Skip to content

ღმერთის არსი – 8 წლის გოგონას საშინაო დავალება

,,ღმერთის მნიშვნელობა’’
ჩულა-ვისტა, კალიფორნია.

ღმერთის ერთ-ერთი უმთავრესი საქმე ადამიანების შექმნაა. ქმნის, რათა ჩაანაცვლოს გარდაცვლილნი და იყოს ადამიანების საკმარისი რაოდენობა, რათა იზრუნონ დედამიწაზე. ის დიდებს არ ქმნის, მხოლოდ ბავშვებს. ვფიქრობ, ისინი უფრო პატარები არიან და შესაქმნელდაც მარტივი. ის მხოლოდ ქმნის, მას ძვირფასი დროის დაკარგვა სიარულისა და საუბრის სწავლებაზე აღარ უწევს. ბავშვებს მშობლებს უტოვებს.

ღმერთის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე მლოცველების მოსმენაა. ეს უსასრულოდ გრძელდება. ამის გამო მას რადიოს ან ტელევიზორის მოსასმენად დრო აღარ რჩება. ღმერთი ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. ამიტომაც არის ის ძალიან დატვირთული. ასე რომ, შენ მშობლებთან მისვლით და იმის თხოვნით, რაზეც უკვე უარი გითხრეს, ღმერთს დრო არ უნდა დააკარგვინო.

ათეისტები ისინი არიან, ვისაც ღმერთის არ სჯერა. ვფიქრობ, ჩულა-ვისტაში ბევრნი არ უნდა იყვნენ. ყოველ შემთხვევაში ჩვენს ეკლესიაში არც ერთი მათგანი არ დადის.

იესო, ღმერთის შვილია. მას შეეძლო ისეთი რთული საქმის კეთება, როგორიც წყალზე გავლა, სასწაულების მოხდენა და ადამიანებისთვის საკუთარი თავის გაცნობაა. საბოლოოდ, ქადაგებების მოსმენით დაღლილმა ხალხმა იესო ჯვარს აცვა. ის ძალიან კარგი და კეთილი იყო. მამას უთხრა, რომ ეპატიებინა ადამიანებისთვის, მათ ხომ არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ. ღმერთიც დაეთანხმა.

მამამისი (ღმერთი) მის ქმედებებს შესანიშნავად ხედავდა და აფასებდა. მიხვდა, რომ მისი ადგილი დედამიწაზე არა, ზეცაში იყო. ასეც მოხდა. და ახლა ის მამას ეხმარება. შეისმენს მლოცველების თხოვნებს და ცდილობს თავადვე დაეხმაროს, ღმერთის შეწუხების გარეშე.

ილოცეთ, როცა მოგინდებათ, ერთ-ერთი მათგანი თქვენ დასახმარებლად ყოველთვის მზად არის.

შენ ყოველ კვირას შეგიძლია ეკლესიაში სიარული, ეს ღმერთს აბედნიერებს. თუკი არსებობს ვინმე, ვისი გაბედნიერებაც გსურს, ეს ღმერთია. ეკლესიაში წასვლას რაიმე უფრო გასართობი საქმით ნუ ჩაანაცვლებ. მაგალითად, პლაჟზე წასვლით. ეს არასწორია. თანაც, მზე სანაპიროზე შუადღემდე მაინც არ გამოვა.

თუკი ღმერთის არ გჯერა, თავს მარტოსულად იგრძნობ. მშობლები ყველგან შენთან ერთად ვერ წამოვლენ. მაგალითად ბანაკში. ღმერთს კი ამის ძალა შესწევს. კარგია, როდესაც იცი, რომ ის შენს გვერდითაა მაშინ, როდესაც რაღაცის გეშინია.

თუმცა ყოველთვის იმაზე არ უნდა იფიქრო, ღმერთს შენთვის რისი გაკეთება შეუძლია.

მე გავარკვიე, რომ ამქვეყნად ღმერთმა მომავლინა და ჩემი უკან წაყვანაც მასვე ძალუძს. ნებისმიერ დროს, როდესაც მოისურვებს.

ამიტომაცაა, მჯერა ღმერთის.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა