Skip to content

თავისუფლების ესთეტიკა

ომი მშვიდობაა

 

მონობა თავისუფლებაა 

უმეცრება ძალაა 

 
„ჩვენ პატივს მივაგებთ თავისუფლების სახელს და არსს, თავისუფლებას ხოტბას ვასხავთ და სათაყვანებელ ძეგლებს ვუგებთ. თავისუფლება სრულად ითხოვს ჩვენს სამსახურს. თავისუფლება! ეს არის სიტყვა, რომელიც სასწაულებს ახდენს. ეს არის სიტყვა, რომელიც სმენას ატკბობს, რადგანაც თავისუფლება სამართლიანობას ნიშნავს, ხოლო სამართლიანობა ბუნების კანონია. სიჯანსაღის, სიმეტრიის და ძლიერების, ძმობის და თანამშრომლობის კანონი“. ეს სიტყვები ჰენრი ჯორჯს ეკუთვნის და XIX ს. 1877 წელს წარმოთქვა საჯარო მიმართვისას, სან-ფრანცისკოში. ეს მიმართვა ძალიან პოპულარული გახდა და მას „ოდა თავისუფლებას“ ან და „მთავარი სიმართლეს“ უწოდებენ დღესაც. შეუძლებელია ამ სიტყვებს არ დაეთანხმოს ადამიანი, ვერც ვიპოვნით მსგავს არსებას. შესაძლებელია მოვიაზროთ რომ ვიღაცისთვის ეს შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ იგი თუ ამას საჯაროდ განაცხადებს, მყისვე მიეკერება თავისუფლების მოწინააღმდეგის სტატუსი, ასეთები კი ადამიანებს არ მოსწონთ და მასთან კომუნიკაციასაც არ მოისურვებენ. შესაბამისად მისთვისვე მიუღებელი გახდება ასეთი რამ და შედეგი იქნება მაინც ის, რომ ასეთი ადამიანი რეალობაში ამას არ გააკეთებს. ასევე შეგვიძლია მოვიაზროთ ისეთი ადამიანიც რომელიც რაღაც მანქანებით მოახერხებს და გარკეული ძალაუფლების საშუალებით ეცდება სხვების თავისუფლების შეზღუდვას, მაგრამ არა მგონია ვინმემ შეძლოს და იპოვოს თუნდაც ერთი ფაქტი სადაც თავისუფლების სახელით ასეთი ადამიანები, უბრალოდ, არ მოუშორებიათ. ასევე შეგვიძლია მოვიაზროთ ისეთი ადამიანებიც რომლებიც შეიძლება შეეცადონ „თავისუფლების სახელით“ ადამიანთა მოტყუებას, მაგრამ ასეთი ადამიანებისთვისაც სრულდება ტყუილი.„ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება“, – ასევე ძალიან ცნობილი პრინციპი თავისუფლების მოყვარული ადამიანებისთვის. თავისუფლება მხოლოდ ინდივიდუალური არსებობს, რადგან მისი გააზრებას მხოლოდ ადამიანები ახერხებენ, მხოლოდ ადამიანს შეუძლია დაიცვას მისთვის ღირებული თავისუფლება. დაიცვას, ვისგან? ასევე ადამიანისგან რა თქმა უნდა. თუ სხვა ადამიანისგან შენს თავისუფლებას დაცვა სჭირდება მაშინ ინდივიდი ყოფილა დამნაშავე, რადგან ყოველ ინდივიდს ინდივიდუალური თავისუფლება შეიძლება ქონდეს, რა თქმა უნდა. ყოველი ინდივიდისთვის იმდენად ღირებულია საკუთარი თავისუფლება რომ იგი მოტივირებული არასოდეს იქნება სხვისი თავისუფლება შეზღუდოს რადგან ამ დროს საკუთარის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, ადამიანი კი რაციონალური არსებაა. შეგვიძლია მოვიაზროთ ხომ სხვანაირი ადამიანები? რა თქმა უნდა, მაგრამ ამგვარი დისკურსის შედეგებზე ზემოთ უკვე ავღნიშნე.

