რომულუსმა ღრმად ჩაისუნთქა, ვარსკვლავური ნერწყვი გადაყლაპა და შევიდა შიგნით, თუმცა ამ უცნაურ ჟრუანტელს ვერაფერი მოუხერხა. მირას გვერდით მოთავსდა და დაბნეულმა ფიქრების დალაგება სცადა, ვერაფრით გაეგო ასე მოულოდნელად და ასეთ უცნაურ სიმხურვალეს რატომ გრძნობდა…
მე ვიცი, რატომ ხარ აქ… – დუმილი დაარღვია მირამ – მეც გამოვიპარე.
რას გამოექეცი?!
სტერეოტიპებს, სტანდარტებს, ჩარჩოებს… გულს გამოვყევი!
ეს ბოლო სიტყვები განსაკუთრებით ყელში გაეჩხირა ყმაწვილს, უფრო მოემატა მხურვალება!
შენ რას ეძებ? – მირამ ცნობისმოყვარე თვალები დაახამხამა, ჯერ კიდევ ეტყობოდა მშობლიური ანდრომედას დატოვების დარდი, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა, მაგრამ გამბედავი გოგონა ჩანდა, ამხელა წინააღმდეგობის მიუხედავად, ის ხომ გულს გამოყვა…
მეც გულს გამოვყევი… ჩემს გზას ვეძებ!
მე ვიცი, შემთხვევით არ ზიხარ ახლა აქ, ეს ასე უნდა მომხდარიყო… ჩვენ შემთხვევით არ შევხვდით ერთმანეთს… ჩვენ ერთმანეთის საძებნელად წამოვედით სახლიდან… – მშვიდად უთხრა მირამ, თუმცა ღაწვები მაინც შეუწითლდა, ხოლო ასეთ პირდაპირობაზე, კინაღამ ვიფიქრე, რომ ანდრომედადან კიარა, ვერძის თანავარსკვლავედიდან იყო :)))))) …
რომულუსს პირი გაუშრა და კაიუტიდან გამოვარდა, საშინლად სცხელოდა და ვარსკვლავურ გულისცემას ვერ იმორჩილებდა… ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს… მან პირველად ნახა და მოისმინა ის, რაც ყოველთვის ჰქონდა აქამდე გულში და ასე ნაცნობი იყო… შიშისგან თავზარდაცემული ბორნის მეორე ბოლოსკენ გაიქცა და სადღაც, საკუჭნაოში შეიკეტა…
ბორანი მეტეორას ნისლეულთან შეჩერდა… რომულუსი საკუჭნაოდან გამოვიდა, კართან მირა დახვდა…
მთელი ამ დროის მანძილზე კართან იყავი???
კი და მესმოდა შენი აღელვებული სუნთქვა… ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად არის, წამოდი, წავიდეთ ამ ბორნიდან…
ნიავმა წამოუბერა და ორივე ნისლეულის ოქროსფერი მტვრით შემოსა…
მე ვიცი, ვინც ხარ შენ – დაიწყო რომულუსმა – შენ ხარ მე, სწორედ ამიტომ გიგრძენი ეს ერთი დანახვით. არის რაღაც ძალიან ახლობელი, ნაცნობი, ისეთი, რასაც არ შევხვედრილვარ, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი იყო… ამიტომ მე ჩაგჭიდებ ხელს და მინდა მუდამ გერქვას ჩემი!..
მე მივხვდი, რომ შენ მე იყავი, რადგან შემოსვლისთანავე შენმა კანმა მოცეცხლისფრო ციალი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ მიხვედი იმასთან, რასაც ეძებდი და რაც შენი გზის განუყოფელი ნაწილია… მეც ასე მომივიდა, როდესაც პირველად დაგინახე… თავიდან ძალიან შემეშინდა, მაგრამ იმდენად დიდხანს გეძებდი, რომ მაშინვე გიცანი, რადგან შენ ხარ მე, მე კი შენ…
მეც ძალიან შემეშინდა, ეს გრძნობა იმდენად ღრმად არის, თითქოს ყოველთვის იქ იყო და ელოდებოდა როდის გავუხსნიდი კარს… ვგრძნობ, რომ ახალ სამყაროს უნდა ვეზიარო შენთან ერთად… ამიტომ მე ჩაგიკრავ გულში და ყოველთვის ჩემთან ერთად იქნები… ჩვენ გვექნება ჩვენი საკუთარი ორბიტა და ჩვენი საკუთარი გალაქტიკა… ეს იქნება ჩვენი სამყარო, რომელსაც შევქმნით ჩვენ… როგორც კი დაგინახე, რაღაც ცეცხლმა მაშინვე დაიწყო გიზგიზი, საკუთარ გულს მინდობილებმა ჩვენ ერთმანეთი ვიპოვნეთ და ახლა ორი პატარა ფერმკრთალი ვარსკვლავის ნაცვლად კაშკაშა მზეებად ავენთეთ, თითქოს აქამდე გვეძინა და ახლა, ახალგაღვძებულებმა ნამდვილი სიცოცხლე შევიგრძენით… მოდი, მაგრად ჩაგიკრა გულში…
ორი ანთებული მზე ჩაეკრა გულში ერთმანეთს და მოულოდნელად, თვალისმომჭრელმა სინათლემ შეძრა მთელი გალაქტიკა… ლეგენდაში ამაზეც არის ნათქვამი, როდესაც ორი ვარსკვლავის გული პოულობს ერთმანეთს, ისინი ერთ დიდ კაშკაშა ვარსკვლავად გადაიქცევიან და ნათება მილიონობით სინათლის წელიწადზე ასხივებს… ამ ორი მოსიყვარულე ვარსკვლავის ჩახუტებამ ახალი ვარსკვლავი შვა ცის კაბადონზე – ფენიქსი, რომლის დანახვაც ცაზე მხოლოდ ორ მოსიყვარულე გულს შეუძლია…
როგორ ფიქრობ, არსებობს სამყარო, სადაც ორი გული ერთმანეთს ჩვენსავით პოულობს? – ჰკითხა რომულუსს გულში ჩაკრულმა მირამ.
