Skip to content

სად/რა არის ბედნიერება

 “-პუჰ, რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად?
-ყველაზე მეტად – უპასუხა პუჰმა – ალბათ მიყვარს…და აქ მას მოუწია გაჩუმება და დაფიქრება, რადგან უნდოდა ეპასუხა, რომ ყველაზე მეტად უყვარს თაფლის ჭამა, მაგრამ გაახსენდა რომ არსებობს ერთი მომენტი რომელიც თაფლის ჭამის პროცესზე მეტად სიამოვნებდა. მან არ იცოდა რა ერქვა იმ გრძნობას, რომელიც თაფლის ჭამის დაწყებამდე ეუფლებოდა, ეს რაღაც კარგის მოლოდინი იყო და თვით ჭამის პროცესზე მეტადაც კი სიამოვნება.”

ალან მილნი – “ვინი პუჰი”

წარსულს არ ვივიწყებ… მომავალს ველოდები… აწმყო არის მხოლოდ  კავშირის დამამყარებელი ამ ორს შორის, ყველაფერი რაც აწმყოში ხდება სასარგებლო უნდა გახდეს მომავლისთვის და იქცეს კარგ წარსულად.  ამასობაში დრო გადის , ყოველდღე უფრო მეტად უმატებს სიჩქარეს და ვერ ვასწრებ ყველაფერს რაც მომავალს ჭირდება რომ არ დარჩეს მუდამ მომავალში და ერთ დღეს გადაიქცეს აწმყოდ რომელიც გახდება ნაწილი, მთავარი ნაწილი ჩემი ცხოვრების, რომელზეც ვიზრუნებ და გავუფრთხილდები ისევე როგორც ვზრუნავ მომავალზე და ვუფრთხილდები წასრულს. ვინახავ ყველა უწვრილმანეს მოგონებას და ნივთს, ვინახავ წერილებს რომლის პასუხებიც ალბათ  გადაყარეს… არ ვჩერდები, სულ რაღაცას ვაკეთებ მომავლითვის რომელიც ისეთი ხარბი და დაუკმაყოფილებელია არ უტოვებს დროს და ენერგიას აწმყოს.

და მთელი ეს დრო იჯახჯება ბედნიერების ძიებაში. რა არის ბედნიერება,სად არის,  დროის რომელ განზომილებაში ?! სიამოვნება, კმაყოფილება,სიხარული , მშვიდობა, ჯანმრთელობა, მადლიერება ამ ყველაფრისთვის საკმარისი მოცემულობა და  შეგრძნებებია რომ იყო ბედნიერი? – არა , არ არის საკმარისი, ეს ყველაფერი არის საჭიროება , აუცილებლობა რომ მოგინდეს იყო ბედნიერი, რომ აღიქვა თავი ადამიანად რომელიც იმიტომ შეიქმნა რომ მიუახლოვდეს სრულყოფილებას , ბედნიერება სწორედ სრულყოფილი ადამიანის შეგრძნებაა , კმაყოფილების უმაღლესი შეგრძნება რომ დაიმსახურა იყოს სრული , მთლიანი ამ სამყაროში, იქ სადაც დაიბადა ნახევარი  …

მე მგონია რომ სრულყოფილება (იმ დონეზე რა დონეზეც ადამიანს მასთან მიახლოვება შეუძლია), არის ბედნიერება და  ბედნიერება არის სრულყოფილება, და ასეთი სრულყოფილი ბედნიერება ყოველთვის დროებითია , რაც თითქოს ლოგიკურიცაა რომ არ შევეჩვიოთ მას  და არ გაუფასურდეს, რომ გავაგრძელოთ გზა ახალი აღმოჩენებისთვის ჩვენს თავში და  სამყაროში, ახალი ბედნიერების ძიებაში … ბედნიერება უმაღლესი საფეხურია რომლის იქით აღარაფერია , და თუ მივუახლოვდით ამ სრულყოფილებას გამოდის რომ მეტი აღარაფერი გვინდა, მაშინ ჩვენი ადგილი  აღარაა ამ სურვილებისთვის ბრძოლის სამყაროში სადაც ყველას რაღაც უფრო მეტი ჭირდება, ზედმეტები და უცხოები ვხდებით ამ ჩვენი კმაყოფილებით . გამოსავალიც მოძებნილია – ან ვუბრუნდებით  ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას და ვკარგავთ ამ სრულყოფილებას ან ამ ჩვენს ბედნიერებასთან ერთად გზას ვაგრძელებთ სხვაგან …

ალბათ ამიტომაც ზოგ ადამიანს ეშინია მასთან მიახლოვების, რადგან ის რისთვისაც ამდენს ვცდილობთ, ის რასაც წლებს ვანდომებთ ვერ იქნება ამ სამყაროში სამუდამო, და თითქოს დღევანდელი ჩემი სიცარიელე უფრო სავსეა ვიდრე ის რომელიც ამ ძლივს მოპოვებული ბედნიერების დაკარგვით გაჩნდება…

მშურს ადამიანების რომლებიც გაჭრამდე ასჯერ არ ზომავენ, არ ცდილობენ გამოიცნონ რა იქნება ასი წლის შემდეგ, და ცხოვრობენ „ბედნიერად“  ზედმეტი სიფრთხილისა და ფიქრის გარეშე …

მერიმე