იყო და არა იყო რა, ჰიმალაის მთის ძირში 80 000 სპილო ცხოვრობდა. მათი ლიდერი იშვიათი თეთრი, კეთილი სპილო იყო. მას ძალიან უყვარდა თავისი უსინათლო, უსუსური დედა, რომლისთვის ველური ხილის მოსაპოვებლად თეთრი ტყეში ღრმად შედიოდა და იქიდან საკვებს მაცნეებს ატანდა. მაცნეების უგუნური ქმედების გამო დედა ამას ვერასდროს იღებდა. ამის შესახებ სპილო სახლში დაბრუნებისას იგებდა. კეთილი თეთრი სპილო ჯოგს სძულდა. ერთ დღესაც ჯოგის მიტოვება და საყვარელ დედასთან ერთად გადასხლება გადაწყვიტა. ტბისპირა გამოქვაბულში წაიყვანა. ვარდისფერი ლოტოსებით დაფარული გარემო საუცხოო იყო. ერთხელ სპილოს ხმამაღალი ტირილი მოესმა. მეტყევეს გზა არეოდა და საოცრად შეშინებული იყო.
დიდი სპილოს დანახვაზე შეშინებული სწრაფად გაიქცა. სპილო თან გაჰყვა და უთხრა, რომ მისი დახმარება სურდა, რომ ამ ტყეს შესანიშნავად იცნობდა და სამშვიდობოს გაიყვანდა. მიაღწია რა მეტყევემ ქალაქს, გაიგო, რომ მეფე ბრაჰმადუტას სპილო გარდაცვლილი იყო და ახალს ეძებდა. აღელვებული მეტყევე დაუყოვნებლივ ეახლა მეფეს, თეთრი სპილოს შესახებ ამცნო და მის პოვნაში დახმარება აღუთქვა. გახარებულმა მეფემ დაუყოვნებლივ გაგზავნა ჯარისკაცები. დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ, როგორც იქნება, სპილოს მიაგნეს. თეთრი სპილო დედასთვის ლოტოსებს აგროვებდა. სპილო მეფის კაცების დანახვისთანავე ყველაფერს მიხვდა. არ უნდოდა ვინმესთვის რამე დაეშავებინა და მათთან ერთად წასვლა გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ მეფე შეისმენდა მის თხოვნას.
დედამ გარედან შემოსული ხმები მოისმინა და საქმის ვითარებას მიხვდა. შეეშინდა, რომ მეფე მის შვილს ბრძოლის ველზე გაიყვანდა. იწვა და მწარედ ქვითინებდა. სამეფო სპილოს გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს. ქალაქი ულამაზესად იყო მორთული. თუმცა სპილოს გამხიარულებას ვერანაირად ვერ ახერხებდნენ. შეშფოთებულმა მწვრთნელებმა ამის შესახებ მეფეს მოახსენეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ საკვებისა და სასმელის გარეშე სპილო დასუსტდებოდა. შეშფოთებული მეფე თავად მივიდა მასთან, საკვები შესთავაზა და მწუხარების მიზეზი ჰკითხა. თეთრმა სპილომ უპასუხა, რომ ვერ შეჭამდა იქამდე, სანამ დედას არ შეხვდებოდა. მეფემ მისი ადგილსამყოფელი ჰკითხა. სპილომ კი უპასუხა, რომ უსინათლო დედა ჰყავდა და მასზე ზრუნვა არავის შეეძლო. მოწყალე მეფემ მათი ამბავი გულთან მიიტანა და სპილო გაათავისუფლა. ბედნიერი სპილო სირბილით წავიდა სახლში, წყლით აივსო ხორთუმი და დედას დაასხა. დედა შეცბუნდა და ქვითინი დაიწყო. შვილმა სიყვარულით გადაუსვა ხელი და უთხრა, რომ გულმოწყალე მეფემ სამუდამოდ გაათავისუფლა. აღელვებული დედა კეთილ მეფეს ლოცავდა. თეთრი სპილოს სიკვდილის შემდეგ მეფემ ტბის პირას ქანდაკება აღმართა და კეთილშობილი არსების პატივსაცემად ყოველწლიური ფესტივალი დანიშნა.
მორალი: ყოველთვის იზრუნე მათზე, ვინც შენთვის ძვირფასია. პატივი ეცი სხვის გრძნობებს.
მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა