კოტე მახარაძის ცხოვრებაში პირველად იყო მედეა ჩახავა. ახალგაზრდა პრინცი და შარმიანი ქალბატონი,რომელიც მომხიბვლელობას ასხივებდა. ამბობდნენ, მათ 20 წლიან თანაცხოვრებაში რომანტიკა 7 წელს გაგრძელდაო.
„დედა და მამა პირველად რუსთაველის თეატრში შეხვდნენ ერთმანეთს. ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ. დედას პირველი ქორწინებიდან თემური ჰყავდა. ჩემი მშობლების თანაცხოვრებიდან ბევრი რამ არ მახსოვს, რადგან მაშინ პატარა ვიყავი. კოტესა და დედაჩემის ერთად ყოფნა ჩემთვის შორეული წარსულია.
ჩემს მშობლებს საკმაოდ რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ. მათი მეგობრები საოცარ ამბებს ჰყვებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ისტორიები ჩემს მეხსიერებას არ შემორჩა. თურმე კოტე ჩემი გაჩენის წინააღმდეგი იყო , ასე რომ, ჩემი და მამას პირველი შეხვედრა “მძიმე” იყო. მერე კი მისგან განებივრებული გოგო ვიყავი. ხომ იცით, მამებს გოგონები განსაკუთრებულად უყვართ.“ – იხსენებს მაკა მახარაძე.
მათი ოჯახის დანგრევის შემდეგ გამოჩნდა სოფიკო ჭიაურელი, კოტე მახარაძის უკანასკნელი სიყვარული…
ამბობდნენ, რომ ისინი გვიან შეხვდნენ ერთმანეთს. მართალია, როგორც მსახიობები, დიდი ხანი იცნობდნენ ერთურთს, მაგრამ მათ შორის სიყვარულმა მაშინ იფეთქა, როცა დიდი ვერიკოს ძალისხმევით კვლავ აღდგა “ურიელ აკოსტა”,არაჩვეულებრივი სპექტაკლი. რომელშიც მათ მთავარი როლები ითამაშეს.
„– მაშინ მე და კოტეს გაგანია რომანი გვქონდა. მარჯანიშვილის თეატრის დასი მოსკოვში გავემგზავრეთ გასტროლებზე. კოტემ მოსკოვთან ახლოს, ერთ რომანტიკულ ადგილას დამპატიჟა. მასთან დაქორწინებას ვაყოვნებდი. არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ შეხვდებოდნენ ამას, ამიტომაც უარზე ვიყავი. კოტე კი გიჟდებოდა, ძალიან ნერვიულობდა.
ზამთარი იყო, ნამდვილი რუსული ზამთარი – დიდი თოვლით და მინუს 18 გრადუსი ყინვით. რესტორანში შევედით. იქიდან გამოსულმა, ღვინომოკიდებულმა კატეგორიულად მომთხოვა პასუხი: ახლა, ან “ჰოს” მეტყვი, ან არადა თავს მოვიკლავო. უდარდელად მივუგე, – კარგად იყავი-მეთქი. მეგონა, ხუმრობდა. ის კი ყველაზე მაღალ ადგილას ავიდა, იმის იქით უკვე ხრამი იწყებოდა, კარგადო, – დამიძახა და ნამქერში გადაეშვა. წუთიც არ დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე და უკან მივყევი მეც. მეგობრებმა რომ მოგვიკითხეს, გაოცებულმა რესტორნის დარაჯმა ის ადგილი უჩვენა, სადაც ორი გადარეული ქართველი ხრამში გაუჩინარდა. ცოცხალ-მკვდარი ძლივს ამოგვიყვანეს იქიდან.” – სოფიკო ჭიაურელი.
დღეს კოტე მახარაძის დაბადების დღეა.
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