Skip to content

“თუ შინაგან ომში გაიმარჯვებთ, ნამდვილ ომსაც მოეღება ბოლო” – ოშო

„თუ საკუთარ თავთან არ გქონიათ შინაგანი ომი, თქვენ გარეთ ვერ იომებთ. თუკი თქვენს შინაგან ომში გაიმარჯვებთ, ნამდვილ ომსაც მოეღება ბოლო.“
– ოშო

ჩვენ ინდოეთში მაჰავირს მძლეთამძლეს, გამარჯვებულს ვუწოდებთ, მაგრამ ის არასდროს იბრძოდა, არავისთან უომია. მან მხოლოდ საკუთარ თავს სძლია და თუ თქვენც ძლევთ საკუთარ თავს, თქვენი ბრძოლა სხვებთან დაუყოვნებლივ შეწყდება, რამეთუ სხვასთან ქიშპობა მხოლოდ ფანდია საკუთარ თავთან ბრძოლის ასაცილებლად.

თუ საკუთარ თავს ასე თუ ისე ვერ უგებთ, თქვენ იტანჯებით, ან თქვენი შინაგანი დისკომფორტი სხვაზე გადაგაქვთ. შინაგანი დაძაბულობის დროს თქვენ მზად ხართ დრამისთვის. ნებისმიერი საბაბი, ამ დროს, გამოსადეგია და თქვენ „თავს ესხმით“ ნებისმიერ ადამიანს – ცოლშვილს, მშობლებს, მეგობრებს თუ ნაცნობებს.

როგორ უნდა მოვიცილოთ შინაგანი კონფლიქტი და გაღიზიანება?

თქვენ სხვას იმიტომ ებრძვით, რომ თქვენში გამუდმებით გროვდება ბოღმა და ღვარძლი და საჭირო ხდება მათგან დაიცალოთ. საკუთარი თავის მძლეველი ადამიანი, აღარ განიცდის შინაგან კონფლიქტს, ომი შეწყვეტილია. მასში აღარ არის ორი დაპირისპირებული „მე“, ის ადამიანი უკვე ერთიანია, მრთელია თავის თავში, რომელიც არასოდეს გადმოანთხევს ბოღმას.

შინაგანი კონფლიქტი ძალზედ მტკივნეულია, ბევრი მიზეზის გამო. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენ ყველას კარგი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, ისიც მართალია, რომ ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.

ფსიქიატრები გვირჩევენ, რომ ცხოვრებისთვის საჭიროა ილუზიები, რადგან თუკი იფიქრებთ რომ თქვენ ეგოისტი, საზიზღარი, აუტანელი და ბოროტების მთესველი ადამიანი ხართ და ის სახე, რომელიც მართლაც გაგაჩნიათ თქვენში შემოაღწებს, მაშინ საერთოდ ვეღარ შეძლებთ ცხოვრებას, საკუთარი თავის მიმართ რწმენას დაკარგავთ. თუმცა ეს ასე არაა.

ადამიანის ტვინი ილუზიებს მორჩილდება და იოლ გზას ეძებს: „რატომ უნდა ვეცადო სიკარგეს? უბრალოდ ირწმუნე, რომ კარგი ხარ. ეს ხომ ასე მარტივია. შექმენი შენი სახე – მშვენიერი, ღვთიური, შეუდარებელი და თვით ეს ილუზია მოგცემს სასიცოცხლო ენერგიას.“

დაფიქრდით, თუ ილუზიები ამდენ ენერგიას იძლევიან, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი საკუთარ თავს შეიცნობთ, თქვენს ჭეშმარიტებას ჩაწვდებით. თუმცა ეს ხანგძლივი პროცესია. მისთვის საჭიროა სიმამაცე, რათა არ ელოდო და არ მოიხიბლო მოკლე გზით. რეალურ ცხოვრებაში მოკლე გზები არ არსებობს, მოკლე გზები ილუზიებია. ცხოვრება მძიმეა და არც ზრდაა ადვილი; ზრდა ბრძოლის შედეგია;

შეუძლებელია ზრდა უსასყიდლოდ მიიღო; ის, რაც იაფია, ვერ დაგეხმარებათ ზრდაში. მხოლოდ ტანჯვა გიშველით, საკუთარ თავთან ბრძოლას მოაქვს სიმწვავე, ზრდა, გამოცდილება და სიმწიფე. შესაძლებელია სიმწიფის მოკლე გზით მიღწევა? მეცნიერული მიღწევების წყალობით, ხდება მცენარეებში და ცხოველებში სიმწიფის ხელოვნურად მიღწევა, მოკლე დროში. ამას მალე ადამიანებზეც გამოცდიან. თუმცა ასეთი გზით მიღებული სიმწიფე არასრულყოფილია.

ბუნება არსად ჩქარობს. დაიხსომეთ! ტვინი ჩქარობს ყოველთვის, ბუნება კი არასოდეს. ცხოვრებისთვის მთავარია გამოცდილება და არა დრო. ცხოვრებას შეუძლია მოცდა, ტვინი კი ვერ მოიცდის – მას სიკვდილი უახლოვდება. იქნებ სწორედ ამის გამო ეძებთ გზას უმარტივესი ილუზიებით – ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ ისეთები, როგორნიც გინდოდათ ყოფილიყავით. ეს ილუზია ძალიან ძვირფასია. ძნელია მასზე უარის თქმა. მისი წყალობით ხომ, თქვენ უსასყიდლოდ ხართ ზუსტად ისეთი, როგორიც გსურთ ყოფილიყავით. ყველაზე ადვილი ილუზიებში ცხოვრებაა, სინამდვილე კი ძნელია და მძიმე. უნდა იტანჯოთ, უნდა გაიაროთ ცეცხლში. რაც უფრო მეტად დაიწვებით, მით უფრო მეტი ფასი დაგედებათ.

თქვენ ებრძვით სხვებს იმიტომ, რომ ეს ადვილი გზაა. თქვენ ფიქრობთ, რომ კარგი ხართ და სხვები ცუდები, ამიტომაც ომი მუდმივად თქვენს გარეთ მიმდინარეობს. თუკი ილუზიებს უარყოფთ, ეს ომი შინაგანად გადაიქცევა: თქვენ სიმართლეს თვალებში შეხედავთ და გეცოდინებათ, რომ არც ისე კარგი ხართ, როგორც საკუთარ თავს აჯერებდით და საჭიროა რაღაცის გაკეთება, იმისათვის რომ უკეთესი გახდეთ.

ამ შინაგანი კონფლიქტის წყალობით, თქვენ მიაღწევთ მთლიანობას. თუ არსებობს შინაგანი კონფლიქტი, მაშინ იქმნება ქაოსიც და ამ ქაოსიდან იბადება ახალი არსება.

ხელახლა დაბადებისთვის საჭიროა ქაოსი, ქაოსიდან გაჩნდა სამყაროც. მანამ, სანამ დაიბადებით, საჭირო იქნება ქაოსი – შინაგანი ბრძოლა, რომლის შემდეგ იქმნება მშვიდობა და იბადება თქვენი ნამდვილი „მე“. თუმცა ეს არ იქნება ის იაფფასიანი მშვიდობა, რომელსაც თქვენ ისურვებდით.