იყო ყაყანი და იყო ღრენა, იყო ყეფა და იყო გნიასი. ბრძენმა უსმინა, უსმინა და სიტყვა წამოიწყო:
– მე თუ მკითხავთ…
მაგრამ ყური არაფრად ჩააგდეს, არც ჰკითხეს და არც ყური დაუგდეს.ისევ გაგრძელდა დიდი გნიასი, მიწევ–მოწევა და ლანძღვა–გინება.
ბრძენმა უსმინა და ისევ სცადა აზრის გამოთქმა:
– მე თუკი მკითხავთ…
არ გაიგონეს მისი სიტყვა, არ შეისმინეს… ისე გაგრძელდა ბილწსიტყვაობა, დანამ იელვა და ტყვიამ გაიზუზუნა.
ბრძენი შეძრწუნდა და კვლავ დაიწყო:
– მე თუკი მკითხავთ..
მაგრამ მაინც არ ჰკითხეს, არ მოუსმინეს. როდის იყო სულელი სიბრძნეს ეძებდა?! სულელს თავისი სისულელე ეძვირფასება.
ბრძენმა ღრმად ამოიოხრა, ადგა და წავიდა. იგი იქ დარჩენილებმა მაშინ მოისაკლისეს, როცა სისხლის გუბეები დადგა, როდესაც ყორნებით გაივსო ზეცა და ქვეყანაში დამპყრობლები ისევ დაბრუნდნენ – კვლავ მოიტანეს ბორკილები.
მაშინ კი შეკრთნენ ყაყანზე, ყვირილზე და “საკუთარ აზრზე” ამხედრებულნი. ბრძენი მოიკითხეს, უძახეს, მაგრამ ვერ გააგონეს – იგი უკვე შორს წასულიყო.