Skip to content

ნოდარ დუმბაძის ჩანაწერები უბის წიგნაკიდან

კაცობრიობას ჰგონია , რომ მან რაღაცა უკვე ააშენა – სინამდვილეში ჯერ არაფერი არ აუშენებია – იგი მხოლოდ აშენებს საძირკველს რაღაც გრანდიოზულისათვის, თვითონაც რომ წარმოდგენა არა აქვს.

დიდი ხნის წინ მოვიკლავდი, ბატონო, თავს , მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე.
ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი –მეთქი.

ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.

ხანდახან უცნაური გრძნობა შემიპყრობს–მინდა ისეთი ერის პატარა შვილი ვიყო, დამოუკიდებლობის პრეტენზია არ მქონდეს, ხოლო სხვას –ჩემი ქვეყნის დაპყრობის სურვილი. ო, რა ბედნიერება იქნებოდა ასეთი ყოფნა!

დაბადება – თავისთავად არის უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და სინათლისაკენ და რა ძნელია და მტკივნეული ეს პროცესი, მხოლოდ მშობიარე ქალმა იცის.ჩვენ ხშირად ვხდებით ამ პროცესის მოწმენი , მაგრამ ამაზე არასოდეს გვიფიქრია.

ყველაზე მეტი ენა მსოფლიოში ღმერთმა იცის. ყველას თავის ენაზე ელაპარაკება. ყველა გლახა იესო ქრისტე არ არის.

ადამიანი ყველაფერს შეიძლება შეეგუოს – უხარისხო ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პურს, უფრო მეტიც– ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, სიშიშვლეს, სიცივეს, სიღატაკეს, მაგრამ სულიერ სიღატაკეს ჩვენი ხალხი ვერ შეეგუება.

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა