ქვეყანა სადაც ამჟამად ვცხოვრობ ჩემსას საერთოდ არ გავს, მაგრამ ვცდილობ რაღაც მსგავსება ვიპოვო რომ ჩემი მონატრება ცოტათი მაინც შემსუბუქდეს ჩემი ქვეყნის, ქალაქის და სოფლის მიმართ.
მიყვარს სახლი რომელშიც ვცხოვრობთ ჩვენ ორნი ,იმიტომ რომ ეს სახლი ყოველთვის გამთბარია ჩვენი სიყვარულით.
მიყვარს ადგილი სადაც ეს სახლი დგას, იმიტომ რო ყველაზე ლამაზი ხედებია ჩემი სახლის აივნებიდან.
ყოველ დილით ფინჯანი ყავით ხელში ვდგავარ საათობით წინა აივანზე და დიდხანს ძალიან დიდხანს ვუყურებ ზღვის მჩქეფარე ტალღებს, თოლიებს რომლებიც ყოველ დილით მესალმებიან და ბედნიერ დღეს მისურვებენ, მზეს რომელიც მისი სხივებით მეალერსება. არ მესმის მანქანების ხმაური, ადამიანების აჩქარებული ნაბიჯების ხმა, მხოლოდ ტალღების ხმა მესმის დიდი ლოდების ჯებირებს როგორ ასკდება, ვერ ვგრძნობ ქალაქის მტვრიან სუნს, ვგრძნოვ მხოლოდ მარილიანი წყლის სურნელს მზის სხივებით გამთბარს.
აი ასეთი იყო ჩემი ყოველი დილა ამ დრომდე. დღეს? დღეს გავშეშდი აივანზე, სხვა სამყაროში მეგონა თავი, გული ჩამეგლიჯა თითქოს. არ დამხვდა მზე, თოლიებიც არ ჩანდნენ არსად, ზღვა? სად გაქრა ცისფერ-მოლურჯო-მომწვანო ზღვა? მუქი ნაცრისფერი იყო…. შავზე კიდევ უფრო მუქი თითქმის შავი, კოპებშეყრილი ღრუბლები ედგა …ვერ გადმოვცემ იმ უსიამოვნო გრძნობას რაც ვიგრძენი, ვგრძნობდი ნელნელა როგორ მწყდებოდა გულის ძაფები… გავბრაზდი ზამთარზე, ავბუზღუნდი, ნუთუ ასე უნდა იყოს მთელი სამი თვე ან კიდევ უფრო მეტი… არ მიყვარს ზამთარი, ის სილამაზეს მართმევს, ჩემს ოცნებებს მუქ ფერებში ხატავს. არ უხდება ზამთარი ზღვას, არ უხდება თოვლი… გულში ვბუზღუნებდი და ვბრაზობდი ზამთარზე და ხასიათის კიდე უარესად გაფუჭებას ისევ დაძინება ვამჯონინე…
საძინებელში მუქი ფარდების ჩამოსაფარებლად ფანჯარასთან მივედი, არ მინდოდა ეს ამინდი ჩემს ოთახში შემოსულიყო და მასსავით ჩამუქებული ფიქრები და მოწყენილობა მოეტანა ჩემთვის. მივედი ფანჯარასთან და გავშეშდი…აი საოცრება. ნუთუ ეს აქამდე არ შემინიშნავს, ნუთუ აქამდე ვერ აღვიქვი რა ლამაზია ხედი ჩემი საძინებლის აივნიდან. შეფენილი მთები,მთის ძირას სოკოებივით ჩამწკრივებული წითლად გადახურული სახლები რომლის ყველა სახურავიდან თეთრი კვამლი ამოდის. აივანზე გავედი ღიმილნარევი სახით, ვგრძნოვდი როგორ მიბრწყინდებოდა მოწყენილი თვალები და სახე როცა მესმოდა თოლიების ნაცვლად ოთხფეხა მეგობრების ხმა, მარილიანი წყლის ნაცვლად შეშის სუნს ვგრძნობდი, ზღვის ნაცვლად ვხედავდი მთებს რომლებიც ჩემი ქვეყნის მთებს გავდა ნელნელა რომ უთეთრდებოდათ წვერი. ბედნიერებისგან წამოვიძახე: მიყვარხარ ზამთაროოოო. მიყვარხართ ფიფქებო იმიტომ რომ იცით სად რა დროს უნდა მოხვიდეთ, რომ ჩემი განწყობა აამაღლოთ და მეც გამალაღოთ. ბედნიერი, ძალიან ბედნიერი ვიდექი აივანზე და ვხარობდი იმით რაც ხედად მედო, ახლა უკვე ვიცი როგორი იქნება ჩემი ყოველი დილა – მთელი ზამთარი…
ნინუცა გურჯიძე