Skip to content

საქართველოსა და ქართველებს


როგორ გავუსწრო სინათლეს დროში
როდესაც მძიმე სხეული მახლავს,
როგორ შევძინო ჩემს სულს სიმხნევე
როცა გონება ფიქრს დარდში ართავს.

როგორ ვიფიქრო საკუთარ თავზე
როცა სამშობლოს წუხილი მტკივა,
როგორ ვუსმინო ქარში სონეტებს
როცა ყურებში ცივი ხმა წივა.

როგორ ვუშველო ჩემს საკუთარ ხალხს
როცა გაწვდილ ხელს ზურგებს აქცევენ,
როგორ შევძინო ურწმუნოს რწმენა
როდესაც ძმობას შუღლად აქცევენ.

როგორ დავსახო დიდი მიზანი
როცა გულები გატეხილია,
როგორ გავზარდო რიცხვი ერთგულთა
როცა ხიდები ჩატეხილია.

როგორ ვიფიქრო ფიქრის სიცრუე
როდესაც ფიქრზე ცოტა თუ დარდობს,
როგორ ვირწმუნო მე ფიცი კაცის
რომელიც ჭირში უტიფრად ხარობს.

როგორ ვეფერო ოცნებას დიადს
როცა ოცნებას სიბრიყვედ თვლიან,
როგორ მივხედო საკუთარ მიწას
როდესაც მასზედ უცხონი ვლიან.

როგორ შევძინო მე ჟინი ვნებას
როცა სიცოცხლეს უთმობენ თვლემას,
როგორ ვიპოვო ლხენის მიზეზი
როდესაც ძმები იწყებენ კბენას.

როგორ დავკარგო სამოთხე ქვეყნად
როცა სამოთხის არსი ხალხია,
როგორ ვიფიქრო გმირთა სიმცირე
როცა გმირები უხვად მარხია.

როგორ გავტეხო მე რწმენა მიზნის
როდესაც მიზანს სიმშვიდე ახლავს,
როგორ მივუძღვნა ცხოვრება ტყუილს
როდესაც შური სიწმინდეს ბღალავს.

როგორ დავკარგო დღენი ლოდინში
როცა ქმედების ხილვა მწყურია,
როგორ ვიხილო ერთობა ერის
როცა საერთო აზრი რთულია.

როგორ არ გითხრათ ის, რასაც ვფიქრობ
როცა სიმხნევე სჭირდება ყველას,
როგორ არ ვუთხრა სიტყვას უარი
როდესაც წყენა შემოაქვს ენას.

როგორ არ გითხრათ, ძლიერ მიყვარხართ
როდესაც ნამდვილ სტიმულს ვგრძნობ თქვენში,
როგორ ვიფიქრო მოძმეთ ღალატზე
როცა გმირობის ნიჭია ჩვენში.
ავტორი: გივი კუპატაძე