Skip to content

დღეს ბევრი დედაა მსგავს სიტუაციაში, გჯეროდეთ თქვენი შვილების, გჯეროდეთ საკუთარი თავის!

ჩემი შვილი დროულად დაიბადა, 3.300 წონა, 50 – სიმაღლე… ნორმალური ბავშვი იქნებოდა, რომ არა გარკვეული გარემოებები. მოკლედ ვიტყვი – საკმაოდ მძიმე მშობიარობა მქონდა, ჩვენი რაიონული სამშობიარო სახლის პერსონალი ვერ უმკლავდებოდა ვითარებას. საშვილოსნოს ყელი დიდხანს არ იხსნებოდა, სტიმულაციაც არაფერს შველოდა… ბევრი იწვალეს, გამჭრეს კიდეც… მაგრამ გვიანი იყო. ბავშვი საშინელი ჰიპოქსიით დაიბადა. მისი შედეგი – ჰიდროციფოლია, პნევმონია… ცერებრალური დამბლა… ეს საშინელი დიაგნოზი განაჩენივით გაისმა.

ჯერ იყო რეანიმაცია. ჩემი შვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და სულ ოდნავ თუ ატოკებდა ხელებს. მე ვტიროდი. ექიმები კი ჩამძახოდნენ – დატოვე, რად გინდა… ის ხომ მცენარესავით არის… გაჩენას კიდევ შეძლებ…

როცა ქმარმა გაიგო, დიდხანს დუმდა, ერთ წერტილს მიჩერებული… მერე მოულოდნელად გამოაცხადა: “ექიმები მართლები არიან. ჯობია, მასზე უარი ვთქვათ”. ხელი მომკიდა და ღრმად ამოიოხრა, თითქოს პასუხისმგებლობის ტვირთი მოიხსნა. მას ეგონა, რომ მეც იმავეს ვფიქრობდი. მაგრამ მე მხოლოდ იმიტომ ვდუმდი, რომ ტკივილისა და ბოღმისგან სავსე მქონდა გული და ხმას ვერ ვიღებდი…

ქმარს ვუთხარი, რომ ჩემი შვილის მიტოვებას არ ვაპირებდი. აღიარა, რომ თვითონ ასე ვერ იცხოვრებდა… ასე დავშორდით ერთმანეთს. და ბავშვი მარტომ წამოვიყვანე…

საკუთარი თავის რჩენის თავიც კი არ მქონდა, არათუ ავადმყოფი შვილის. გოგონას ვიქტორია დავარქვი. ყოველდღე ველაპარაკებოდი და მეჩვენებოდა, რომ ჩემი ესმოდა, თვალებს აფახულებდა. ეს ყველაფერი იყო, რაც შეეძლო. დავრბოდი ექიუმებთან, თუმცა უფასო მედიცინა თითქმის უძლური იყო. ერთ მომენტში ფარხმალიც დავყარე… ვცადე, ქმრისთვის მეთხოვა დახმარება, მაგრამ ჯიუტად არიდებდა თავს ჩემთან ლაპარაკს. მესმოდა, რომ მაინც ვერაფერს შევძლებდი. ბავშვს ვერ ჩავაბარებდი ვერსად და მასზე უარს ვერ ვიტყოდი – ეს სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ჯობდა, თავად მოვმკვდარიყავი…

კარი ღია დავტოვე, რომ მეზობლებს შესძლებოდათ შემოსვლა და ვიქტორია მშიერი არ დარჩენილიყო. ფანჯარა გავაღე და რაფაზე ავძვერი… სწორედ ამ მომენტში ჩემმა შვილმა პირველად დაიყვირა… ჭამა უნდოდა. ვერ წარმოიდგენთ, რა გრძნობებმა დამიარა იმ წამში. მაგრად მივაჯახუნე ფანჯარა და ამაზე არასოდეს მიფიქრია. ხელში ავიყვანა ჩემი პატარა და შევპირდი, რომ აღარასდროს მივატოვებ. დავიწყე მასთან ერთად დახმარების სათხოვნელად სიარული. მაშინ ინტერნეტი და სოციალური ქსელები ასე არ იყო ჰავრცელებული. განცხადებებს ვწერდი და სადარბაზოებში ვკიდებდი. მერე სახლში მაკითხავდნენ ადამიანები და მოჰქონდათ, ვისაც რა შეეძლო. საჭმელი, ფული, ტანსაცმელი. ცოტა ამოვისუნთქეთ და მკურნალობაც ნელ-ნელა დავიწყეთ.

რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში მამაკაციც გამოჩნდა. როგორც ახლა ვიხსენებ ხოლმე, ისიც სხვებივით მოვიდა, დასახმარებლად. უშველებელი თოჯინა მოიტანა და ფული – არც ისე ბევრი და არც ისე ცოტა. მითხრა, რომ ყოველთვის ოცნებობდა ბავშვზე, მაგრამ მას და მის ცოლს შვილი არ ეყოლათ. ცოლმა ამაში ქმარი დაადანაშაულა და მიატოვა. ის კი ჩვენთან მოვიდა და ისეთი რუდუნებით უყურებდა ჩემს გოგონას, გული შემიტოკდა. სწორედ ჩემს გოგონას. ისეთს, რომელიც არ იყო, როგორც ყველა. განსაკუთრებულს.

სულ უფრო ხშირად მოდიოდა და ყოველთვის საჩუქრებით. მალე ერთმანეთი შეგვიყვარდა და ერთად დავიწყეთ ცხოვრება. ის მუშაობდა, მე გოგონას ვუვლიდი. ყოველთვის უსვამდა ხაზს, რომ ვიქტორია `ჩვენი~ ქალიშვილი იყო. ისიც კი მივახერხე, რომ გერმანიაში გავემგზავრე მკურნალობის გარკვეული ეტაპების გასავლელად. ვიქტორიას ხანგრძლივი და სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდებოდა. მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ…

ახლა ვიქტორია 25 წლისაა, მისი ძმა – 20-ის. ჩვენ ყველაზე ბედნიერი პჯახი ვართ. ვიქტორიას ძალიან უყვარს მამამისი და თავის პირველ თოჯინასაც ინახავს. კიდევ? კიდევ ვიქტორია სპორტის ოსტატია ცურვაში. სასწაული? არა, რწმენა, სიყვარული და მოთმინება…

ეს მტკივნეული თემაა, მაგრამ გადავწყვიტე მომეყოლა… რადგან ახლა ბევრი დედაა მსგავს სიტუაციაში. და გაცილებით მეტი საშუალებაა იმისთვის, რომ თქვენი შვილი ფეხზე დააყენოთ. ვიქტორია სრულად არ გამოჯანმრთელებულა, მაგრამ ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ საკუთარი თავი ეპოვა ამ ცხოვრებაში. გჯეროდეთ თქვენი შვილების. გჯეროდეთ საკუთარი თავის. გიყვარდეთ. დააფასეთ. და ყველაფერი გამოვა.

წყარო: mshoblebi.ge