დედობრივი გრძნობა არც გონებას ემორჩილება და არც ლოგიკას, მისი გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა თავად გახდები დედა…
არის რაღაცები, რასაც დედა არასოდეს მოგიყვებათ, თუმცა თავად კი გრძნობს და განიცდის…
არასოდეს გეტყვის, როგორ ტიროდა, როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო; ტიროდა, როცა ამ ქვეყნად გაჩენდა; ტიროდა, როცა პირველად აგიყვანა ხელში; ტიროდა ყოველთვის, როცა შენს გამო ეშინოდა, დარდობდა…
არასოდეს გეტყვის, როგორ უნდოდა იმ ნამცხვრის უკანასკნელი ნაჭრის შეჭმა… მაგრამ როცა დაინახა, როგორ უყურებდი გაფართოებული თვალებით და ნერწყვი მოგდიოდა, მიხვდა, უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ კრემით დათხუპნილ შენს ტუჩებს და კმაყოფილ სახეს დაინახავდა…
არასოდეს მოგიყვება როგორ ტკიოდა...ტკიოდა, როცა თმაზე ქაჩავდი, სახეს უკაწრავდი პატარა, მაგრამ ძალიან ბასრი ფრჩხილებით, რომლებიც არაფრით არ დააჭრევინე; ტკიოდა, როცა ძუძუს გაჭმევდა, შენკი ახლად ამოსული პაწაწუნა კბილებით კბენდი და უსისხლიანებდი; ტკიოდა, საშინლად ტკიოდა, როცა ამ ქვეყანას ევლინებოდი…
არასოდეს მოგიყვება, როგორ დარდობდა შენზე, მანამდეც კი, სანამ დაიბადებოდი. არ მოგიყვება როგორ უთხრა უარი მეზობელ გოგონას, რომელმაც შენი ხელში აყვანა მოინდომა და როგორ შეეკუმშა გული, როგორ შეკრა ფარულად მუშტი, როცა გოგომ მაინც აგიყვანა… როგორ გამალებით უცემდა გული, როცა პირველად გაიარე… როგორ იღვიძებდა ღამით მხოლოდ იმიტომ, რომ შენი სუნთქვა შეემოწმებინა, შენი მშვიდი ძილი დაეცვა საშიში სიზმრებისგან… ადგილს ვერ პოლობდა, სანამ სადმე წასული სახლში მშვიდობით არ დაბრუნდეობოდი… დილით ყველაზე ადრე დგებოდა, გზაზე მიმავალი რომ გაეცილებინე…
არასოდეს გეტყვის, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა. დიახ, დედა თავად არის საკუთარი თავის ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსი, კარგად იცის ყველა თავისი ნაკლი და ხშირად საკუთარი თავი სძულს კიდეც ამისთვის. ძალიან უნდა იყოს იდეალური დედა, ყველაფერს აკეთებს ამისთვის, მაგრამ ისიც ხომ ადამიანია – ამიტომ უშვებს შეცდომებს. ნეტა დროის დაბრუნება შეეძლოს, რამდენ რამეს შეცვლიდა, რამდენ შეცდომას აღარ დაუშვებდა, მაგრამ… ჰოდა მიუტევე, გულისხმიერება გამოიჩინე საკუთარი დედის მიმართ, იცოდე, რომ იმ მომენტში მან ის გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო…
არასოდეს მოგიყვება, როგორ ათევდა ღამეს შენს საწოლთან, როგორ გიმღერდა ღამის სამ საათზე იავნანას, ოღონდ როგორმე ჩაგეძინა, თავად კი თვალები ეხუჭებოდა. და როცა ბოლოსდაბოლოს ჩაგეძინებოდა, იწვა თქვენს გვერდით და ძილი აღარ ეკარებოდა, უყურებდა პატარა ანგელოზის ჩაძინებულ სახეს და უსაზღვრო სიყვარულს გრძნობდა, სიყვარულს, რომელსაც არც ტკივილი და არც დაღლილობა აშინებს…
არ მოგიყვება, რომ გაცილებით მეტხანს გატარებდა, ვიდრე 9 თვე. ხელით გატარებდა, როცა სახლს ალაგებდა, როცა ცალი ხელით ძლივს ახერხებდა საჭმლის ჭამას და მაშინაც კი, როცა ეძინა. ეღლებოდა ხელები, საშინლად ტკიოდა ზურგი, მაგრამ ეჭირე…ეჭირე იმიტომ, რომ შენ მასთან გინდოდა. გულში გიკრავდა, გკოცნიდა, გეთამაშებოდა. შენ კი ბედნიერი იყავი, რადგან დედას ყოველთვის აყავდი ხელში, როცა მოგინდებოდა.
არასოდეს გიამბობთ, როგორ ეკუმშებოდა გული, როცა შენს ატირებულ სახეს ხედავდა – მისთვის ხომ ეს ყველაზე ძნელი სანახავი იყო. ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო, რომ შენთვის ცრემლები შეეშრო. მაგრამ როცა ვერ ახერხებდა, მისი გულიც იმდენივე ნაწილად იშლებოდა, რამდენი ცრემლიც თქვენს ბავშვურ სახეზე ჩამოგორდებოდა.
არასოდეს მოგიყვება, რომ მთელ ენერგიას შენ გახარჯავდა და დღის ბოლოს ძალა სულ აღარ რჩებოდა. მაგრამ მომდევნო დღეს ისევ ყველაზე ადრე იღვიძებდა ყველაფერს თავიდან აკეთებდა…მისთვის შენ ხომ საკუთარ თავზე უფრო მნიშვნელოვანი იყავი.
არასოდეს გეტყვი, რომ ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს, ყველა ტკივილის, დარდის, თეთრად გატარებული ღამის მიუხედავად, მაინც მზადაა ყოველივე ხელახლა გამოიაროს…
ამიტომ, როცა დედას ნახავთ, უბრალოდ უთხარით მას მადლობა, უთხარით, რომ გიყვართ. ეს მისთვის ყველაზე დიდი საჩუაქარი იქნება…
ავტორი: ნათია