ესე იგი თქვენ ფიქრობთ, რომ ფული ყველა ბოროტების საფუძველია? – იკითხა ფრანცისკო დე ანკონიამ. ოდესმე გიფიქრიათ, თუ რა არის ფულის საფუძველი? ფული გაცვლის საშუალებაა, რომელიც არ იარსებებებდა რომ არა წარმოებული საქონელი და ადამიანები, რომლებსაც შეეძლებოდათ ეწარმოებიათ ისინი. ფული მატერიალური გამოხატულებაა იმისა, რომ ადამიანები ერთმანეთს შორის ურთიერთქმედებენ, ვაჭრობენ და ცვლიან ღირებულებას ღირებულებაზე. ფული არ არის ძარცვის საშუალება და არც სიზარმაცის წყარო. ფული იქმნება ადამიანის მიერ, რომელიც აწარმოებს და ქმნის პროდუქციას. და თქვენ ამას მიიჩნევთ ბოროტებად?
როდესაც საკუთარი სურვილით აღიარებ ფულს, როგორც გაცვლის საშუალებას, შენ ამავდროულად გწამს, რომ შეძლებ გაცვალო იგი იმ პროდუქტზე, რომელიც სხვის მიერ არის შექმნილი. ზარმაცები და მძარცველები არ აძლევენ ფულს ღირებულებას. არცერთ ცრემლთა ოკეანეს და არც მთელი მსოფლიოს იარაღებს არ შეუძლიათ გარდაქმნან შენს ჯიბეში არსებული ქაღალდის ნაგლეჯები პურად, რომელიც შენ ხვალ გადარჩენისათვის გჭირდება. ქაღალდის ეს ნაგლეჯები, რომელიც ოქრო უნდა ყოფილიყო, მხოლოდ იმ ადამიანის შრომისა და ენერგიის ხარჯზე გარდაიქმნება ფულად, რომელიც პროდუქციას აწარმოებს. შენი სავსე ჯიბე იმის გარანტიაა, რომ ამქვეყნად არავინ დაარღვევს იმ მორალურ პრინციპებს, რომლებიც ფულის საფუძველია. და შენ ამას უწოდებ ბოროტებას?გიფიქრია ოდესმე წარმოების არსზე? შეხედე ელექტრო–გენერატორს და მიეცი შენს თავს უფლება თქვას,რომ ეს ყველაფერი მხოლოდ კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ცხოველების შექმნილია. შეეცადე გაზარდო ხორბლის მარცვალი იმ ცოდნის გარეშე, რომელიც ადამიანმა აღმოაჩინა, როდესაც პირველად ზრდიდა მას. ეცადე მოიპოვო შენი სარჩო ისე, რომ არაფერი გააკეთო და მაშინ მიხვდები, რომ ადამიანის გონება არის იმ ყოველივე კარგის, ყოველივე სიმდიდრის საფუძველი, რაც კი ოდესმე წარმოებულა ამქვეყნად.
მაგრამ შენ ამბობ, რომ ფულს ძლიერი ქმნის სუსტის ხარჯზე? რომელ სიძლიერეს გულისხმობ? ეს არაა კუნთისა და იარაღის ძალა. სიმდიდრე ადამიანის აზროვნების პროდუქტია. და ის ფული, რომელიც მოტორის გამომგონებელმა ადამიანმა იშოვა იმის ხარჯზე ნაშოვნია ვისაც ამ გამოგონების შექმნაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის? იქმნება ფული სულელი ადამიანების ხარჯზე, ჭკვიანი ადამიანების მიერ? არაკომპეტენტური ადამიანების ხარჯზე? ამბიციურის მიერ ზარმაცის ხარჯზე? ფული იქმნება მანამ, ვიდრე იგი ზარმაცისა და მძარცველის ხელში მოხვდება – იქმნება პატიოსანი კაცის ძალისხმევით. და პატიოსანი კაცი ისაა, ვინც ფიქრობს, რომ არ შეუძლია მოიხმაროს იმაზე მეტი, ვიდრე გამოიმუშავა.
