Skip to content

როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი  ცვლილებებისთვის

ბავშვის განვითარების სტადიები თეორიულად ასახავს ბავშვის დაახლოებით განვითარებას ასაკთან შესაბამისობაში და ქმნის სავარაუდო წარმოდგენას, თუ რა შეიძლება იყოს ,,ნორმალური’’ ამა თუ იმ განვითარების პერიოდისათვის. იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა არის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი  ცვლილებებისთვის. კითხვებს უპასუხებს, ფსიქოლოგი: ლელა ტყეშელაშვილი.

 

  1. რა როლს თამაშობს ბაღი ბავშვის ცხოვრებში?

ურთიერთობისა და მზრუნველობითი დამოკიდებულების  პირველ გამოცდილებას ბავშვი ოჯახში იღებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ბავშვს უჩნდება სხვა ადამიანებთან და თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ის ამ ასაკში იღებს უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება, ამიტომ დაახლოებით 3 წლისათვის სასურველია, თქვენი პატარა საბავშვო ბაღში მიიყვანოთ.

საბავშვო ბაღის როლი მდგომარეობს ბავშვის სოციალიზაციაში, ცხოვრებასა და იმ გარემოსთან ადაპტაციაში , სადაც სრულიად განსხვავებული წესები, კანონები და ურთიერთობებია, ვიდრე ოჯახში. ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უფრო დიდია სხვა ადამიანებთან შეგუების, მათი გაგების, მათთან თანაცხოვრების უნარების შეძენის ეფექტი. ამიტომ საბავშვო ბაღში ბავშვის მიყვანა ყველა შემთხვევაში სასარგებლოა.

ასევე, საბავშვო ბაღში სიარული საუკეთესო საშუალებაა ბავშვის სკოლისთვის მოსამზადებლად. იდეალურ შემთხვევაში, აქ მას შესაძლებელია გამოუმუშავდეს  ის უნარები და ჩვევები, რომელთა გარეშეც ძალიან გაუჭირდება სკოლასთან ადაპტაცია, უკეთ და სისტემატიზებულად განუვითარდება ისეთი ფსიქიკური პროცესები, როგორიცაა : მეხსიერება, აზროვნება, მეტყველება… ვიდრე ეს იქნებოდა ყველაზე საუკეთესო საოჯახო პირობებში. არ დაივიწყოთ, რომ რეალობა ამ იდეალურ მიზნებს შესაძლებელია არ შეესაბამებოდეს, ამიტომ მშობელმა ყურადღებით უნდა შეარჩიოს საბავშვო ბაღი, ახსოვდეს, რომ მთავარი ამ ასაკში არის მოვლისა და სწავლების ხარისხი, პირობები და მასწავლებლის სათანადო ყურადღება და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ.

არ არის სწორი, როცა  მშობელს საბავშვო ბაღში შვილი იმისთვის მიჰყავს, რომ გაითავისუფლოს თავი აღზრდის სირთულეებისგან და გადააბაროს ბაღის აღმზრდელს, თანაც იფიქროს, რომ საბავშო ბაღში მიყვანა ავტომატურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებას. მეორე მხრივ, არ ღირს იმით დაფრთხობა, რომ ბავშვი დასაწყისში  ვერ ამყარებს ურთიერთობას თანატოლებთან, ჯერ ერთი, რომ სამეტყველო უნარები არა აქვს სრულყოფილად ჩამოყალიბებული და ვერ ახერხებს სწორად გააგებინოს უცხო ადამიანებს, თუ რა უნდა; მეორეც, ის შეჩვეულია, რომ ოჯახის წევრებს ადვილად ესმით მისი და ითვალისწინებენ მის აზრებს. ასე რომ, ახალი სიტუაცია ამ მხრივაც სასარგებლოა –  ხდება ბავშვის ეგოცენტრულობის დეცენტრაცია.

 

2) რა კრიტერიუმებით შეიძლება შეფასდეს ბავშვის მზაობა სკოლისთვის ?

ბავშვის სასკოლო მზაობას მრავალი ასპექტი აქვს, უნდა განვასხვავოთ ფსიქოფიზიკური, ინტელექტუალური და  სოციალურ-ფსიქოლოგიური მზაობა.

ფსიქოფიზიკურ მზაობაში იგულისხმება სხეულებრივი განვითარების დონე – მსხვილი და წვრილი კუნთების განვითარება. პირველი ემსახურება სხეულის მოძრაობის უნარებსა და მოქნილობას, მეორე კი ფაქიზი მოტორიკის, კერძოდ კი წერისათვის აუცილებელი ხელის მტევნის კუნთების განვითარებას, ასევე, მნიშვნელოვანია სივრცეში ორიენტაციისა, თვალისა და ხელის შეთანხმებული – კოორდინირებული მოძრაობის უნარების განვითარება.

