“პოლიტიკაში არ არსებობს კეთილი და ბოროტი რუსეთი. რუსეთი ერთია და იგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასოდეს იქნება საქართველოს მეგობარი. იგი იყო, არის და დარჩება საქართველოს მტერი. ბავშვურ ილუზიებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვოთ. პოლიტიკურ მოვლენებს რეალურად და ფხიზელი თვალით შევხედოთ. სულერთია, ვინ მართავს რუსეთს რუსი ივანე მრისხანე თუ თათარი ბორის გოდუნოვი, გერმანელი ეკატერინე მეორე თუ ქართველი სტალინი. ისინი რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებიან. . .
აღარც რომის იმპერია არსებობს და აღარც ბიზანტიის, აღარც არაბთა ხალიფატი და აღარც ოსმალთა სულტანატი, აღარც მონღოლთა ულუსი და აღარც სპარსელთა შაჰინშატი. საქართველო კი არსებობს, იბრძვის, ქმნის. იგი გაუძლებს რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც.
გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ არ დაადგება ბაბაიას დიპლომატიის გზას. ანდაზაა ქართული: დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო. არ უნდა იყოს ეს ანდაზა ძველი. ყოველ შემთხვევაში იმდროინდელი, როცა ჩვენში ლაჩრობა არ ყოფილა პატივცემული.
ანდაზა, ალბათ, მაშინ გაჩნდა, როცა საქართველოში ლაჩრობა კეთილგონიერებად მოინათლა, როცა საქართველო დაგლახდა და ბაბაიას ძებნა დაიწყო. („ბაბა“ თურქულად „მამას“ ნიშნავს. ამ მნიშვნელობით იხმარება იგი დღესაც საქართველოს ზოგიერთ კუთხეში). რამდენიც უნდა ვეძახოთ ჩვენს მტერს ბაბა, არ გახდება იგი მოყვარე და არ გვიპატრონებს მამასავით.
გიორგი ბრწყინვალის საქართველო რომ დაეცა, იმის მერე ვის არ ვეძახეთ ბაბაია- სპარსეთს, თურქეთს, რუსეთს, არ გამოვიდა არაფერი. მტერი მტრად დარჩა.
ჩვენ საცოდავ მეფეებს ეგონათ, რუსეთს ბაბაიას თუ დაუძახებდნენ ეშველებოდათ მათაც და საქართველოსაც. მოტყუვდნენ. ბაბაიამ საქართველოც შეჭამა და მათი დინასტიაც. ბაგრატიონთა გვარი სამად დაჰყო- გრუზინსკად, მუხრანსკად, და იმერეტინსკად- და საერთოდ გააქრო ისტორიის ასპარეზიდან…”
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