Skip to content

მე დავიბადე ლიდერად (ნინო წოწორია)


მე დავიბადე საქართველოში, მაშასადამე, მე დავიბადე ლიდერად.  ქართველებს ერთი განსაკუთრებული თვისება გვაქვს, ყველანი ყველაფერში პირველები ვართ და ყველას გვაქვს ამბიცია, ვიყოთ საუკეთესოები, არ აქვს მნიშვნელობა ვართ თუ არა იმ თვისებების მატარებლები, რომლებიც ლიდერობისთვისაა აუცილებელი. კიდევ კარგი იმაზე მაინც არ ვდავობთ, რომ ლიდერს რაღაც განსაკუთრებული უნდა ახასიათებდეს.

 ლიდერობა მხოლოდ საკუთარი თავით კმაყოფილებას არ გულისხმობს. ,,საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ნიშანია.”(სოფოკლე)  მთავარია, შენში იყოს რაღაც ისეთი, რაც დაგეხმარება გახდე ლიდერი. არ არის აუცილებელი ეს რაღაც რეალურად გამოხატული იყოს. შინაგანი ქარიზმა გაცილებით ბევრის მთქმელია, ვიდრე თვისებათა მთელი ჩამონათვალი. (აქტიურობა, კომუნიკაბელურობა, მასების მართვის უნარი, თანდაჯერებულობა, სიძლიერე და ა.შ.)

 ლიდერობა ხომ ამ ყველაფერს ერთად გულისხმობს. თუმცა, ქარიზმატული ლიდერები უფრო მეტნი, მეტად ცნობილნი და მნიშვნელოვანნი არიან, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გარკვეული თვისებების გამომუშავებით მიაღწიონ ლიდერობას. თუმცა, ამ კატეგორიის ადამიანები იმასაც მალე ხვდებიან, რომ ლიდერობა მხოლოდ სურვილზე არ არის დამოკიდებული.

  ,,მე დავიბადე ლიდერად”.  საკმაოდ ამბიციური განაცხადია, რომელიც ყველა ადამიანის სიამაყეში დევს, ყველა ამბობს, რომ ის საუკეთესოა. ქართველს ხომ სიამაყეც განსაკუთრებული აქვს. სიამაყე, რომელიც ხშირად ამპარტავნებაში გადადის და რომელსაც ლიდერობასთან არაფერი აქვს საერთო, თვითკმაყოფილება უფროა, ვიდრე რეალობის ასახვა, ეს კი ლიდერისთვის ფატალური შედეგით შეიძლება დამთავრდეს.
,,მე დავიბადე ლიდერად” და მე შემიძლია, ვიყო საუკეთესო. ყველაფერი, რაც ლიდერობას უკავშირდება უკვე გულისხმობს, რომ დადებითი მოტივის მატარებელია. იდეალურ ვარიანტშიც ლიდერობა რაიმე სასარგებლოს კეთება უნდა იყოს და არა საკუთარი სურვილების იძულებით განხორციელება. ლიდერს ხომ ყოველთვის აქვს მათზე მეტი უფლებები და შესაძლებლობები, ვისზეც ლიდერობს, ანუ ის არის გარკვეული ჯგუფის მმართველი, ლიდერი.

  ,,მე დავიბადე ლიდერად”, მაგრამ დავიბადე კი? Aარასდროს არავინ არ სვამს ამ კითხვას, რადგან საკუთარი ნაკლის შემჩნევა ყოველთვის ყველასთვის ძალიან რთულია. არავის უნდა აღიაროს საკუთარი შეცდომა და იმის აღიარება, რომ რაიმის გაკეთება მის ძალებს აღემატება.

  ,,მე დავიბადე ლიდერად”. მე ხომ გამორჩეული ვარ ყველასგან. შემიძლია ნებისმიერი რამ, თუნდაც, ადამიანის ძალებს აღემატებოდეს მისი გაკეთება. სისუსტის აღიარება რატომღაც სირცხვილად მიიჩნევა გაუგებარი მიზეზების გამო. ლიდერს ხომ სისუსტის უფლება არ აქვს, თუმცა, ყველას ავიწყდება ის, რომ ლიდერიც ჩვეულებრივი მოკვდავია და მანაც შეიძლება დაუშვას შეცდომა.

“მე დავიბადე ლიდერად”. რატომღაც ისიც მიიჩნევა, რომ ლიდერად უნდა დაიბადო, ლიდერი ვერ გახდები. არც იმას ექცევა ყურადღება, რომ ადამიანის მონდომებას ბევრი რამ შეუძლია. ყველა აღიარებს, რომ მთავარია მონდომება, მაგრამ ლიდერად მაინც იბადებიან.

  ,,მე დავიბადე ლიდერად”, აქედან გამომდინარე, მე რაღაცით მეტი ვარ სხვაზე.ლიდერი ხომ უბრალო ადამიანი არ არის და გარკვეულ შემთხვევაში რაღაც ზეციური შესაძლებლობებიც მიეწერება.

  ,,მე დავიბადე ლიდერად”. სხვა შესაძლებლობა არც არსებობს. მე ხომ საქართველოში დავიბადე.