ერთ დღეს კაცმა ხანში შესული ქალი შენიშნა გზის მეორე მხარეს. მიუხედავად სიბნელისა, აშკარად შეამჩნევდით, რომ მას დახმარება სჭირდებოდა. როდესაც კაცი ქალბატონის ავტომობილს მიუახლოვდა ის იღიმებოდა, თუმცა ეტყობოდა, რომ რაღაც აწუხებდა. „საათზე მეტია, რაც აქ ვდგავარ და არავინ გაჩერდა დასახმარებლად.“ – თქვა ქალმა და თან უცნობ მამაკაცზე ფიქრობდა. „ხომ შეიძლება რამე დამიშავოს? მშიერი და ღარიბი ჩანს, მე კი ერთი ხანშიშესული დაუცველი ქალი ვარ.“
თუმცა როგორც ჩანს კაცი ხვდებოდა, რას გრძნობდა ქალი. „როგორ შემიძლია დაგეხმაროთ? ავტომობილში რატომ არ ზიხართ, იქ ხომ უფრო თბილა?“ – ჰკითხა მან თბილად ქალს და ყოველგვარი ეჭვი გაუფანტა. „ჩემი სახელია, ბრაიან ანდერსონი.“
ქალბატონის ავტომობილს დიდი პრობლემა არ აღმოაჩნდა. ბრაიანმა ცოტაოდენი ძალის ძალის გამოყენებისა და ხელების დასვრის ხარჯზე ადვილად შეძლო ავტომობილის შეკეთება.
ვიდრე ბრაიანი ავტომობილის შეკეთებას ცდილობდა, ქალი მას საუბრით ართობდა. აღმოჩნდა რომ ქალი ამ უბანს არ იცნობდა. „ არ შემიძლია გამოვხატო, რაოდენ მადლიერი ვარ, რომ დამეხმარეთ.“ – უთხრა მან ბრაიანს.
ბრაინს გაეღიმა და ავტომობილის შემოწმება განაგრძო. შეკეთების შემდეგ ქალმა ბრაიანს ჰკითხა, თუ მისი რამდენი მართებდა. „წარმომიდგენია, რამდენი ხნით მომიწევდა აქ ყოფნა, თქვენ რომ არ გამოჩენილიყავით. გთხოვთ, მითხარით რამდენი მმართებს თქვენი, ყველანაირ თანხაზე თანახმა ვარ.“ ბრაიანს ეს წამითაც არ გაუვლია გულში. ის ადამიანს ეხმარებოდა, რომელსაც დახმარება ესაჭიროებოდა, ღმერთმა იცის რამდენს გაუწვდია დახმარების ხელი მისთვის წარსულში. ის მთელი ცხოვრება ასე ცხოვრობდა და არ შეეძლო სხვაგვარად მოქცევა.
„თუ ნამდვილად გსურთ მადლობა გადამიხადოთ“, უთხრა მან ქალბატონს. „როცა მომავალში ვინმე გაჭირდებულს ნახავთ – დაეხმარეთ. დაფიქრდით ჩემზე.“
ამის შემდეგ კაცი ქალს დაემშვიდობა და მანამ ფეხი არ მოუცვლია, ვიდრე მისი ავტომობილი ბინდში არ ჩაიკარგა.
რამოდენიმე მილის გავლის შემდეგ, ქალმა პატარა სასადილო დაინახა. ძლიერ მოშიებული იყო, სურდა რაიმე ეჭამა და ამიტომაც ავტომობილი გააჩერა და შეიარა. სასადილო ღარიბული ჩანდა. მიმტანი, ახალგაზრდა ქალი ღიმილით მიესალმა ქალბატონს და შეკვეთა გამოსთხოვა. მიმტანს ღიმილი სახიდან არ შორდებოდა მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ფეხზე იდგა, თანაც ქალმა შეამჩნია, რომ იგი 7–8 თვის ორსული იქნებოდა. „ასეთ ღარიბ და გაჭირვებულ ადამიანს, როგორ შეუძლია ამდენის გაცემა“ – ფიქრობდა ქალი, როცა ბრაიანი გაახსენდა.
როდესაც სადილი დაასრულა, ქალმა ასდოლარიანი ბანკნოტა გაუწოდა ოფიციანტს. მიმტანი ხურდის მოსატანად წავიდა, თუმცა როდესაც უკან დაბრუნდა იქ არავინ დახვდა. გაკვირვებულმა მაგიდის ალაგება, რომ დაიწყო გადაშლილი უბის წიგნაკი შენიშნა, რომელზეც რაღაც ეწერა.
მიმტანს თვალზე ცრემლი მოადგა, როდესაც სიტყვები წაიკითხა: „შვილო, თქვენ ჩემი არაფერი გმართებთ. ცოტა ხნის წინ, მეც თქვენსავით მჭირდებოდა დახმარება და ისევე უანგაროდ დამეხმარნენ, როგორც ახლა თქვენ გეხმარებით. და თუ ნამდვილად გსურთ მადლობის გადახდა, გთხოვთ ნუ შეწყვეტთ სიკეთისა და სიყვარულის ამ ჯაჭვს.“ წიგნაკის ქვეშ კიდევ 4 ასდოლარიანი ბანკნოტა იდო.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საქმე ჰქონდა, მიმტანს მთელი საღამო არ ახსენდებოდა ხანშიშესული უცნობი ქალი და მისი სიტყვები.
როცა ღამით დაღლილი სახლში დაბრუნდა და საყვარელ ქმარს გვერდით მიუწვა, რომელსაც მის ლოდინში ჩასძინებოდა ახალგაზრდა ქალი ფიქრობდა: „როგორ მიხვდა უცნობი, რომ ჩვენ ეს ფული ასე გვჭირდებოდა? არადა როგორ წუხდა ამის გამო ჩემი უიღბლო ქმარი, რომელმაც სამსახური ახლახანს დაკარგა…“ დაძინებამდე, ცოლმა ქმარს ნაზად აკოცა და ჩუმად ჩასჩურჩულა: „ყველაფერი რიგზეა. მე შენ მიყვარხარ, ბრაიან.“