Skip to content

ყველანი გავიზარდეთ ზღაპრებზე, რომლებიც გვიყვებიან დამალული განძზე. განძის მამაც მაძიებლებს უწევდათ აბობოქრებული ზღვების გადალახვა, საშინელი მონსტრების დამარცხება და უამრავი საფრთხისთვის თავის არიდება, რათა მიეღწიათ მიზნამდე. მაგრამ, ბოლოს, უხდებოდათ შეხვედრა მათ ყველაზე ველურ კოშმართან – განძის მცველთან.

თუმცა, მე ახლა არ ვაპირებ კიდევ ერთი ასეთი ისტორიის მოყოლას.

ხუთშაბათს, სახლიდან საღამოს 4 საათზე გამოვედი. დავპირდი ჩემს ბიძაშვილს, რომ გამოვიყვანდი სკოლიდან და მივიყვანდი მისთვის საყვარელი ნაყინის კაფეში. თუმცა, ჩამერიცხა სტაჟირების პირველი ხელფასი და დედამ მომწერა, რომ 100 რუპია ახლომდებარე ტაძრისთვის შემეწირა. გავიქეცი ATM-ში, რათა გამომეტანა ფული და კარი, გაღების დროს, შემთხვევით დაეჯახა დაცვის თანამშრომელს. მოვუხადე ბოდიში, გამოვიტანე ფული და გამოვედი. როდესაც ვაპირებდი დაჯდომას ველოსიპედზე, უცებ დავინახე მისი ცარიელი გამოხედვა. არ ვიცი, რამ მაიძულა, მაგრამ მივბრუნდი და ვუთხარი: „ბოდიში, სერ, ძალიან გეტკინათ?“
მცველის რეაქციამ გამაოგნა. იგი ჩამეხუტა და შეუჩერებლად დაიწყო ტირილი. იმის მერე, რაც რაღაცნაირად დავამშვიდე, შევხედე მას – მთელ სახეზე ნაოჭები ჰქონდა, რაც უფრო ბებერს წარმოაჩენდა. საშინლად გამხდარი იყო და ჭუჭყიანი ფორმა ეცვა.

ვკითხე, თუ რატომ დაიწყო ტირილი. მიპასუხა: „უმრავი ადამიანი შემთხვევით მაჯახებს კარს და გადის, ბევრი მეუბნება ბოდიშს და გადის, ეს კი პირველი შემთხვევა იყო, როცა ვიღაც, ველოსიპედთან მისული, უკან დაბრუნდა ბოდიშის მოსახდელად. უბრალოდ, მივეჩვიე გულგრილ დამოკიდებულებას და იგნორს აქ შემომსვლელი ადამიანების მხრიდან.

„რატომ მუშაობთ აქ, თქვენ ხომ ასეთი მოხუცი ხართ?“ – მივმართე მე. შემომხედა და მიპასუხა – „რათა გადავრჩე, შვილო. მყავს ავადმყოფი ქალიშვილი, რომელსაც ვუვლი. მე უნდა ვყოფილიყავი მძღოლი, თუმცა თვალები აღარ მივარგა. და სხვა რა სამუშაოს მირჩევ, შვილო, ასეთ ასაკში?“

ისევ ჩავეკითხე – “ და ვინ უვლის თქვენს ქალიშვილს, როცა სახლში არ ხართ?“ მცველი რთულად იჯერებდა, რომ ასე მაინტერესებს მისი პრობლემები და მოკლედ მიპასუხა – „ჩემმა ძველმა დამსაქმებელმა აჩუქა ინვალიდის ეტლი და მან ისწავლა დამოუკიდებლად გადაადგილება. თუმცა, მე ვმუშაობ 18 საათს დღეში, და მას უვლის ღმერთი.“

ავტომატურად ამოვიღე სტაჟირების პირველი 100 რუპია (რომელიც, წესით, ახლომდებარე ტაძრისთვის უნდა შემეწირა) და ჩავუდა ჯიბეში. მას არ უნდოდა აღება და ცდილობდა, დაებრუნებინა ჩემთვის ფული. კატეგორიულად ვუთხარი, რომ ადგილიდან არ დავიძრებოდი, სანამ არ აიღებდა ფულს. ვუთხარი, რომ ეს გულით გაკეთებული საჩუქარი იყო და ძალიან მეწყინებოდა მისი უარი.

ბოლოსდაბოლოს, დამნებდა და აიღო ფული, რომლის რაოდენობა მეტი იყო, ვიდრე მისი დღიური შემოსავალი. „მე ვიცავდი ამ საგანძურს დღედაღამ, თვეების განმავლობაში, მაგრამ აქამდე არასდროს მიმიღია არაფერი. ღმერთმა დაგლოცოს! ვუყიდი ჩემს გოგოს შოკოლადს და ვეტყვი, რომ დღეს ნამდვილ ჯენტლმენს შევხვდი.“

ამ დროს, გამახსენდა მამაჩემი, რომელიც პენსიაზე გასვლის შემდეგაც მუშაობს, თავისი ერთადერთი ვაჟის გამო.

მაშინვე დავეცი მცველის ფეხებთან. ის ცდილობდა შევეჩერებინე, მაგრამ ამაოდ. მოვატყუე დედას და ვუთხარი, რომ გავაკეთე შეწირვა, ხოლო ბიძაშვილს ვუთხარი, რომ საცობებმა შემაფერხეს. მაშინ კი, როცა დავემშვიდობე მცველს, მივაბრუნე სახე, რათა არ დაენახა ჩემი ცრემლები.

გამოყენებული წყარო:
The Treasure Guards