კი, მეგულება ასეთი პატარა ცისფერი პლანეტა, სადაც, ოდესღაც, ღმერთმა ერთი არსება ორად გაჰყო, ქალად და მამაკაცად. ისინი ინსტინქტურად ეძებენ ერთმანეთს, თუმცა მხოლოდ რჩეულები ახერხებენ თავიანთი სულის ნახევრის პოვნას, დანარჩენები, უბრალოდ, არ უსმენენ გულს, არ სჯერათ საკმარისად და მთელ დროს უიმედობასა და უსარგებლო საქმეში ატარებენ…
რა იცი, რომ მათი საქმე უსარგებლოა??
არ შეიძლება შენი საქმე ან შენი ცხოვრება იყოს სასარგებლო ან ნამდვილად შენი, რასაც არ უნდა აკეთებდე, თუ გულს არ მიყვები და არ ხარ ის, ვინც უნდა იყო სწორედ შენ! მე რომ ჩემი გულისთვის არ მომესმინა, ხოლო შენ შენს გულს არ გამოჰყოლოდი, ვერასოდეს აღმოვჩნდებოდით უცნაური მაგნეტიზმით, ერთ ბორანზე, ამ უკიდეგანო სამყაროში, ერთ კაიუტაში… თუ გულს არ მიყვები, აბა, რას უნდა გაყვე?! თუ გულს არ მიყვები, ე.ი. გზას აცდი და შემოქმედის მიერ მოცემულ მისიას უგულვებელყოფ, თანახმა ხარ, რომ შენი თანავარსკვლავედის ზრდასრულმა გარემოცვამ გადაწყვიტოს, თუ როგორ იცხოვრო შენ… მე ვერასოდეს გიპოვნიდი, რომ არ მდომოდა ეს ძალიან… ამ ცისფერ პლანეტაზე უთავბოლოდ, აწყვეტილი სიჩქარით დაქრიან ადამიანები და ყველაფერს უსმენენ: სხვების მოსაზრებას, კრიტიკას, სტერეოტიპებს, აზრებს, საკუთარი გულის გარდა…
ჰო, მაგრამ გამოდის, რომ ისინი არიან ერთმანეთისთვის დაბადებულები, მაგრამ ვერ პოულობენ?! – მირას თვალები აუცრემლიანდა… – მე ვფიქრობ, რომ მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება, რით დავეხმაროთ??
წავიდეთ და მათ შორის ვიცხოვროთ, რომ ადამიანებმა დაინახონ, როგორია ნამდვილი სიყვარული, მიეცეთ იმედი, გაუთბეთ გული, აეხილოთ თვალები და ისწავლონ, როგორ იბრძოლონ ბოლომდე იმისთვის, ვინც ღმერთმა მისთვის შექმნა!
იქ, როგორ უნდა მოვხვდეთ? ან რა იქნება შემდეგ?
ჩვენ ახლა დროის გვირაბში გავძვრებით და ჩვეულებრივ ადამიანებად მოვევლინებით დედამიწას, მაგრამ ისევ ცალცალკე, თუმცა, ნუ გეშინია, ჩვენ აუცილებლად ვიპოვნით ერთმანეთს, რადგან გულმა ყოველთვის იცის ყველა სწორი პასუხი და გზასაც სწორად გვიჩვენებს, ჩვენ ერთხელ გულისხმამ გვაპოვნინა ერთმანეთი და ახლაც ის დაგვეხმარება! ჩვენ გვაქვს საერთო მისია, დავეხმაროთ ადამიანებს, გავამრავლოთ სიყვარული მათ გულებში, მათ უნდა დაინახონ, რომ სამყაროს სიყვარული ატრიალებს და ჩვენ ამაში უნდა დავეხმაროთ მათ…
ერთ ფენიქსად ქცეული ორი ვარსკვლავი ირმის ნახტომის ნისლეულს გაუყვა და პატარა დროის გვირაბში ჩაცურდა… ასე მოევლინა ორი მოსიყვარულე გული ამ დალოცვილ დედამიწას…
…
დაგვათენდა…
შენ ჯერ კიდევ გეძინა, ისევ ბავშვივით მომღიმარეს… გადმოვიხარე და მაგრად მოგეხუტე, რომ კიდევ ერთხელ მეგრძნო, რას ნიშნავს, როდესაც ორი გული ჩახუტებით ხდება ერთი დიდი კაშკაშა ვარსკვლავი…
სიყვარულითა და ვარსკვლავური სიკაშკაშით,
შენი თაკო მეფარიშვილი