Skip to content

სიყვარული (ეს ამბავი ნამდვილად მოხდა)

ერთ დაბაში შეძლებული კაცის ოჯახში იზრდებოდა ლამაზი გოგო. ბევრი დადიოდა მასთან სამაჭანკლოდ, თუმცა დაყოლიება ვერავინ შეძლო.

იმ წელს გოგო თხუთმეტიოდე წლის იქნებოდა. გაზაფხულის ერთ საღამოს იგი უკანა ჭიშკარში იდგა, ხელებით ატმის ხეს ეყრდნობოდა. ახლაც კარგად ახსოვს, ცისფერი კაბა ეცვა. მოპირდაპირე სახლში მცხოვრები ყმაწვილი მას ადრეც უნახავს, მაგრამ არასდროს დალაპარაკებია. ახლა კი ყმაწვილი მიუახლოვდა, შორიახლოს შეჩერდა და ალერსიანი ხმით უთხრა: “უი, შენც აქ არ ყოფილხარ!” გოგოს ხმა არ გაუცია. აღარც ბიჭს უთქვამს რამე. ერთხანს ასე იდგნენ. ბოლოს ორივე თავ-თავის გზას გაუყვა.

ეს იყო და ეს.

მოგვიანებით გოგო თავისივე ნათესავმა მოიტაცა და შორეულ მაზრაში ერთ კაცს ცოლად მიჰყიდა. გოგო მერეც არაერთხელ გაყიდეს.

ათას ჭირ-ვარამ გამოვლილ მოხუცებულ ქალს ჯერ ისევ ახსოვს ოდესღაც მომხდარი ამბავი. იგი ხალხს ხშირად უყვება გაზაფხულის ერთ საღამოს უკანა ჭიშკარში ატმის ხის ქვეშ მდგომი ყმაწვილის შესახებ.

თუკი მილიონობით წლის მანძილზე, დროის უკიდეგანო სივრცეში, მილიონობით ადამიანს შორის შეხვდები მას ვისაც შეხვდი, არც ერთი ნაბიჯით ადრე და არც ერთი ნაბიჯით გვიან, არამედ ზუსტად იმ დროს, იქ სათქმელი სხვა არაფერია, გარდა ერთი ალერსიანი ფრაზისა: “უი, შენც აქ არ ყოფილხარ!”

ჩანგი აილინ