2006 წელს, ნიუ იორკის ერთ–ერთი სკოლის (კერძოდ, Xavier High School ) ინგლისურის მასწავლებელმა, მისის ლოკვუდმა, მოსწავლეებს სთხოვა, მიეწერათ თავიანთი საყვარელი მწერლისთვის და სკოლაში მოსვლა ეთხოვათ. რამოდენიმე მოსწავლემ, ამერიკელი მწერალი, კურტ ვონეგუტი აირჩია. მწერალი სკოლაში არ მისულა, თუმცა საპასუხო წერილი მისწერა მოწაფეებს.
“ძვირფასო სკოლის მოსწავლეებო და მისის ლოკვუდ,
მადლობას გიხდით მეგობრული წერილებისთვის. აშკარაა იცით, როგორ გაახაროთ მოხუცი ადამიანი, თავისი მზის ჩასვლის წლებში (84). საჯაროდ აღარ გამოვდივარ, რადგან ვთვლი რომ უფრო და უფრო ვემსგავსები იგუანას.
ჩემს სათქმელს დიდი გააზრება არ სჭირდება: სცადეთ ისწავლოთ ნებისმიერი ხელოვნება, მუსიკა, სიმღერა, ცეკვა, ხატვა, ფერწერა, გამოქანდაკება, წერეთ სტატიები, რეპორტაჟები, არა აქვს მნიშვნელობა, როგორ კარგად ან ცუდად გამოგდით. ნუ გააკეთებთ ამას ნურც ფულის და ნურც ქებისთვის, მხოლოდ გამოცდილებისთვის აკეთეთ – იმისათვის რომ აღმოაჩინოთ რა შეგიძლიათ. მიეცით თქვენს სულს საზრდო.
სრული სერიოზულობით ვამბობ! მე ახლავე დაწყებას ვგულისხმობ. მიჰყევით ხელოვნებას და აკეთეთ ეს მთელი ცხოვრების მანძილზე. დახატეთ მისის ლოკვუდის ლამაზი ან სულაც სასაცილო სურათი და აჩვენეთ მას. იცეკვეთ სახლში სკოლის შემდეგ, იმღერეთ აბაზანაში , გააკეთეთ სახე დაჭრილი პომიდვრისგან, წარმოიდგინეთ რომ გრაფი დრაკულა ხართ.
დღეს საღამოს ასეთი დავალება გექნებათ, ვიმედოვნებ მისის ლოკვუდი არადამაკმაყოფილებელ ნიშანს დაგიწერთ, თუ არ შეასრულებთ. დაწერეთ ექვსხაზიანი ლექსი ნებისმიერ თემაზე. ეცადეთ გარითმოთ. ჩოგბურთს ბადის გარეშე ვერ ითამაშებთ. დაწერეთ როგორც შეგიძლიათ, მაგრამ არავის უთხრათ რას აკეთებთ. არავის აჩვენოთ, არც შეყვარებულს, მშობლებს და არც მისის ლოკვუდს. კარგით?
შემდეგ დახიეთ ფურცელი პატარა ნაგლეჯებად და ერთმანეთისგან მოშორებულ ნაგვის ყუთებში ჩაყარეთ. აღმოაჩენთ, რომ უკვე დაჯილდოვდით თქვენი ლექსის გამო. თქვენ გამოსცადეთ ის, რაც არ გამოგიცდიათ. ახლა მეტი იცით თქვენი შესაძლებლობების შესახებ და უკვე მიეცით თქვენს სულს საზრდო.
დაე, ღმერთმა დაგლოცოთ!”
კურტ ვონეგუტი
თარგმანი: 4motivi.com