Skip to content

სასიკვდილო განაჩენი სიყვარულის შიშს!

გადავწყვიტე განაჩენი გამოტანილია! დღეიდან აღარასდროს შემეშინდება სიყვარულის, ჰო, და იცი რატომ? სწორედ შიშმა, საკუთარ თავს დატრიალებული სიყვარულის შიშმა, რომელიც  ქალსა და კაცს შორის უმეტესად, განსხვავებების(მატერიალური, ასაკობრივი, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი  და სხვა სხვაობა)  გამო წარმოიშობა, არ მომანიჭა ჩემს ერთადერთ, უანგარო და წრფელ სიყვარულთან ყოფნის შესაძლებლობა. როგორც შიში არის საკუთარ თავშივე სილაჩრის, უშედეგობის, არაფრის მიღების, დაკარგვის, სიცარიელის-მის გარეშე ცხოვრების მიერ შექმნილი სხვა ადამიანის ბუტაფორია შენში, ასეთივე გახადა მან ჩემი  შიშნარევი სიყვარული.

დღეს მე მკაცრ ზომებს ვიღებ, პირდაპირ, სასიკვდილო განაჩენით ვაძევებ  შიშს ჩემგან!  თუმცა არამხოლოდ სიყვარულის, არამედ, ყოველგვარი შეგრძნების, ქმედებისა თუ არსებობის, რომელიც აუცილებლად მჭირდება, რომელიც სამოთხის იშვიათ, ერთადერთად არსებულ ყვავილებივით საძებნია ჩემს გულსა და გონებაში, რომელსაც  მხოლოდ, ჭეშმარიტი  სიყვარული, დასჭირდება აღმოსაჩენად, მოსაშენებლად და გასახარებლად!  მერე ხომ, ამ სამყაროს ყველანაირ სილამაზეს გადააჭარბებდა, ჩემი, შენი აღმოჩენილი, სამოთხის ყვავილის მშვენება, რომელსაც მხოლოდ შენად გაიხდი და უამრავი მისი ხილვით აღტაცებული,  თავისთვის იგივეს ძიებას დაიწყებს, თავის გასამდიდრებლად , რომელსაც მას სხვა სამოთხის ყვავილი მიანიჭებს და რომლისთვისაც მას იგივე, მხოლოდ სიყვარული დასჭირდება.

გავლენ წლები და უჭკნობად ნანახი შენი ყვავილი თავის ყლორტისგან აღმოცენებულ, მისგან გამოსულ სხვა ყვავილების არსებობით უფრო მეტად დამშვენდება, ირგვლივ შემოკრეფილ ყვავილთა სიმრავლე მის ფესვებს მეტად გაამაგრებს, გააძლიერებს და გარემოს  სურნელოვანი სიყვარულით აავსებს, ყველაზე ტკბილი საკმევლის სურნელების მსგავსად, რომელიც მუდმივად უნდა აკმიო უფლის წინაშე, – ვინც ეს ყვავილი(ები) შენთვის(თქვენთვის) გააჩინა და პირიქით.

დაივიწყე ყოველგვარი შიში, როცა სიყვარულს გრძნობ სულსა და სხეულში ატომურ აფეთქების მსგავსად მოვარდნილს, დაივიწყე შიში, რომელიც შენში დაბადებულ ბედნიერებას ტანჯვად გიქცევს და მერე  საკუთარ გრძნობათა გასვენებაზე ურცხვად დაგპატიჟებს, საპატიო სტუმრად გამოგარჩევს და შენვე მიგაყრევინებს მიწას მისთვის. მოაკვდინე შენში არსებული სიყვარულის შიში, რომელიც არ გაძლევს სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას. გამოიღვიძე უკუნი, შავი სიზმრებისგან და გააფერადე შენი ცხოვრება, შენ ის ხარ ვინც უყვართ, შენ ის ხარ ვისაც უნდა უყვარდეს!

p.s.  ნარცისს სიყვარული სჭირდება მისი სილამაზისთვის სიცოცხლის მისანიჭებლად!

ავტორი : თამარ ნარმანია