Skip to content

მოტივაციის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში (მარიამ დვალიშვილი)


რა როლი უჭირავს ყოველდღიურ ცხოვრებაში მოტივაციას? ცხოვრების წარმართველი ძალაა თუ წარმომართველი იგი? რას ვაძლევთ ჩვენ მას  და რას გვაძლევს ჩვენ ის? საინტერესოა მისი მნიშვნელობის თუ „არამნიშვნელობის“ განსაზღვრა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მოტივაცია, რომ არა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, მართლაც „ყოველდღიური“ იქნებოდა. მოტივი სიცოცხლის წყურვილი, სიცოცხლის მიზანი და ძალაა. რაღაც დასახული მიზნის მიღწევით მოტივირებულნი, ვდგებით ყოველდღე ამ მოტივისკენ მიახლოების წყურვილით. ეს ის სიცოცხლის ძაფია, რომელსაც ცხოვრება მნიშვნელობას სძენს, ეს ის ცხოვრების ფერია, რომელსაც ფერი არ ეკარგება, მაგრამ თუ ეს ძაფი გაწყდა და ამ ფერმაც ფერი დაკარგა, მაშინ დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდებით, დეპრესიის სავსე ჩანთით ზურგმოკიდებულნი, რომლითაც სვლა საკმაოდ რთულია. ერთი წამით წარმოვიდგინოთ ადამიანის ყოველდღიურობა უმოტივაციოდ და დასკვნა შემდგომ ჩვენვე გამოვიტანოთ. იღვიძებ, და გაღვიძება არ გინდა, არ გაქვს ადგომის, გაღვიძების მიზეზი, გეზარება ჩაცმა, სამსახურში, ან უნივერსიტეტში წასვლა,  ეს უაზრო რუტინაც ნერვებს უფორმო ქაოსში ხლართავს, მეგობრებიც აზრს კარგავენ და ზოგადად, ცხოვრებაც ხიბლს კარგავს. ჩნდება კითხვა – რა შეუძლია გააკეთოს ასეთმა ადამიანმა კარიერულ თუ პირადულ წინსვლაში? რა შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ მის მომავალზე? სულიერ განცდებსა და მდგომარეობაზე? ალბათ, არც არაფერი, რადგან უმოტივირებულ კაცს, ის მუხტი არა აქვს, რაც ცხოვრებას უნდა ჰქონდეს, რომ იცხოვრო, მითუმეტეს დღევანდელობაში.

თუმცა, არც ისე შეიძლება გამოვიდეს, რომ ცხოვრებაში სულ მოტივირებულნი შესაძლოა ვიყოთ. რადგან ცხოვრებაში არის ისეთი ჩავარდნები, რომლის შემდეგაც ამ გუბიდან ამოსვლა არც ისე ადვილია. ალბათ, ყველა ადამიანს ჰქონია ასეთი მომენტები ცხოვრებაში. ასე, რომ მოტივაციის ხარისხი ყველა ადმიანში სხვადასხვაა, ზოგში ეს ხარისხი დიდია, ზოგში  კი პირიქით. ეს პიროვნული, ინდივიდუალური ტვინის ტალღებიდანაა წამოსული და მოტივაციის დონეს განსაზღვრავს. ზოგისთვის ცხოვრება უაზრობა და ბურუსია, რომელსაც ნაპერწკალი არ აქვს, ის ნაპერწკალი, რასაც სტიმული ჰქვია. ამ ხედვის მქონე ადამიანი შესაბამისად „არამოტივირებულია“, ხოლო ის ვინც ცხოვრებაში ახალ–ახალ მიზნებს იძენს და განწყობა და სტიმული აქვს, რომ ამ მიზანს მიაღწიოს ის მოტივირებულია.

განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი მოტივაციის მნიშვნელობის გასამყარებალად. მაგალითად, ფსიქოლოგიაში ბიჰევიორიზმის მიმდინარეობის თეორია, მოტივაციის მნიშვნელობას აშკარას ხდის. იგი სოციალურ გარემოს და ქცევას ერთ კონტექსტში განიხილავს, სტიმული აქ რეაქციას უდრის ( S= R ), ხოლო თუ მოტივი არ გამიჩნდა ამ გარემოში, მაშინ არც სტიმული მოვა და შესაბამისად რეაქციაც არ მექნება, რომ ქცევა განვახორციელო. ქცევის და რეაქციების გარეშე დარჩენილი სამყარო, კი გალაკტიონის არ იყოს იმ „ უსულდგმულო და ჩონჩხიან ტყეს“ დაემსგავსება სადაც უსულდგმულოდ დაეხეტებიან არსებები და მაშინ ცხოვრებაც უმოქმედო იქნებოდა, ცარიელი და ცივი. დიმიტრი უზნაძის „ განწყობის თეორიაც“ მოტივაციის ხარისხზე დგას. აქ მოქმედების სტიმულს და რეაქციას შორის განწყობაა. ( S àგანწყობაàR ) ამ კონტექსტშიც მოტივი თუ არ მექნა, განწყობისა, რომ რაღაც სტიმული მივცე, რეაქციაც არ მექნება, რომ ქცევაში გადავიტანო იგი, შესაბამისად ორივე შემთხვევაში დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომლის გამოსწორება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მაქვს მოტივი (სტიმული) და მის შესაბამის ქცავას, მიზნის დასახვით ვანხორციელებ.

ჩემი აზრით, არცერთი უკიდურესობა არაა საუკეთესო და რეალური ყოველდღიურ ცხოვრებაში. უფრო სწორად, საუკეთესო და სრულყოფილი კი სრულიად მოტივირებულობა იქნებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ამის საშუალებას რეალურად ცხოვრება არ გვაძლევს. ამიტომ, სასურველი, ზოგადად, როგორც ყველაფერში, ასევე აქაც შუალედის მიღწევა იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. ვთვლი, რომ შეუძლებელია სულ მოტივირებული და ოპტიმისტური იყო ცხოვრებაში, ყოველი წუთი, ყოველი წამი, ზოგჯერ ვვარდებით და ზოგჯერ კიდევ უფრო მძიმედ ვვარდებით უმოტივირებულ და პესიმიზმით გაჟღენთილ წყლით სავსე გუბეში. საიდანაც, რომ ამოვიდეთ „იმუნიტეტის“ შეძენაა საჭირო, რომ გავშრეთ და ახალი მოტივით დავისახოთ ახალი ცხოვრება. თუნდაც, შემდგომ კიდევ ჩავვარდეთ სულ უნდა გვეყოს იმის ძალა, რომ ფრიდრიხ ნიცშეს არ იყოს „ დავსძლიოთ საკუთარი თავი“  და ახალი ენერგია შემოვიკრიბოთ ახალი ფურცლის გადასაშლელად, თუნდაც ამის სურვილი არც გვქონდეს… ერთი შეხედვით ეს მართლაც რთულია, მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაა, რთული ცხოვრება და აქ გადარჩენისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, სადაც არამოტივირებულნი კი არა, მოტივირებულნიც კი ვერ ამბობენ თავიანთ სათქმელს და ვერ ართმევენ ამ სირთულეებს ამ ლაბირინთში თავს. ამ დროს კი „ბედი მდევარი“  ზის და დაგვცინის ამ უმოქმედობისთვის. და თუ გვინდა, რომ ეს ასე არ იყოს, რაც არ უნდა არ შეგვეძლოს უნდა გადავლახოთ ის ბილიკები სირთულისა, რასაც ცხოვრება გვიმზადებს, თუნდაც, ზოგჯერ ზედ ფეხიც წამოგვეკრას.