ყოველ ცოცხალ არსებას უყვარს სიცოცხლე, ისევე როგორც შენ და მხოლოდ შენ უნდა შეძლო ყოველ ცოცხალ არსებაში საკუთარი თავი იპოვნო და აღმოაჩინო. და როცა ამას შეძლებ, მიხვდები, რომ არავინ და არაფერი, არასოდეს არ უნდა მოკლა დედამიწის ზურგზე, რადგან სიკვდილს შენსავით სხვებიც უფრთხიან, რადგან სიცოცხლეს შენსავით, სხვებიც ეტრფიან…
ეტრფიან სიცოცხლეს, რომელიც სულაც არ არის ვინმეს, თუნდაც საკუთარი მშობლების საკუთრება და “მშობლები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ შვილები ეკუთვნიან მათ და ამიტომაც შვილებმა მათი კარნახით უნდა იცხოვრონ. მშობლები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ შვილებმა უნდა გააკეთონ ის, რაც მშობლებს სურთ და სწადიათ. მშობლები ცდებიან თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად მშობლებიც არ ეკუთვნიან საკუთარ თავს და უმთავრესი ის არის, რომ ადამიანი თავისუფლებისათვის იბადება…
ამიტომაც, ალბათ, თავისუფლებისმოყვარე ქართველებმა უკვე მეთერთმეტე საუკუნეში თარგმნეს ტიბეტური “სიბრძნე ბალაჰვარისი” და ევროპაც რომ ბუდისტური სწავლების გაცნობას ადრეული შუასაუკუნეებიდან შეუდგა, სწორედ ქართველი ექვთიმე ათონელის დამსახურებაა. ასე რომ, წითელი რკინის ჩიტის ამბავი საქართველოში ძველთაგანვე იცოდნენ და რა გასაკვირია, რომ მეოცე საუკუნის ოციან წლებში საბჭოთა თვითმფრინავს ხევსურებმა თოფი ესროლეს. ხევსურები, როგორც ყოველთვის, ცამდე მართლები იყვნენ…
დათო ტურაშვილი, “ტიბეტი არ არის შორს”