Skip to content

დათა თუთაშხია წიგნისა და საქმის სიყვარულზე

წიგნი წავიკითხე, მეკობრეებზე იყო დაწერილი. მეკობრეები ზღვის ყაჩაღებია. აუარება ქონებას აგროვებენ. ერთი სამეფოს საყიდლად კმარა ის ქონება, მარა ვინ იკმარა. მაინც ძარცვავენ, გლეჯენ, იხოცებიან ბოლოს და ოხრად რჩებათ სადღაც უბედურებაში გადამალული სიმდიდრე. რა ხალხია, თუ იცი, ის მეკობრეები? სიყვარულის ხალხია: ხიფათი უყვართ, იმის ფიქრი უყვართ, სადღაც გადასაკარგავში დიდი ქონება რომ აქვთ დამალული. ფული არ უყვართ იმ კაცებს ფულის შოვნა უყვართ, შოვნა! რაც სიმდიდრეს შეუძლია, იმის სიყვარული რომ ჰქონდეთ, ხომ დაანებებდნენ მეკობრეობას თავს და გაინაპირებდნენ სამშვიდობოზე? სულელი კაცის სიყვარულია ის სიყვარული, მარა მაინც სიყვარულია, სხვები სიხარბეს ეძახიან ამას; სიხარბე რაა, უფრო ესმის ხალხს და მიტომ. გინდა შენ ფულის შოვნა, მარა რა გაკლია იცი? ხიფათის სიყვარულს არ ვამბობ, არ გაქვს და არც უნდა ჰქონდეს შენი ჯიშის კაცს, მაგრამ ფულის სიყვარული მაინც გმართებს იმდენი, რომ მისი გულისთვის ხიფათის არ გეშინოდეს. არც ეს გაქვს. ქუთაისში სვიმონ საპყარაძეა ერთი ხარაზი. ორმოცი წელიწადია ადანაიას სახლის სარდაფში ზის და წაღებს კერავს. გოგოები ექვსი გამოზარდა სვიმონმა ამით, ყველა გაათხოვა და დააბინავა და სარდაფიდან არ ამოდის დღესაც. მასავით კარგი კაცი თუ იქენი, უმზითვოდ ნაიყვანენ შენს გოგოებს, ბონია, სიხარულით წაიყვანენ, მაგრამ ამისთვის არ დამიწყია ეს ლაპარაკი, სხვა მაქვს სათქმელი. ჩექმები შემიკერა ერთხელ, აწონა სასნორზე გირვანქაზე მეტი გამოვიდა და არ გამომატანა არას დიდებით. ამაზე ფილიმონა ტაბატაძემ თქვა, საქმის დიდი სიხარბე აქვს საპყარაძესო. სიხარბე არაფერ შუაშია აქ, თავისი საქმის სიყვარული აქვს სვიმონს. ზოგს გონია, სიყვარული მარტო ცოლ-შვილის, დედაკაცის, ფულის და სუკის მწვადის შეიძლება. მენ რომ გიყურებ, გონია, არც შენი მიცვალებულების სიყვარული გაქვს, არც შენი გოგოების და არც იმ შენი ძაბუნიასი, ძუკნა ძაღლს რომ დაამსგავსე, თვარა კაცის კვლაში ნაშოვნი ფულით არ დააპირებდი შენი მიცვალებულების სამარეზე ქვების დადებას, ცოლისთვის დარაიების ყიდვას, შვილებისთვის მზითვის გაწყობას. როცა სიყვარული არ გაქვს ვერც კაცს მოკლავ მაშინ; სამშობლო თუ არ უყვარს ადამიანს, მტრად მოსულ კაცს ვერ მოკლავს ის… მაგრამ ეს ამბები შენისთანებისთვის ძნელი მისახვედრია, ბონია.