„დედამიწა ადმიანის და მასზე დაბლა მდგომი ქმნილებისთვის საერთოა, თუმცა არსებითია ის გარემოება, რომ ადამიანი საკუთარ თავს განაგებს, ანუ საკუთარი თავი მას ეკუთვნის და არც ერთ სხვა ადამიანს მასზე უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის სხეულის ძალით და მისის ხელით შექმნილი ნივთები მის დამსახურებულ საკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად ადამიანი რასაც ბუნებიდან იღებს ან რასაც მასში დებს, რაშიც თავის შრომას აქსოვს და ან ამატებს იმას, რაც უკვე მისია და ამ გზით თავის საკუთრებად გარდაქმნის მისი კანონიერი კუთვნილებაა“. ალბათ გეცნოთ ჯონ ლოკის სიტყვები საკუთრების შესახებ, რომელსაც თავისუფალი ადამიანი თავად ქმნის. აქაც შეუძლებელია არსებობდეს ადამიანი რომელიც ამას არ დაეთანხმება, რა თქმა უნდა მოაზრება შეგვიძლია სხვაგვარი ადამიანების, მაგრამ აქაც იგივე ლოგიკა მოქმედებს.

არსებობს ადამიანი და არსებობს თავისუფლება, სხვაგვარი დისკურსის წარმოდგენა შეუძლებელია. მორალი? ესეც თავისუფლების იდეაში დევს. ყოველი მორალური სენტენცია ამის მერე ყალიბდება, თვითოეული თქვენგანი თავად აყალიბებს საკუთარ მორალურ კოდს, ხოლო თუ ვინმე გეტყვით რომ უმრავლესობა მორალური წესების, ადამიანებისთვის საერთოა და აქ ინდივიდუალიზმი რა შუაშია? შეგიძლიათ დაუფიქრებლად უპასუხოთ რომ ადამიანი რაციონალური არსებაა, რაციონალიზმში კი გადამწყვეტი ლოგიკური გამომდინარეობაა. როდესაც ერთი ადამიანის ქცევა სხვა ადამიანის მიმართ, მისაღებია იმ მეორე ადამიანისთვის, უფრო მეტიც ის ამგვარ კომუნიკაციაზე თანხმდება. სხვა ადამიანისთვის ეს მაგალითია საკუთარი კომუნიკაციის დამყარებისთვის ნებისმიერ სხვა ადამიანთან.
თავისუფლების ეს უმთავრესი სიმბოლოები, საუკუნეების მანძილზე განსჯის, კამათის, შეჯერების და დაუსრულებიელი განვითარების შედეგია და სანამ ადამიანი არსებობს ეს იდეა ყოველთვის კატეგორიული იმპერატივი იქნება ადამიანისთვის.რა შუაშია ესთეტიკა? ნამდვილად მთავარი კითხვაა, ასე დავიწყებ პასუხს. ესთეტიკა ეს გრძნობად ემოციური მიმართებაა სამყაროს აღქმის, მსოფლმხედველობა სადაც რაციონალიზმი მინიმუმამდეა დაყვანილი ან და საერთოდ განყენებული. ესთეტიკას მეცნიერებასაც უწოდებენ მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. ჩემთვის ეს დამოკიდებულება, ჩემი ემოციური  კავშირია სამყაროსთან და აქვე დავამატებდი უპირატესიც, რაციონალურ მიმართებასთან პარალელში.

მაშინ ყველა ზემოთ ნახსენები კატეგორია თავისუფლების შესახებ მეორეხარისხოვანი გამოდის, მე ასე არ დავსვადი საკითხს, აქვე დავამატებდი, ყველაფერი ზემოთ ნახსენები რომ ღირებული გახდეს თვითოეული ადამიანისთვის და უპირველესი, მხოლოდ ისეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს, როდესაც თავისუფლებას გრძნობ, როდესაც შენი ემოციური დისკურსი სიამოვნებას განიჭებს, განიჭებს ენერგიას და ძალას რომ ეს გრძნობა შენთან დარჩეს და არასოდეს დაგტოვოს, განიჭებს კმაყოფილებას მიღწეული შედეგებით.ბანალურია და მეცნიერულ ან ფილოსოფიურ მსჯელობას მოკლებული ეს მსჯელობა? შეუძლებელია ისეთი დიდი იდეის, როგორც თავისუფლებაა ამგვარ გაგებამდე დაყვანა? მე ასე გიპასუხებდით, ყველაფერი რაც შენი გრძნობად-ემოციური დამოკიდებულებიდან არ მომდინარეობს და არ მყარდება შენი ემოციებით უსაფუძვლო და სიყალბისთვის განწირული სენტენციებია მხოლოდ.