გაცვლა ფულის საშუალებით ადამიანთა კეთილი ნების გამოხატულებაა. ფულის ცოცხლობს აქსიომაში, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი თავად არის საკუთარი გონებისა და ძალისხმევის პატრონი. ფული არ იყენებს ძალას იმისათვის, რომ განსაზღვროს ჩვენი შრომის ღირებულება. ის თავისუფალი არჩევანია – გამოხატული იმაში, რომ ადამიანს აქვს ძალდაუტანებელი სურვილი იმისა, რომ თავისი შრომა მის სხვა საჭიროებებზე გაცვალოს. ფული გვაძლევს საშუალებას შევიძინოთ ის საქონელი და მომსახურება, რომელსაც ამ ფულის სანაცვლოთ ვიმსახურებთ. ფული მოითხოვს იმის გააზრებას, რომ ადამიანებმა საკუთარი სარგებელისათვის უნდა იშრომონ და არა საკუთარი ზიანისათვის, მოგებისათვ ის და არა დანაკარგისათვის. ფული მოითხოვს, რომ გაყიდო არა შენი სისუსტე და სიბრიყვე, არამედ შენი ნიჭი და ტალანტი. იგი მოითხოვს იყიდო არა ის სიყალბე, რომელსაც გთავაზობენ, არამედ საუკეთესო რამ, რისი ყიდვაც კი შენს ფულს შეუძლია. და ადამიანები ცხოვრობენ მიზეზობრივად და არა ძალდატანებით. ფული ადამიანის შრომის შეფასების და მისი დაჯილდოების საუკეთესო საშუალებაა და ეს არის მის არსებობის მთავარი დანიშნულება და მიზეზი. და თქვენ ამას უწოდებთ ბოროტებას?
თუმცა ფული მხოლოდ საშუალებაა. საშუალება იმისა, რომ წაგიყვანოთ იქ სადაც ისურვებთ, მაგრამ იგი მძღოლის მაგივრობას ხომ ვერ გაგიწევთ? ის მოგცემთ საშუალებას იმისა, რომ სურვილები დაიკმაყოფილოთ, მაგრამ თქვენს გარეშე სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
ფულს არ შეუძლია იყიდოს ბედნიერება ადამიანისათვის, რომელმაც არ იცის რა სურს. ფული ცოდნითა და მიზნების სიმრავლით ვერ გაანებივრებს ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ფულს არ შეუძლია იყიდოს ჭკუა სულელისათვის და პატივისცემა უცოდინარისათვის. ადამიანი, რომელიც ცდილობს შეისყიდოს მასზე მაღლა მდგომთა ტვინები იმისათვის, რომ შემდეგ თავის სასარგებლოდ ამუშაოს, მალე მასზე ქვემდგომთა მსხვერპლი ხდება. ჭკვიანი კაცი იმსახურებს ფულს , რასაც ვერ ვიტყვით გაიძვერებზე და თაღლითებზე, რომლებიც ბრალს სდებენ მას სხვადასხვა დაუსაბუთებელ მიზეზთა გამოყენებით. თუმცა არცერთი პატიოსანი კაცი არ არის იმ ფულზე პატარა, რომელსაც ფლობს. და თქვენ ამის გამო ეძახით ფულს ბოროტებას?
ადამიანები თავად ქმნიან საკუთარ ბედ–იღბალს.თუ კაცი იმსახურებს ფულს იგი სწორად იყენებს მას, თუ არადა პირიქით. თუმცა თქვენ გამოხვალთ და ტირილით შესძახებთ, რომ ფულმა გააფუჭა ადამიანი! თუ პირიქით, მან გააფუჭა ფული, როდესაც შეეძლო კეთილად მოეხმარა იგი!!! ნუ დაადანაშაულებ ვინმეს. ეს შენი სიმდიდრე არ ყოფილა და არა მგონია უკეთესად მოგეხმარა შენი, რომ ყოფილიყო… ფიქრობ,თუ რატომ მოხვდა ამდენი ფული მარტო ერთი ადამიანის ხელში და რომ ეს ფული შეიძლებოდა სხვა ადამიანთა შორისაც განაწილებულიყო ? რა მნიშვნელობა აქვს სამყაროში ერთი პარაზიტი იცხოვრებდა, თუ 50. საზოგადოებრივი სიკეთე ხომ მაინც დაიკარგებოდა. ფული ძალაა, რომელიც თავისი საფუძველის (წარმოების) გარეშე იღუპება, ფული არ ემსახურება გონებას, რომელსაც მისი გამოყენება არ შეუძლია. და თქვენ ამის გამო უწოდებთ ფულს ბოროტებას?
