Skip to content

გოგონა, რომლის გამოც ბედნიერებისგან ვიტირე

ისახება შენში იოტისოდენა , ისახება , შენს გულს აწვდენს ხმას და უნისონში ძგერთ ორივე . თავიდან ვერ ეგუები, რომ შენში შენი ნაწილი ცხოვრობს, რომლის მთელი დედამიწა და სამყარო შენს მუცელში ეტევა, რომელსაც ცხრა თვე ხელს ვერ შეახებ. გრძნობ სისუსტეს, თავბრუსხვევას, გეზიზღება მურაბიანი ჩაი და წვერმოშვებული მამაკაცები და მეც წვერთან დადარაჯებული ვარ . დგები სარკის წინ, მოიმჭიდროვებ ზედას და გეჩვენება , რომ ყოველდღე იზრდება მუცელი. არ გინდა სასწორის დანახვა და საწოლის ქვეშ ღრმად მალავ. არადა ყველაზე ლამაზი ხარ, უფრო ლამაზი, ვიდრე ოდესმე. აქამდე ბალიშის გარეშე ვერ იძინებდი , ახლა კი ჩემს მკლავზე გძინავს და მე ჩუმად ვიტან დაჭიმული მკლავის ტკივილს. ზიხარ მოწყენილი სახით და გგონია, რომ ტოქსიკოზის გამო აღარ მიყვარხარ, არადა მე ცხრა თვის მანძლზე ყოველდღე მიყვარდებოდი თავიდან.
ღამე, დაღლილს რომ ჩამეძინება, ჩამესმის ხოლმე შენი ფეხის ხმა – მოკლე მარშრუტი სამზარეულოდან საძინებლამდე. დილას, ადრე ამდგარს კი, საწოლის ტუმბოზე მხვდება შოკოლადის ქაღალდი, ბავშვობიდანვე რომ ვერ იტანდი, აი , ის.მიყურებ, როგორ გიმზადებ საჭმელს და ცოცხით ხელში – იატაკის გამოხვეტის დროს, როგორ გთხოვ ფეხების აწევას და გეცინება … ძალიან საყვარელი ხარ, როდესაც კარადიდან ერთიანად გადმოყრი ტანსაცმელს და მეუბნები, რომ არაფერი გეტევა. მომიჯდები, მოიხურავ პლედს, რომელსაც ძალინ დაუმეგობრდი. ტელევიზორში რომანტიკულ დრამებს უყურებ. საკმარისია, სროლის ხმა გაიგონო, პლედიანად ზემოდან გადაეფარები მუცელს. მომადებ ხოლმე თავს და მეუბნები : შენ უნდა გგავდეს ჩვენი გოგო იმიტომ, რომ საუკეთესო ხარ, ვინც კი ჩემს ცხოვრებაში არსებობსო,მერე გეცინება და მომაძახებ, ამას იმიტომ ამბობ , ბანანის იოგურტი რომ მოგიტანო.ძალიან მეცინება, როცა სადარბაზოს პირველი სართულიდანვე იცი, რომელ მეზობელს რა საჭმელი აქვს სახლში გაკეთებული. კიბეზე დამოუკიდებლად ვეღარ ადიხარ, სულ ზურგზე გძინავს, არადა ვიცი , როგორ გიყვარს მუცელზე დაწოლა. სიარული გეზარება, მაგრამ ჩემი ხათრით სეირნობაზე მთანხმდები. გაფაციცებული აკვირდები, როგორ ასეირნებენ პატარებს მშობლები და უნებლიედ მუცელზე იხვევ ხელებს. უჯრაში ვპოულობ დღიურს, სადაც დღეებს ითვლი. დილაობით კი მესმის ხმა, როგორ ესაუბრები ღმერთს ჩვენს პატარაზე.

მეცხრე თვეც ძალიან მალე მოვიდა, გეშინია ტკივილების და ბავშვის ოდნავი განძრევაც საგანგაშო გგონია… და ერთ დილასაც მაღვიძებს შენი ხმა, რომელიც ბოლო სართულის ყველაზე ყრუ მეზობელსაც კი ესმის…   უცებ ერთად აღმოვჩნდით თეთრ ხალათებში.

მე კედელს მივეკარი და ყურს ვუგდებდი ყველა ექიმისა და ექთნის ფეხის ხმას. ხან შუბლზე ავიფარებდი ხელებს, ხან ჩამოვჯდებოდი , ხან ვიღაც მომხვევდა ხელს. მინდოდა, საათის ისრებისთვის მესროლა რამე, კედლიდან გაშტერებულები რომ მიმზერდნენ… და დადგა წუთი, როცა ყველაზე დიდი ტკვილი ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი გახდა. გავიგონე ორი ტირილის ხმა : შენი და გულთან მიწვენილი ახალი სიცოცხლის… სახლში ახლა უკვე სამნი დავბრუნდით… მეშინია, რამე არ ვატკინო და ვკანკალებ, როცა ხელში მაჭერინებ. ახლა შუაში გვიწევს ჩვენი ნაწილი. ყველა წამოტირებაზე ორივე ვახელთ თვალს, მაგრამ შენ , დაღლილს, მალე ჩაგეძინება ხოლმე . მე გულზე ვიწვენ ჩვენი სიყვარულის ნაყოფს – გოგონას, რომელიც უკვე ცხრა თვეა, უნახავად მიყვარს, იმ დროიდან, შენს სხეულში რომ ჩაისახა… გოგონას, რომლის გამოც მე ბედნიერებისგან ვიტირე.

ავტორი: თათია კობერიძე