ერთ დალაქს არაჩვეულებრივად ლამაზი სამართებელი ჰქონდა, რომელსაც არც საქმეში ჰყავდა ბადალი.ერთ დღეს, როცა სადალაქოში არავინ იყო და დალაქიც სადღაც წასულიყო, სამართებელს ჭკუაში დაუჯდა ქვეყნისათვის შეეხედა და თავიც ეჩვენებინა. ქარქაშიდან ამოსრიალდა, ბასრი პირი დაშნასავით გამოშალა ბუდიდან და გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეს ამაყად დოინჯშემოყრილი სასეირნოდ გაეშურა.
ზღურბლზე გადაბიჯებაც კი ვერ მოასწრო, რომ ფოლადის გაპრიალებულ პირზე მზე აუთამაშდა, სახლების კედლებზე კი მხიარულად აცეკვდნენ ათინათები.
არნახული სანახაობით რეტდასხმული სამართებელი ენით აღუწერელმა აღტაცებამ შეიპყრო და მაშინვე გაიბღინძა.-
ნუთუ ამის შემდეგ სადალაქოში უნდა დავბრუნდე? –
შესძახა სამართებელმა. –
არავითარ შემთხვევაში!
სიგიჟეა,
რისთვის უნდა გავიმწარო სიცოცხლე,
რისთვის უნდა ვპარსო ვიღაც ხეპრეების გასაპნული ლოყები და ნიკაპი.
განა ჩემი ადგილი წვერიპარსიასთანაა?
სულაც არა!
ისე დავემალები,
ვერსად მომაგნოს!
გადიოდა ხანი, დადგა წვიმიანი შემოდგომა. მოწყენილმა მარტოსულმა სუფთა ჰაერზე გასეირნება გადაწყვიტა. მან ფრთხილად გაშალა სამართებელი ბუდიდან და ამაყად მიიხედ–მოიხედა.
მაგრამ, აი საშინელება! ნეტავ რა მოხდა? ოდესღაც ნაზი პირი გაუხეშებოდა, ჟანგიან ხერხს დამსგავსებოდა და მზის სხივებს აღარ ირეკლავდა.
სამართებელი მიხვდა, რომ შეცდა და მწარედ ატირდა:
–რატომ ავყევი ცდუნებას? როგორ მივლიდა და მელოლიავებოდა დალაქი! როგორ ხარობდა ჩემი შრომით! ღმერთო ჩემო, ახლა კი, რა დღეში ჩავვარდი – პირი გამშავებია, დავკბილულვარ და საშინელი ჟანგი მომდებია. დავიღუპე, რაღა მეშველება!
სწორედ ასეთი სამწუხარო ხვედრი ელის ყველას, ვინც ნიჭიერია, მაგრამ იმის მაგივრად, რომ თავისი ნიჭი განავითაროს და სრულყოს, ამაყდება და თვითკმაყოფილი უსაქმურობას ეძლევა. ასეთი ადამიანი, ამ სამართელივით, თანდათან კარგავს ნათელი და მახვილი აზროვნების უნარს, იფიტება, ზარმაცდება და ბოლოს მის სულსა და ხორცს უვიცობის ჟანგი ჭამს.
დიდ მადლობას ვუხდით გიგა დოღონაძეს – ადამიანს, რომელმაც ეს ისტორია მოგვაწოდა.