Skip to content
ეს ამბავი ახლო წარსულში მოხდა. ერთ-ერთ მთიან სოფელში იყო ერთი მწყემსი, რომელსაც დიდი არაფერი ებადა. ერთი სახლი, რამოდენიმე ცხვარი და ერთადერთი ერთგული ძაღლი ჰყავდა. ახალგაზრდა იყო, როცა ცოლი მოიყვანა და შვილიც საყმაწვილო ასაკისა გახლდათ.
ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ მის ერთ-ერთ ცხვარს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო მას ძაღლივით ყეფა შეეძლო. პატრონს ხშირად ერეოდა ცხვრისა და ძაღლის ხმები ერთმანეთში. რამდენიმე ხნის შემდეგ შეამჩნია, რომ ცხვარს ძროხის ხმის იმიტირებაც გამოსდიოდა. მწყემსი მიხვდა, რომ მისი კუთვნილი ცხვარი პაროდიის ნიჭით იყო დაჯილდოვებული. პატრონმა გადაწყვიტა ეს შანსი გამოეყენებინა და ცხვარი სოფლის ცენტრში წაიყვანა. ის სხვადასხვა სანახაობებს აწყობდა ქუჩაში და ცოტაოდენ ფულსაც შოულობდა. სოფლის მცხოვრებლები და ტურისტები, განსაკუთრებით კი ბავშვები, აღტაცებულნი იყვნენ ცხვრის ასეთი ნიჭით.
იმ დროისთვის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ცხვრის ხორცის წარმოებით იყო დაკავებული, საშინელ ვითარებაში იმყოფებოდა. მას აბრალებდნენ პროდუქტში ცხენისა და ძაღლის ხორცის შერევას, რადგან მოქალაქეებს კომპანიის ფერმიდან ხშირად ესმოდათ აღნიშნული ცხოველების ხმები. გენერალური დირექტორი ვალდებული იყო პრესისთვის ახსნა-განმარტებები მიეცა. ამ გაჭირვების წუთს კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა ნიჭიერი ცხვრის შესახებ უამბო და გაკოტრებისგან ხსნის გეგმა წარუდგინა. იმ დღესვე მწყემსს შესთავაზეს კოლოსალური თანხა ცხვრის სანაცვლოდ. გახარებულმა პატრონმა უსიტყვოდ დაუთმო კუთვნილი საჩუქარი და სიამაყით ავსებული სოფელში დაბრუნდა.
– მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი განსაკუთრებული ცხვარი „მაესტრო“ – დაიწყო სიტყვით გამოსვლა პრესკონფერენციაზე კომპანიის დირექტორმა და ჟურნალისტებს მასთან გვრედით მდგომ ცხვრისაკენ მიუთითა. – ალბათ გაინტერესებთ რატომ არის ის განსაკუთრებული ან რა კავშირშია იმ ჭორებთან, რაც ეხლახანს გავრცელდა ჩვენს კომპანიაზე?! მოგახსენებთ!
წარმოთქვა მან და ქვეშევრდომებს რაღაც ანიშნა. უცებ დარბაზში გაისმა ძაღლის ყეფის ხმა და ყველას გასაკვირად ამ ხმას ცხვარიც აჰყვა. შემდეგ ცხენის ჭიხვინიც გაუშვეს დარბაზში და ამ ამოცანასაც მშვენივრად გაართვა თავი „მაესტრომ“.
– გაგიკვირდათ არა?! ეს ნიჭიერი ცხვარი ჩვენს ფერმაში ცხოვრობს და ხშირად ირთობს ხოლმე თავს სხვადასხვა ცხოველების ხმების იმიტაციით. ჩვენი მშვენიერი საზოგადოებაც კი სწორედ ამ ცხვარმა შეიყვანა შეცდომაში.
ყველა გაკვირვებული მისჩერებოდა ცხვარსა და დირექტორის უსაზღვრო ეშმაკობას. პრესკონფერენცია დასრულდა ისე, რომ ერთ კვირაში უკვე ყველას დავიწყებული ჰქონდა კომპანიის შესაძლო გაკოტრების ამბავი. სამაგიეროდ, ცხვარი ამ კომპანიის სახე გახდა და ის ყოველ დღე ახსენებდა ხალხს თავისი არსებობის შესახებ. ცხვრის პროდუქტების გაყიდვების წილმა ბაზარზე საგრძნობლად იმატა.
თუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ კომპანიის პროდუქტით რამოდენიმე მომხმარებელი მოიწამლა, რამაც გარდაუვალი გახადა კომპანიის დახურვა. გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ ის მართლაც ურევდა პროდუქტში ცხენისა და ძაღლის ხორცს.
ამ ამბის შემდეგ „მაესტრო“ თავის ძველ პატრონს დაუბრუნეს. მწყემსი უკვე მდიდარი ადამიანი გახლდათ და მით უმეტეს, რომ შეამჩნია ცხვარს უწინდელივით პაროდიის ნიჭი აღარ ჰქონდა, არც აცია, არც აცხელა და ჩვენი „მაესტრო“ სუფრაზე გაუშვა მოხარშული ხორცის რანგში.
ასე, რომ ადამიანები, როდესაც რამე განსაკუთრებულ ნიჭს აღმოაჩენენ სხვა ადამიანში, ცდილობენ სათავისოდ გამოიყენონ და მაქსიმალურად ამოწურონ. როდესაც ის დაიცლება, არც იმას ტოვებენ რაც მისგან რჩება. ის ადამიანი კი ვინც ნიჭს უგუნურად იყენებს და უმიზნოდ ფლანგავს მართლაც იმ ცხვარს ემსგავსება, რომლის ბოლოც სხვის კუჭში მოხვედრაა.
გამომგზავნი: მიხეილ დვალიშვილი;