Skip to content

შშმ პირების კომუნიკაციის პრობლემები საზოგადოებასთან

პრობლემა, რომელიც ყოველდღიურად მაწუხებს,მიქმნის დისკომფორტს,მიძნელებს ცხოვრებას არის საზოგადოების ცივი და დამცინავი მოპყრობა შშმ პირთა მიმართ.

როდესაც საზოგადოება ხედავს ასეთ პიროვნებას მათი სახის მიმიკები ძალიან საინტერესოა, გაკვირვება, შიში, გულგრილობა, თანაგრძნობა. ამ მიმიკების დანახვისას ყოველთვის მიტრიალებს კითხვები, ნუთუ ეს ადამიანები განუვითარებლები არიან? ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მათი საქციელები ამ პიროვნებას თავს განსხვავებულად აგრძნობინებს და ეს იწვევს მათში ხშირ შემთხვევაში დეპრესიას?

დღესდღეობით მსოფლიოში 750 მილიონი შშმ პირია, რომელთა უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვევა. ისინი განიცდიან არასათანადო მოპყრობას. სამწუხაროა, მაგრამ უამრავი ოჯახი მალავს, რომ ასეთი ბავშვი ჰყავთ, არ გამოჰყავთ სახლიდან გარეთ, ეს კი გამოწვევულია საზოგადოების დამოკიდებულებისაგან. უამრავი ადამიანი, როდესაც ქუჩაში შშმ პირს ხედავს, არაადეკვატურად იქცევა და მათი ქმედებები, როგორც ამ პირებისთვის ასევე მათთან მყოფი ადამიანებისთვის არასასიამოვნო და დამთრგუნველია. ვთვლი, რომ ჩვენი საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული ასეთი პირების შესახებ. ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში უამრავი ასეთი ადამიანია დასაქმებული. საზოგადოებას არ უკვირს მათი ქუჩაში გამოჩენა და არ იშვერენ თითს დანახვისას. ასევე მინდა ვთქვა, რომ მათ გაცილებით უკეთ ადაპტირებული გარემო აქვთ. ტრანსპორტი, პანდუსები მათთვის მორგებულია და ქუჩაში გამოსვლა მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა, ნაკლებად ვფიქრობ, რომ ჩვენს ქალაქში არსებული პანდუსებით რომელიმე პირმა მოახერხოს სარგებლობა და გადავიდეს გადასასვლელ ხიდებზე. მათი სოციალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია განათლების მიღება,თავიდანვე უნდა იცხოვრონ, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანებმა და არ უნდა გამოირჩეოდნენ საზოგადოების სხვა წევრებისაგან. აუცილებელია მათმა ოჯახის წევრებმა გაიაზრონ, რომ სახლში ჩაკეტვა და საზოგაოებისაგან დამალვა უარესია და ეს არა მარტო მათზე მოქმედებს უარყოფითად და არის ზიანის მომტანი, არამედ მთელი ერის პრობლემაა და აუცილებელია მასთან “ბრძოლა”.

ჩემი აზრით შშმ პირების მიმართ სიბრალულის გამოხატვა არასწორი საქციელია. ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური ნიჭი რაღაცის კეთების, რაც მას გამოარჩევს სხვებისგან. მათი საზოგადოებაში ინტეგრირება აუცილებელია, რადგან გარიყვით, მალე საშინელ შედეგებს მივიღებთ, რომელსაც შეიძლება წარმოადგენდეს ამ პირების ხშირი სიკვდილიანობა, ფსიქოლოგიური პრობლემების გამრავლება და სხვა… ვფიქრობ ისინი ჩვენგან არაფრით განსხვავდებიან, პირიქით ბევრ ცხოვრებისეულ პრობლემას ჩვენზე უკეთ წყვეტენ .

დასაწყისში აღვნიშნე, რომ ეს პრობლემა მე მაწუხებს და მტკენს გულს. ჩემი ძმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ითვლება, მაგრამ მე ნამდვილად არ აღვიქვამ მას შეზღუდულ ადამიანად. მასთან ყოფნის დროს ადამიანების რეაქციები მანადგურებს არამარტო მე, ჩემს ოჯახსაც. გადავწყვიტე ჩემი პრობლემა თქვენთვის გამეზიარებინა და თუ ვინმე აქ მყოფი იმ უსინათლო საზოგადოების წევრია დარწმუნებული ვარ ჩემი საუბრის შემდეგ შეხედულებას შეიცვლის. მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს.

ავტორი: უცნობია