პლატონმა შექმნა იდეათა სამყარო და ფილოსოფის გენიად ითვლება დღემდე, მაგრამ მისივე მოწაფეები საყვედურობდნენ მას, – იმდენად დააშორა იდეათა სამყარო ადამიანის სამყაროს, რომ მასში ადამიანის ადგილი აღარ დარჩაო. ძნელია არ დაეთანხმო ამ აზრს, თავისუფლების იდეა ჩვენ შეგვიძლია მოვიაზროთ ნებისმიერი გალაქტიკის შემადგენელი ვარსკვლავების სისტემებში არსებულ პლანეტაზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას, გონებას ხომ საზღვრები არ გააჩნია, მაგრამ იქნება ის ღირებული კონკრეტული ადამიანებისთვის? ამის დაშვებაც შეიძლება მაგრამ ამით მხოლოდ გონების ლაბირინთებში გავიხლართებით და დავშორდებით თავისუფლების იდეის გრძნობას.

თავისუფლება ნიშნავს აკეთო ის რაც გსურს – ეს ალბათ ერთერთი ყველაზე პოპულარული გამონათქვამია როდესაც გთხოვენ დაუფიქრებლად უპასუხო კითხვაზე, – რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება. არ არსებობს ამაზე ბანალური ფრაზა თავისუფლების გამოსახატავად, თავისუფლებას მხოლოდ მაშინ გრძნობ როდესაც თავის-უფლებაზე (ქართულ ენაში ყველაზე გენიალური სიტყვა რომელიც იდეას ამომწურავად გამოხატავს) პასუხისმგებელი ხარ, როდესაც შენი თავისუფლება მხოლოდ შენიდან მოდის და შედეგებზე პასუხს თავად აგებ.

მე ზემოთ უბრალოდ ჩამოვთვალე ძირითადი და ბანალური სენტენციები თავისუფლებაზე რომელსაც აფიშირებისთვის, ლოზუნგებისთვის და ხშირად იმისთვის რომ თავდაჯერებულნი ვიყოთ, – ჩვენი ვიცით რას ნიშნავს თავისუფლება, მე ვიცი რას ნიშნავს თავისუფლება ჩემთვის!მე კი ამჯერად მინდა ოდნავ შეგაშინოთ, დაგაეჭვოთ, გაგაბრაზოთ ან სულაც გაგაცინოთ! გონებას ხომ ყველაფერი შეუძლია, ანუ თქვენ შეგიძლიათ დროებით შეაჩეროთ ზემოთ ნახსენები აზრთა ნაკადი და ისიც, რაც მე გამომრჩა, ოღონდ მსგავსია და თქვენი  და დაფიქრდეთ, ოღონდ ემოციურად, გრძნობებით, მოაშორეთ ყოველივე რაციონალური თქვენს გონებას და უთხარით საკუთარ თავს რას გრძნობთ? როგორია სამყარო? როგორია თავისუფლება? (შეგეშინდათ? დაეჭვდით? გაბრაზდით? იცინით?) შეგიძლიათ და ეს აუცილებელიც კია, მაგრამ მე მაინც ვკითხულობ: – რა არის თქვენი თავისუფლება?