ინტელექტუალური მზაობა გულისხმობს გონებრივი მომწიფების სათანადო დონეს, ხატოვანი და ლოგიკური აზროვნების ასაკისათვის შესაფერის განვითარებას,  ყურადღების კონცენტრირების უნარს  15-20 წუთის განმავლობაში, მასწავლებლის მიერ საკლასო და დამოუკიდებელი აქტივობისათვის გაცემული ინსტრუქციის გაგების და სწორად შესწულების უნარს და ა. შ

ალბათ არავინ იტყვის, რომ ფსიქოფიზიკური და ინტელექტუალური მზაობა აუცილებელი პირობა არ არის მოსწავლეობისათვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, თუ ბავშვი სოციალურ-ფსიქოლოგიურად არ არის მომზადებული, თუნდაც სრულყოფილად ჩამოყალიბებული მხოლოდ აღწერილი ორი კომპონენტი სრულიად უფუნქციო იქნება.

სოციალურ-ფსიქოლოგიური მზაობა  გულისხმობს სწავლის მოტივაციისა და მოსწავლის სოციალური პოზიციის არსებობას, ანუ, მოსწავლეს უნდა უნდოდეს სკოლაში სიარული, უნდა ესმოდეს სწავლის აუცილებლობა, უნდა აინტერსებდეს სიახლეების შესწავლა, უნდა განიცდიდეს თავს მოსწავლედ – ამ როლში უნდა იყოს შესული და ახერხებდეს ქცევის მინიმალურ კონტროლს სასწავლო პროცესში ჩართვისათვის.

 

3) რა მეთოდი იქნება მართებული ბავშვისთვის სწავლის პროცესით დაინტერესება?

ასეთი შეკითხვა ხშირად ისმის, მაგრამ ვფიქრობ, უმჯობესია თავდაპირველად იმაზე დავფიქრდეთ, თუ რატომ ხდება, რომ ბავშვს არ უნდა სწავლა. პასუხი: „ – იმიტომ რომ ეზარება“, – ძალიან ბანალურია და არაფრისმომცემი. რეალურად ყველაფერი უფრო რთულადაა, სწავლის სურვილის არარსებობა, გაკვეთილებისადმი ინტერესის დაკარგვა, შეიძლება, თავად მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან იყოს პროვოცირებული. ეს  უპირველესად ბავშვის მიმართ წაყენებული მაღალი და ხშირად არარეალური მოთხოვნებით არის ხოლმე გამოწვეული.

უფროსმა (მშობელმაც და მასწავლებელმაც)  ამ კუთხით კრიტიკულად უნდა გადახედოს თავის სტრატეგიებს, შეესაბამება თუ არა ბავშვისთვის წარდგენილი სტანდარტი მის ასაკს, მის არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ ფიზიკურ და ემოციურ შესაძლებლობებს.

არ შეიძლება ბავშვს ვაიძულებდეთ საათობით იმეცადინოს, მით უფრო თუ ის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეა, რადგან მის წამყვან ქცევას – ყველაზე ბუნებრივსა და განვითარების თვალსაზრისით სასარგებლოს – თამაში წარმოადგენს.

იმისათვის რომ სწავლა თუ საყვარელ არა, სულ მცირე, უსიამოვნო საქმიანობად არ იქცეს, მაგალითად, პირველკლასელის მეცადინეობის ჯამური დრო 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს, რასაკვირველია ორი 10-წუთიანი შესვენებით. ბავშვს ამ ასაკში არ შეუძლია ხანგრძლივად იჯდეს ერთ ადგილზე, ასეთი დატვირთვა მის ნერვულ გადაძაბვას გამოიწვევს.

სწავლის სიყვარულს ხელს უშლის მშობლისა და მასწავლებლის მხრიდან ბავშვის მიმართ მუდმივი შეფასებითი დამოკიდებულება, კრიტიკა, ნიშნებზე აქცენტირება და დაბალი შეფასების შემთხვევაში საყვედური, დასჯის შიში. ეს კიდევ უფრო ზრდის მარცხისა და შეცდომების ალბათობას. შესაბამისად, ბავშვის გამხნევება, შექება, გახალისება სწავლას მისთვის სასიამოვნო პროცესად გადააქცევს.

მნიშვნელოვანია ბავშვის ტემპერამენტის თანდაყოლილი თვისებების, ინდივიდუალური, უნიკალური თავისებურებების გათვალისწინება, დავალებების ინდივიდუალურად შერჩევა, ბავშვის ინიციატივის, მისი ინტერესებისა და სურვილების მოსმენა და გათვალისწინება, თამაშით სწავლა, სახალისო აქტივობების, მისთვის კეთილგანწყობილი და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნა, სწავლის პროცესში ხელოვნების, მოძრაობის, ესთეტიკის, თვალსაჩინოებისა და სხვა სასარგებლო რესურსისა და სტრატეგიის გამოყენება, ე.წ. გასვლითი გაკვეთილები, ბუნებასთან და ცოცხალ სამყაროსთან ურთიერთობა.

მასალა მოამზადა: თამარ მირცხულავამ