მეწარმე 1 000 $-ით ახალ დანადგარს შეიძენს; იგივე თანხას, დედა ოჯახს მოახმარს; სტუდენტმა კი, შესაძლოა, სწავლის გადასახადი დაფაროს. ამ გადაწყვეტილებებს აფასებს და ხსნის რაციონალური არჩევანის თეორია. თანხის გახარჯვის განსხვავებული ხედვები შეგვიძლია, მარტივ ფორმულაზე დავიყვანოთ: ინდივიდების მიერ გაკეთებული არჩევანი ორიენტირებულია შედეგის მაქსიმალიციაზე. თუმცა, როგორ ავხსნით მოხუცი ლექტორის ქცევას, რომელიც მიწისძვრისას უკანმოუხედავად, სტუდენტებზე სწრაფად გარბის – მისი ქცევა რაციონალურია, თუ ინსტიქტური? სწორედ ინსტინქტზე დაფუძნებული ქცევა გახდა არჩევანის თეორიის კრიტიკის მთავარი არგუმენტი.
დენიელ ქანემანი ცნობილი ფსიქოლოგია, რომელმაც ექსპერიმენტების მეშვეობით, დაამტკიცა ადამიანის არარაციონალური ბუნება. ამო ს ტვერსკისა და სხვათა მონაწილეობით, შექმნა ადამიანის მიერ არჩევანის დროს დაშვებული შეცდომების შემეცნებითი საფუძველი და მათი განვითარების თეორიის პერსპექტივები. 2002 წელს, მან სამეცნიერო მოღვაწეობისთვის ნობელის პრემია მიიღო ეკონომიკის დარგში.
ქანემანმა კვლევითი სამუშაოები 1960–იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად, მიმართა კოგნიტურ ფსიქოლოგიას და დაადგინა არჩევანის პროცესში ჩართული მენტალური პროცესები. შემდეგ კი, ჩამოაყალიბა ახალი მიდგომა – გადაწყვეტილების ანალიზი რისკის პირობებში. მისი ექსპერიმენტის მონაწილეებს არ ჰქონდათ პრობლემის კომპლექსური ანალიზის საშუალება. გადაწყვეტილების მიღებისას უმეტესობა ითვალისწინებდა არსებულ რისკს და ეყრდობოდა ევრისტიკულ იარლიყებს, ხოლო მცირედი აფასებდა ქცევის რეალურ შედეგებს.
პირველ ექსპერიმენტში რესპონდენტების ჯგუფს წარუდგინეს სტატისტიკური ინფორმაცია ფილტვების კიბოს სამკურნალო ორი მეთოდის შესახებ. იგივე სტატისტიკა მეორე ჯგუფს წარუდგინეს ისე, რომ აქცენტი სიკვდილიანობაზე გაკეთდა. სტატისტიკის გაცნობის შემდეგ, თითოეულმა შეარჩია მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი მეთოდი.
წარდგენილი ინფორმაცია:
პრობლემა 1 (მკურნალობა)
ქირურგია: ქირურგიული ჩარევის 100 შემთხვევიდან, 90-მა გადაიტანა ოპერაციის შემდგომი პერიოდი, 68-მა იცოცხლა 1 წელი, 32-მა – 5 წელი.
ქიმიოთერაპია: 100 ადამიანიდან ყველამ გადაიტანა კურსი, 77-მა იცოცხლა 1 წელი, 22-მა – 5.
პრობლემა 1 (სიკვდილიანობა)
ქირურგია: 100 ადამიანიდან, რომელსაც დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, 10 გარდაიცვალა ოპერაციის დროს, 32 – 1 წლის შემდეგ, 68 – 5 წლის შემდეგ.
ქიმიო თერაპია: 100-დან არავინ გარდაცვლილა მკურნალობისას, 23 გარდაიცვალა წლის ბოლოს და 78 – 5 წლის თავზე.
მოცემული სტატისტიკა იდენტურია, თუმცა ქიმიოთერაპიის მომხრე რესპონდენტების რაოდენობა გაიზარდა 18–იდან 44%–მდე (სულ 247 რესპონდენტი). მთავარი ხრიკი მდგომარეობს წაგების 10-იდან 0%-მდე შემცირებასა და მოგების 90-იდან 100%-მდე ზრდის ჩვენებაში. სწორედ პრობლემის ამგვარი ფორმულირება ქმნის შინაარსობრივ ილუზიას. ამ ეფექტმა იგივე შედეგი გამოიღო ისეთ გამოცდილ ადამიანებზე, როგორებიც არიან ექიმები, ფიზიკოსები და ა.შ.
შემდეგი ცდა, რომელიც ქანემანმა ჩაატარა, არა – სტატისტიკას, არამედ სიტუაციურ ანალიზს ემყარება. ექსპერიმენტის მონაწილეებმა, რომლებიც არ იყვნენ ყავის მომხმარებლები, სწრაფი კვების ობიექტში ფინჯანი ყავა მიიღეს საჩუქრად. რამდენიმე წუთის შემდეგ, მიმტანმა მათ აუწყა შეცდომის შესახებ და შეეცადა ყავის უკან წაღებას. ექსპერიმენტის მონაწილეებმა დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს, მიუხედავად იმისა, აპირებდნენ თუ არა ყავის დალევას.
განხილული მაგალითები მიგვითითებს ადამიანის არარაციონალურ ბუნებაზე. შესაძლებელია, ინდივიდი გარკვეულ ქმედებას განახორციელებდეს სრული შეგნებითა და სურვილით – მიიღოს მაქსიმალური, თუმცა უფრო ხშირად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინსტიქტური და არარაციონალურია.
ავტორი: თამთა დონდოლაძე