ფული თქვენი გადარჩენის საშუალებაა და თქვენ ფიქრობთ, რომ მან მოგიღოთ ბოლო? იშოვეთ ეს ფული თაღლითობით? ადამიანთა სიბრიყვის გამოყენებით? სულელთა მოტყუებით, რომ იმაზე მეტს მიიღებდნენ, ვიდრე იმსახურებდნენ? მისთვის მუშაობით ვინც გეზიზღებოდათ? თუ ეს ასეა, მაშინ ეს ფული გროშის სიამოვნებასაც კი არ მოგანიჭებთ. ამის შემდეგ რაც არ უნდა შეიძინოთ, ეს შეხსენება იქნება იმისა, რომ საკუთარ თავს საყვედური უთხრათ. ეს თქვენი მიღწევა არაა, ეს შეხსენებაა იმისა, რომ ეს ფული სამარცხვინო გზით იშოვეთ. და შემდეგ თქვენ კიდევ იყვირებთ, რომ ფული ბოროტებაა? და რატომ? იმიტომ, რომ თავი ღირსეულად ვერ გაგძნობინათ? ბოროტებაა იმიტომ ,რომ ვერ ისიამოვნეთ საკუთარი გარყვნილებით? არის თუ არა ეს მიზეზი იმისა, რომ ფული შეიძულეთ?!
ფული კეთილდღეობის წყაროა, თუმცა არაა გარანტი იმისა, რომ სიკეთეს მოგიტანთ და თქვენს ცოდვებს გამოისყიდის. ფული ვერ მოგცემთ იმას, რაც არ გამოიმუშავეთ, არც ხორციელ და არც სულიერ ცხოვრებაში. და თქვენ ამის გამო შეიძულეთ ფული?
შენ ამბობ, რომ ფულის სიყვარულია ყველა ბოროტების საფუძველი? გიყვარდეს საგანი ნიშნავს გიყვარდეს მისი ბუნება. გიყვარდეს ფული ნიშნავს იცოდე, რომ იგი საუკეთესო საშუალებაა გაცვალო საკუთარი შრომა სხვისაზე. მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ვერცხლზე ყიდის საკუთარ სულს გაჰყვირის ბოლო ხმაზე, რომ ფული სძულს. და აქვს კიდეც მიზეზი იმისა, რომ შეიძულოს იგი. ადამიანს კი, რომელსაც ფული უყვარს სურვილიც აქვს იმისა, რომ იშრომოს მისთვის. მან იცის, რომ იმსახურებს მას…
პატარა განსაზღვრებასაც მოვიყვანდი: ადამიანი, რომელიც წყევლის ფულს მან დაუმსახურებლად მოიპოვა იგი და ადამიანი, რომელიც პატივს სცემს ფულს, მან იგი გამოიმუშავა…
მოშორდი ყველას, ვინც გეუბნება, რომ ფული ბოროტებაა. ვიდრე ადამიანები ცხოვრობენ ამქვეყნად, მათ სჭირდებათ საშუალება, რომლითაც ურთიერთობა ექნებათ ერთმანეთთან და როგორც კი ისინი ფულს უარყოფენ, თოფის ლულა ჩაენაცვლება მას.
ადამიანები, რომელთაც არ აქვთ მხნეობა, თავმოყვარეობა, ღირსების შეგრძნება, მორალური პასუხიმგებლობა ფულზე , რომელსაც ფლობენ, არ აქვთ სურვილი დაიცვან იგი და შეინარჩუნონ – დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ ამ ფულს. ისინი მხვერპლნი გახდებიან მძარცველებისა, რომლებიც საუკუნეებს მოსდევენ – მიჰყვებიან ადამიანთა კვალს, რომელთაც სურთ,რომ განიკურნონ ფულის სენისაგან და მალევე ათავისუფლებენ მათ ამ ტვირთისაგან.
შემდეგ ჩვენ ვხედავთ ადამიანებს. რომლებიც ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობენ და ადამიანებს, რომლებიც ძალას იყენებენ – გვიწევს დავითვალოთ იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ნაძარცვი ფულის ხარჯზე ქმნიან ღირებულებას..
ყველა მორალურ საზოგადოებაში არსებობს კრიმინალი და კანონები,რომლებიც გვიცავენ მისგან. მაგრამ თუ საზოგადოებრივი წყობა ხელს უწყობს კრიმინალს და მძარცველს კანონის ძალით აღჭურვავს – ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ განიარაღებულ მსხვერპლთა ხარჯზე სიმდიდრე მიითვისოს, მაშინ ფული მისი შემქმნელისათვის შურისძიებად იქცევა. თუმცა მალე ნაძარცვი მძარცველის მბრძანებელი ხდება და ცხოვრებაც შეუბრალებელ ცხოველთა ბუდედ იქცევა. საზოგადოება კი სისხლისღვრაში იძირება და თანდათანობით ქრება.
