Skip to content
ერთხელ ერთმა კაცმა მშენებელი დაიქირავა, რათა ფერმის ძველი სახლის რესტავრაციაში დახმარებოდა. სამუშაო ბევრად უფრო პრობლემური აღმოჩნდა, ვიდრე კაცი და მშენებელი წარმოიდგენდნენ. მეორე სართულზე ამავალმა დაზიანებულმა კიბემ მშენებელს ერთი საათი დააკარგვინა, ცოტა ხნის მუშაობის შემდეგ კი მისმა ელექტრო-ხერხმა მუშაობა შეწყვიტა და ბოლოს რაც არ უნდა სასაცილო იყოს, მშენებლმა, სახლში წასვლისას, თავისი ავტომობილი ვერ დაძრა.
კაცმა დამწუხრებული და დაღლილი მშენებელი სახლამდე საკუთარი ავტომობილით წაიყვანა. მშენებელი გზად ხმას არ იღებდა, თუმცა როდესაც მის სახლს მიუახლოვდნენ, კაცს მადლიერების ნიშნად სთხოვა ცოტა ხნით სტუმრად შემოევლო და მისი ოჯახი გაეცნო.
კაცი დასთანხმდა მშენებელს და ისინი სახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვნენ. მათ ბილიკზე ერთი პატარა ხე შემოხვდათ. მოულოდნელად მშენებელი წუთით შეჩერდა ხესთან და მის ტოტებს ხელით შეეხო, თითქოს მათზე რაღაცას ტოვებსო.
როდესაც სახლის კარი გაიღო და კაცი და მშენებელი ოჯახში შევიდნენ, მშენებლის განწყობა სასწაულებრივად გარდაიქმნა. სახე მთლიანად უღიმოდა, გულში იკრავდა თავის პატარა ბავშვებს და მეუღლეს სასიამოვნო კომპლიმენტებით ამკობდა.
ცოტა ხნის შემდეგ კაცმა სახლში წასვლა მოისურვა და მშენებელმა იგი ავტომობილამდე მიაცილა.
გზად მათ ისევ იმ პატარა ხეს ჩაუარეს, კაცს გაახსენდა მშენებლის უცნაური ქცევა ხესთან მიმართებაში და ამ ხის შესახებ ჰკითხა.
“ეს ჩემი პრობლემების ხეა” – უპასუხა მას მშენებელმა. “იცით წარმოუდგენელია უპრობლემოდ ცხოვრება, ყოველდღიურად უამრავი პრობლემა მხვდება, როდესაც დილით სახლიდან გამოვდივარ – ეს გარდაუვალია, თუმცა მჯერა, ისინი ჩემს შვილებს და მეუღლეს არ ეკუთვნიან – განა რა მათი ბრალია?! ასე რომ ყოველ საღამოს, როდესაც სახლში ვბრუნდები, ამ ხის ტოტებზე ვტოვებ ყველა ჩემს პრობლემას, დილით კი ისევ თან მიმაქვს.
“თუმცა მაინც სასაცილოა ” – ღიმილით დაამატა მან. “როდესაც დილით მათ წასაღებად მოვდივარ, ბევრად ნაკლები მხვდება, ვიდრე ღამით დავტოვე.”
4motivi.com