Skip to content

რატომ არის ძნელი ქართველობა? – ნაწყვეტი რომანიდან „დათა თუთაშხია“

„თუთაშხიამ ღვინო შეგვივსო, ღიმილით შემოგვათვალიერა, ჭიქა ასწია:

– ერთ სადღეგძელოს ჩამოვაყალიბებე სათქმელში. … ქუთაისში ძმაკაცმა დუქანში შემიპატიჟა საქეიფოდ ერთხელ. სამი სხვა შემოგვიერთდა თანდათანობით და უსაშველო სმა ატყდა, მაგარი სმა! სადღეგრძელო ინება ლხინის უფალმა თასი იყო ასფუთიანი, იმით დავლიეთ დიდი გაჭირვებით ყველამ. დათიკო ერქვა ერთს, არ დალია მან. სალუქვაძე იყო გვარად მეორე შემოსწრებული, დათიკოს უთხრა, დალიე, შე კაცო, რა დაგემართაო! დათიკო , ნამეტანი ძნელია, ვერ დავლევო. გაიკვირვა სალუქვაძემ: ქართველობა, საერთოდ, ძნელიაო, უთხრა, ვითომ ქართველობა ხელობა იყოს რამე. გამეცინა და ჩამრჩა მეხსიერებაში სამუდამოდ. მართლა ძნელია ქართველობა, ბატონებო, და სიძნელე მარტო ის კი არაა, ჩაფებით და ჭურებით რომ უნდა სვას ქართველმა. მთავარი სიძნელე იმაშია, რომ უზის სუფრას, საწყალი, დაიწყებენ მის სადღეგრძელოს, აიყვანენ ცაში, გაასწორებენ ღმერთებთან, უნდა უსმინოს მან და იყოს ასე! რას იზამს საცოდავი, არ აქვს სხვა გზა და გამოსავალი. დიდი მოთმინებაა საჭირო, დიდი! ასე მგონია მე რომ ქართველი კაცი მოთმინებას სუფრაზე სწავლობს, სწორედ. არ არის მთლად დასაძრახისი ეს ჩვეულება. სხვაგან სულ ერთმანეთის დაცინვაში და ლანძღვაში ვატარებთ დროს. სადმე ხომ უნდა გვიყვარდეს და ვაქოთ ერთიმეორე? ამისთვის სუფრა გვაქვს მოგონილი და კარგია ეს.