Skip to content

საავადმყოფოს სარკმელი

მძიმედ დაავადებული, ორი კაცი საავადმყოფოს ერთ ოთახში იწვა. ერთ–ერთ მათგანს უფლება ჰქონდა, შუადღისას, ლოგინზე წამომჯდარიყო. მისი საწოლი ოთახის ერთადერთ სარკმელთან იდგა და თავისუფლად შეეძლო გარეთ გაეხედა და სუფთა ჰაერი ესუნთქა. მეორე კაცს კი წამოჯდომის უფლება არ ჰქონდა, მისი ლოგინიც სარკმელთან ზურგშექცევით იდგა და ოთახის ყრუ კედლების გარდა ვერაფერს ხედავდა – კაცი საშინლად განიცდიდა თავის მდგომარეობას. ისინი დამეგობრდნენ. ხშირად საუბრობდნენ თავიანთი ოჯახების შესახებ, სახლზე, შვილებზე და სამსახურზე, რომლებიც ენატრებოდათ. იხსენებდნენ წარსულს და ასე გაჰყავდათ დრო.

ამას გარდა, მათ კიდევ ერთი გასართობი ჰქონდათ: ყოველ შუადღეს, როდესაც კაცი სარკმლის პირას წამოჯდებოდა, უყვებოდა მეორე კაცს ყველაფერს, რასაც სარკმლებს მიღმა ხედავდა. ეს უკანასკნელიც აღფრთოვანებით უსმენდა მის საუბარს, გარესამყაროს მონატრებულს მოყოლილი ნამდვილივით ეჩვენებოდა და თავს ბედნიერად გრძნობდა.

სარკმელი მშვენიერ პარკს გადაჰყურებდა. პარკის გვერდით პატარა წყალსაცავი იყო, რომელშიც თოვლივით თეთრი გედები დასცურავდნენ. ამ სურათს, მოსეირნე შეყვარებული წყვილები და სილაში მოთამაშე ბავშვები კიდევ უფრო ალამაზებდნენ და სიცოცხლეს მატებდნენ.

სარკმელთან მჯდომი კაცი ისე დეტალებში და მხატვრულად აღწერდა ყველაფერს, რომ ნამდვილი პოეტი გეგონებოდათ. ამ დროს, მეორე კაცი თვალებს ხუჭავდა,  წარმოიდგენდა მონათხრობ სურათს და გული სიცოცხლის წყურვილით ევსებოდა.

ასე გავიდა რამოდენიმე კვირა და ერთ დილას, როდესაც ექთანი ოთახში წყლის შემოსატანად შემოვიდა, აღმოაჩინა რომ კაცი, რომელიც სარკმელთან იწვა აღარ სუნთქავდა – მშვიდად, ძილში გარდაცვილილიყო და ტუჩებზე, რაღაც უცნაური ღიმილი შეჰყინვოდა. შეწუხებულმა ექთანმა ხელისკანკალით გამოიძახა დამხმარეები და გარდაცვლილის გვამი ოთახიდან გაატანინათ.

მეორე კაცი მარტო დარჩა.

მარტოსული ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და ექიმები ვერ ხვდებოდნენ რა ეღონათ. რამოდენიმე დღის შემდეგ კაცმა მოითხოვა გარდაცვლილი კაცის ყოფილ ლოგინზე გადაეყვანათ და რიოდესაც თხოვნა დაუკმაყოფილეს ცოტა გულზე მოეშვა და დამშვიდდა.

საღამო ხანს ექთანმა ღიმილით დატოვა ოთახი იმაზე ფიქრით,რომ იგი შედარებით უკეთ გრძნობდა თავს. კაცი სრულიად მარტო დარჩა. როდესაც დარწმუნდა,რომ ოთახში აღარავინ შემოვიდოდა ნელ–ნელა, დიდი ძალის გამოყენებით წამოსწია ტანი, იდაყვს დაეყრდნო და შეეცადა სარკმელს გარეთ გაეხედა – გაიხედა კიდეც, თუმცა რამოდენიმე წამის შემდეგ დაფიქრებული და შეწუხებული ლოგინზე მძიმედ დაეშვა. კაცი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. სარკმლიდან მხოლოდ შენობის, ცარიელი კედლები მოჩანდა.

მეორე დღეს კაცმა, მომხდარის შესახებ ექთანს მოუყვა და უთხრა, რომ ვერ გაეგო რატომ უყვებოდა მისი მეზობელი ასეთი მშვენიერი ბუნებისა და მოვლენების შესახებ, როდესაც სინამდვილეში, არც არაფერი ყოფილა მსგავსი.

“შეიძლება სურდა,რომ გაემხნევებინეთ” – უპასუხა ექთანმა. “ის კაცი ბრმა იყო და კედელსაც ვერ ხედავდა”.

თარგმანი: 4motivi.com