ქართველი მწერალი გურამ რჩეულიშვილი დღიურებს თორმეტფურცლიან რვეულსა და ფოტოსურათების უკანა მხარეს წერდა. მოგვიანე ბით მისი ჩანაწერები მწერლის დამ შეაგროვა და ერთ კრებულად გამოუშვა.
ბევრჯერ, არც ისე ბევრჯერ, უფრო სწორად ხუთი- ექვსჯერ, მიცდია დამეწერა რაიმე საინტერესო , გინდაც უინტერესო, მაგრამ მაინც დამეწერა, ჯერ ყაზბეგს ვბაძავდი, მერე ვინ იცის ვის, მაგრამ ერთ გვერდზე მეტის დაწერა ვერ შევძელი. ახლაც, როცა ვწერ, მიზნად მაქვს მოვაბა რომანი, პატარა მოთხრობა მაინც, მაგრამ უკვე გაქანება აღარა მყოფნის. თავს ვანებებ წერას, მაინც მინდა წერა. ვეცდები, ვწერ, მაშ, რა ვქნა , რაღაც მაინც ხომ უნდა გავაკეთო, არა ?! მარტო მაგიტომ არა, მე მინდა ვიყო მწერალი, თანაც დიდი. მერე რა, მე ჩემი ფიქრებისა არ მეშინია. უკვე შევეჩვიე, რაც მინდა, ის
არ შემიძლია, ასე იყო ბავშვობიდან. მაშინ მინდოდა ტანკისტი გამოვსულიყავი, მერე მთვარეზე მივფრინავდი…..
მთებში დავდივარ, მაგრამ ალპინისტი არა ვარ, ღვინოსა ვსვამ, მაგრამ ლოთი არა ვარ, გულუხვი ვარ, მაგრამ ფული არა მაქვს …. საყვარელი არა მყავს, მაგრამ მინდა მყავდეს. მინდა მიყვარდეს, მომწონდეს, თუნდაც ერთი წუთით. მას ვერ ვპოულობ, აი, ჩემი საგაზაფხულო სევდის მიზეზიც. უახლოვდება ბუნება აპრილს, კვირტები ისევ შესამჩნევი ხდება, ერთი თვეც და თუ ვერ ვიპოვე დაიფერფლება ეს ჩემი საგაზაფხულო გრძნობა….
ერთხელ მეგონა კიდეც რომ ვიპოვე, ვზივარ ფილოსოფიის ლექციაზე უკანა რიგში, უცებ თვალი მოვკარი წინა მერხზე მჯდარ ულამაზეს გოგონას, კარგა ხანი თვალი ვერ მოვაშორე, სულ მას ვუყურებდი, მაგრამ ვერაფრის თქმა გავბედე. როცა ლექცია დამთავრდა, სწრაფად გამოვედი, ცოტა ხანმა არ გაიარა და ისიც გამოვიდა, ისე ახლოს ჩამიარა, რომ მისი სუნთქვა ვიგრძენი. ლოყაზე მას ლურჯი, ქალური სინაზის დამახასიათებელი, ლურჯი ძარღვი ჩამოუდიოდა, ახლაც მახსოვს როგორ დადიოდა.
ალბათ, ისე როგორც არავინ…. ასეთი იყო ჩვენი, უფრო სწორად ჩემი პირველი შეხვედრა მასთან . რაც იყო, იყო, მაინც კარგი იყო.
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