გსურს გაიგო, თუ როდის დადგება ეს დრო? შეხედე ფულს. ფული საზოგადოებრივი კეთილდღეობის საზომია. და შენ ხედავ: იმისათვის, რომ აწარმოო საჭიროა მიიღო თანხმობა იმისაგან, ვინც არაფერსაც არ აწარმოებს, ადამიანები არაკეთილსინდისიერად მდიდრდებიან, კანონები მათგან კი არ გიცავენ, არამედ მათვე უწყობენ ხელს, ხედავ, რომ კორუფცია ფასდება და პატიოსნება საკუთარი თავის განწირვას ნიშნავს – ამ დროს შეიძლება დაასკვნა კიდეც, რომ შენი საზოგადოება განწირულია…
როდესაც მავნებელი გაერევა ადამიანთა შორის, ის პირველ რიგში ცდილობს საზოგადოების განადგურება ფულის განადგურებით დაიწყოს.. ეს იმიტომ , რომ ფული ადამიანისათვის დაცვის გარანტიაა. ისინი ხალხს ოქროს ართმევენ და ქაღალდის ყალბ ნაგლეჯებს უგდებენ. ეს კი ღირებულებას კლავს და ადამიანს დამმონებლის უღლის ქვეშ აქცევს. ოქრო ობიექტური ღირებულებაა, იმის ექვივალენტი ,რა ღირებულების სიმდიდრეც შეიქმნა საზოგადოებაში. ქაღალდი კი იმ ღირებულების საზომია, რომელიც არ არსებობს და მას ზურგს მხოლოდ იარაღი უმაგრებს.
როდესაც ბოროტებას ქმნი გადარჩენის საშუალებად, ნუ იფიქრებ, რომ ადამიანები კარგები გახდებიან, ნუ იმედოვნებ, რომ ადამიანები მორალურად იცხოვრებენ, როდესაც მიზნის მიღწევა არამორალურობას მოითხოვს. ნუ გჯერა, რომ აწარმოებენ, როდესაც წარმოება ისჯება და მძარცველებს ახალისებენ. დასვით კითხვა: ვინ ანადგურებს საზოგადოებას? თქვენ!
სამყაროს ისტორიაში ფული მუდამ მძარცველთა ძალით იზომებოდა. მათი სახელები იცვლებოდა, თუმცა მეთოდები იგივე რჩებოდა: გაეზომათ სიმდიდრე ძალით, მწარმოებლები გაეძარცვათ, დაემცირებინათ, შეეზღუდათ და პატივი აეყარათ მათთვის…
ფრაზა ფულის ბოროტი ბუნების შესახებ, რომელიც დაუფიქრებელი ადამიანის პირიდან არის წამოსროლილი, მომდინარეობს დროიდან, როდესაც სიმდიდრე მონათა ხარჯზე იქმნებოდა – ადამიანთა ხარჯზე, რომლებიც მუდამ იმეორებდნენ მოქმედებებს, რომლებიც ერთი ადამიანის გონებამ შეიმუშავა და საუკუნეთა მანძილზე განუვითარებელი რჩებოდა.
და როდესაც წარმოება ძალის გამოყენებით იმართებოდა, სიმდიდრე სხვისი განადგურებით მოიპოვებდა – ეს ყველაფერი ანადგურებდა საზოგადოებას. იყო უძრაობა, შიმშილი და ადამიანი მძარცველებს განადიდებდა – ადამიანებს, რომლებიც მახვილით იმონებდნენ პატიოსან ხალხს, ვაჭრებსა და მეწარმეებს.
თუ მკითხავდით,რა გამოარჩევს ამერიკელს სხვა ერის წარმომადგენლისაგან გეტყოდით, რომ ეს ორ სიტყვაში გამოიხატება, რომელიც ამერიკელი მოქალაქის გონებაში წარმოიქმნა: „ფულის კეთება“. ყველა ერი ასწავლიდა, რომ სიმდიდრე უნდა გავზომოთ, დავთვალოთ, მოვიპოვით, გავუზიაროთ, განძარცვოთ ვინმე ან მოვიპოვოთ კეთილსინდისიერად. მაგრამ ამერიკელმა პირველმა გაანალიზა, რომ ფული და სიმდიდრე უნდა შეიქმნას.
თუ არ აღიარებ, რომ ფული სიკეთის წყაროა, ამით საკუთარ თავს ანადგურებ. და როდესაც ფული შეწყვიტავს იყოს საშუალება იმისა, რომ ადამიანებს ერთმანეთს შორის ურთიერთობა ჰქონდეთ, მაშინ თავად ადამიანი დაზარალდება. სისხლით, მათრახით ან დოლარებით. მიიღე გადაწყვეტილება – არ არსებობს სხვა გამოსავალი და შენი დროც იწურება…
ავტორი : აინ რენდი ; თარგმანი: თემო ბერიშვილი