იფიქრეთ, იფიქრეთ და ხმამაღლა უთხარით საკუთარ თავს, დაწერეთ, სხვას უთხარით, იყვირეთ, იტირეთ, იცინეთ. შეუძლებელია რომ ეს ვერ შეძლოთ რადგან სხვა შემთხვევაში თქვენ არ არსებობთ! სხვა შემთხვევაში თქვენ უბრალოდ თავს იტყუებთ! (ნიცშე თვლიდა რომ ქრისტეს დაბადებიდან დღემდე, კაცობრიობამ დიდ ტყუილში იცხოვრა, ჩათვალეთ რომ თქვენ ამაზე დიდ ტყუილში ცხოვრობთ, თუ ვერ გრძნობთ რა არის თავისუფლება)
შეგეშინდათ? ეს ძალიან კარგია, დაეჭვდით? ეს უკეთესია, გაბრაზდით? ეს ნიშნავს რომ მძაფრად გრძნობთ რომ საჭიროა ცვლილება, იცინით? ეს ძალიან კარგია რადგან იცით რას ნიშნავს თავისუფლება! მე კი ჩემსას მოგიყვებით რადგან უკვე შემიძლია ეს გავაკეთო, რადგან მე თავისუფალი ვარ. (ჩემი თავისუფლება აუცილებლად იქნება განსხვავებული თქვენი თავისუფლებისგან, მაგრამ საერთო იქნება ყველაზე მთავარი – თავის-უფლება.ადამიანური ცხოვრება რთული ფენომენია (ამაზე ბანალური ფრაზა იშვიათად შეგხვდებათ), მე კი მაინც ასე ვცხოვრობ. ყოველ დილით წამიერად ვფიქრობ, რომ თავიდან ბოლომდე შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას, შევცვლიდი ყოველ დღეს და ვიცხოვრებდი სხვანაირად და აქ მომენტალურად მთავრდება ე.წ. პესიმიზმის წამეული. სხვანაირად რატომ? ეს ჩემი კითხვაა, არ აქვს მნიშვნელობა როგორი განწყობით ვიწყებ დღეს, შხაპით თუ ლუდის ბოთლით, სიგარეტით თუ კბილის ჯაგრისით, სირბილით თუ შუადღემდე ძილით. ნებისმიერი დილის თვალებამოღამებული ფიქრები ამ კითხვით სრულდება და წამიერადვე ლაგდება, ფხიზლდება ჩემი გონებაც. ყოველი დღე წინა დღის ორომტრიალის შედეგია და თუ უკმაყოფილო ვარ, ე.ი. ეს დავიმსახურე და კითხვა რატომ, პირდაპირ გამოსავალია რომ ხვალინდელ დღეს იგივე არ განმეორდეს და ვაკეთებ ყოველდღიურად არჩევანს. ჩემი რაციონალიზმი მთავრდება იქ სადაც იწყება ჩემი „ემოციური ორმოები“ (მიყვარს ეს ფრაზა რადგან როგორც მეუბნებიან პირდაპირ გამოხატავს ჩემს თავისუფლებას). სყოველთაოდ გავრცელებული დეფინირებით, ჩემზე არ ითქმის რომ წარმატებული ადამიანი ვარ, ლოგიკური იქნება იმის მტკიცებაც რომ შემეძლო წარმატებული ვყოფილიყავი ასეთი გაგებით ან ვერასოდეს ვიქნები წარმატებული ასეთივე გაგებით. მე კი ვცხოვრობ და ვაფასებ თვითოეულ დღეს ჩემს მიერ გავლილს, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემს მომავალზე და წარსულზე, აწმყო კი, ეს ჩემი სიამაყეა.

ღმერთს ისე დავშორდი როგორც მექსიკა, მაგრამ რწმენა არ დამიკარგავს, ჩემი თავისუფლება ხშირად მომაბეზრებელია, დამღლელი, ნერვების მომშლელი მაგრამ ჩემია.
ჩემი თავისუფლება ჩემი პრინციპების ერთგულებაა და რწმენაა იმის რომ ეს შეგრძნება არასოდეს  დამტოვებს, როგორია ეს შეგრძნება? დაახლოებით ისეთივე ემოციებს ტოვებს როგორსაც „ჩაკრულო“, ისეთივე მძიმეა როგორც „დიონისოს ღიმილი“ და ისეთივე ბუნდოვანი როგორც „მარტოობის ასი წელი“. რატომ ხელოვნების არტეფაქტები თავისუფლების შეგრძნებებზე? იგივეა ჩემთვის ეს ემოცია. გითრევს და გაბავს, სუნთქვა ხშირდება და გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციას ასამდე ითვლი უკვე, გრძნობ გაურკვეველ სიხარულს, აი ისეთს, თითების ციებ-ცხელებით რომ გამოიხატება და ზურგზეც ჭიანჭველების არმიას ებრძვი, როგორც ნაპოლეონი ვატერლოოზე. მეტაფორები ყოველთვის გეხმარება ემოციურ დისკურსში ბოდიალისას, უყურებ მოდილიანის პროტრეტებს და ცდილობ შენთვის ძვირფას ადამიანებს მოარგო ისე რომ ე.წ. „Copy-Right“ კოდექსი უკანასკნელი იდიოტიზმი გგონია.
 
