ერთხელ კანადელმა ქალბატონმა ტანის ჯეკ-ბლეიკმა პლაჟზე ღია კოსტიუმით გარუჯვა სცადა. ჩანაფიქრის შესრულებაში ძალიან უსიამოვნო შემთხვევამ შეუშალა ხელი – გვერდით მყოფმა ახალგაზრდებმა ხმამაღლა დასცინეს 5 შვილის დედის “სტრიებით” დაღარულ სხეულსა და მოშვებულ მუცელს. სახლში მისულმა ტანისმა ამ ახალგაზრდებს “ფეისბუქით” ღია წერილი მისწერა, ძალიან მალე ეს წერილი ინტერნეტ-სენსაციად იქცა და უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია. გთავაზობთ ამ წერილს, რომელმაც დედის სხეული საზოგადოებას სულ სხვა თვალით დაანახა.
“ეს ღია წერილი ორ ახალგაზრდა ბიჭისა და ერთი გოგონას სახელზეა, რომლებსაც დღეს ალბერტის პლაჟზე გადავეყარე.
ჩემო ძვირფასებო, ძალიან ვწუხვარ, რომ 13-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემმა პირველმა მცდელობამ, ხალხის თვალწინ გავრუჯულიყავი, შოკში ჩაგაგდოთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მუცელი გლუვი და ხავერდოვანი არ არის, ვწუხვარ, რომ დანაოჭებულია, მაგრამ საერთოდ არ ვწუხვარ, რომ ჩემმა სხეულმა ატარა, გაზარდა, დაიცვა, დაბადა და გამოკვება ხუთი არაჩვეულებრივი, ჯანმრთელი, ჭკვიანი და შესანიშნავი ადამიანი. ძალიან ცუდი, თუ ჩემმა, 33 წლის ქალის 57- კილოგრამიანმა სხეულმა ისე გაგახალისათ, ჩემკენ თითს იშვერდით და ხარხარებდით. იცით, რას ვფიქრობდი თქვენი უნაკლო სხეულების შემხედვარე? “ჯერ მათ არაფერი დიდებული არ ჩაუდენიათ”.
მე ამაყად მეჭირა თავი და ასევე ამაყად გაგიარეთ წინ სიცილისგან სუნთქვაშეკრულებს, თითქოს არც არაფერი მომხდარა. გზაში კი მწარედ ავტირდი… დიდი მადლობა, მთელი დღე რომ ჩამიმწარეთ. თქვენნაირი ადამიანები ამახინჯებენ და სიძულვილით ავსებენ სამყაროს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ისე მეცოდებიან ის ქალები, რომლებიც ოდესმე თქვენს შვილებს მოავლენენ ქვეყანაზე, მათ სხეულებს კი ორსულობა შეცვლის. იმედი მაქვს, ოდესმე მიხვდებით, ჩემი “საბრძოლო” იარები საამაყოა და არა სამარცხვინო”.
ტანისის წერილმა, რომელიც ადგილობრივი რადიოსადგურის გვერდზე გამოქვეყნდა, “ფეისბუქში” 2 მილიონზე მეტი “ლაიქი” მიიღო და იმხელა რეზონანსი გამოიწვია, რომ ავტორთან უამრავმა პრესტიჟულმა გამოცემამ ჩაწერა ინტერვიუ. “ყველა დედას ერიდება თავისი სხეულის გამოჩენა. წერილს ასეთი რეზონანსი ალბათ იმიტომ მოჰყვა, რომ ნებისმიერი ქალი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჩემს ადგილზე”, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ტანისმა.
წყარო: mshoblebi.ge