ხანდახან განმარტოვების სურვილს შემოუტევია, (გავრცელებული აზრით ამას დეპრესიულ განწყობას აბრალებენ ხოლმე ჭკვიანი ადამიანები ისე რომ არც ახსენდებათ, დეპრესია ეს უბრალოდ საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობაა), სადმე სადაც ჰორიზონტს თვალი ვერ სწვდება და ბუნებაც ისე ახლოა რომ ხელით ეხები. – თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა როგორც დაჭრილი ირმების გუნდს წყარო ანკარა, – ყოველთვის მახსენდება ეს სტრიქონები ასეთ დროს, რაღაც გაურკვეველი სიამოვნების შეგრძნებას ტოვებს, გადავყავარ რეალობაში სადაც მხოლოდ მე და ბუნება ვართ, სადაც შეიძლება მართლაც გადავაწყდე მონავარდე ირმების გუნდს და ჩემი თავისუფლებაც უფრო მეტია ვიდრე ეს სამყარო.იშვიათია მარტოობის შეგრძნების შემოტევა მაინც, ბუენდიების მთელი მოდგმა ცდილობდა მაკონდოდან გაღწევას და შეძლეს. არ ყოფილა ჯერ დაურღვეველი საზღვრები რომლის გარღვევაც არ მიცდია მაგრამ მე ხომ მარტო არ ვარ ამ სამყაროში, გოტფრიდ ლენცივით ბევრჯერ გავქცეულვარ ჩემი ქალაქიდან მეგობრებთან ერთად და ჯოჯოხეთშიც ჩავსულვარ სავარსამიძესავით სიყვარულის გადასარჩენად. ეს თავისუფლების რიტორიკაა ჩემეული, ეს ის ემოციაა რომლის ფასიც ჩემთვის შეუფასებელია. ამ ყველაფრის გარეშე ჩემი თავისუფლება ზღაპარია – ჭირი აქა, ლხინი იქა-ს გარეშე.

როდესაც ველოდები საღამოს ეს შეგრძნებები მძაფრდება, ვცდილობ გამოვიცნო ვიცხოვრე დღეს როგორც თავისუფალმა ადამიანმა თუ არა, მაგრამ ეს შეუძლებელია. მხოლოდ გამოძინებულ გონებას შეუძლია წინა დღის შეფასება, ხოლო ის რასაც ვერასდროს გავექცევი ეს თავისუფლების უკმარისობის დაუმთავრებელი გრძნობაა და მეორე დილიდან იგივე იწყება.

რატომ?

იმიტომ რომ არც ერთი დღე წინას არ გავს, არც ერთი ემოცია არ იქნება იგივე, მხოლოდ შედეგი შეიძლება იყოს ყოველდღე ისეთი რაც მოგცემს იმედს რომ ხვალინდელი დღეც ისეთივე სავსე იქნება თავისუფლებით.
 
თუ კი ოდესმე წამიერად დავტოვებ ჩემს თავისუფლებას ეს ნიშნავს რომ მომავალში იქნება ყველაფერი გარდა თავისუფლებისა, ჩემში კი გრძნობებს და ფიქრებს მომავალზე, მხოლოდ „ემოციური ორმოები“ იწვევს. ჩემი მომავალი ჩემი თავისუფლების სამუდამოდ დაცვაზე და შეგრძნებებზეა დამოკიდებული.
 
თავისუფლების ესთეტიკას თუ გინდ ნუ უწოდებთ ამ ყოველივეს, უწოდეთ ნებისმიერ რამ, თუნდაც „წინსწარ გამოცხადებული თავისუფლების ქრონიკა“ ანდაც „თამაში ჭვავის ყანაში“, სულაც ნებისმიერ რამ, ოღონდ ნუ გაცვლით და ნუ დათმობთ ამ გრძნობებს არაფრის ფასად.
გიორგი ჩიქოვანი