Skip to content

დათა გულუა: წერილი თანატოლებს

ახალგაზრდა პოეტი, დათა გულუა 18 წლის ასაკში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა კრებულები “დავბრუნდი თქვენთან” და “მე მაინც მიყვარს ის სასწაული, თეთრი კვიცივით უცებ რომ გარბის”. ახალგაზრდა პოეტის პოეზია ითარგმნა დანიაში, შვედეთში, ესტონეთში, ბულგარეთსა და რუსეთში.
2009 წლის აგვისტოში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ფესტივალზე დათა გულუას მიენიჭა ოქროს მედალი “სიტყვიერების დიდოსტატს” მაღალი პროფესიონალიზმის, ლიტერატურისა და ნაციონალური კულტურის განვითარებისა და წინსვლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, მისი ლექსები “ქართული პოეზიის ანთოლოგიაში” შეიტანეს.
წერილი თანატოლებს
 
გავკადნიერდი და კვლავ დავუბრუნდი პროზას, თუმცა მე არ მეხერხება გაურითმავი ფრაზების წერა… რითმაში მხურვალება იგრძნობა, მაგრამ ვიცი, გაურითმავი ფრაზებიც შეიძლება კოცონივით ააგიზგიზო. სათქმელი ბევრი მაქვს, შევეცდები, იოლად მოგიტანოთ გულამდე.
როდესაც დილა თენდება და თვალებს ვახელ, ნამდვილად ვიცი, რომ მზე მარტო ჩემთვის არ ამომძვრალა დედამიწის ჰორიზონტიდან. მზე არც იმისთვის ამოსულა, რომ უხარია ამოსვლა. ეს მისი ვალდებულებაა, რადგანაც მზე უფლის მოციქულია ჩვენს გალაქტიკაში და დროის ეტლები სწორედ მას არიან მიბმულნი ლაგამივით. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ეტლი გვაქვს ამ ცხოვრებაში და მისი ერთადერთი მესაჭეებიც თავადვე ვართ, ხოლო მეგობრები, მშობლები, ნათესავები მაინც დროებითი მეგზურები არიან ამ ბედის ეტლისა.
მზის ამოსვლა მე უფრო ღრმად მესმის, იმაზე ღრმად,ვიდრე სხვებს ჰგონიათ.შეიძლება ბევრ თქვენგანს არც უნახავს სისხლით თვალაცრემლებული მზე, მაგრამ სწორედ ასეთი მზე ხროტინებს ხოლმე ჩემს სარკმელთან ყოველ დილას. ძალიან მძიმეა ამ ხროტინის მოსმენა, ყველანაირ ხორციელ ტკივილზე ძნელი.ყველაზე დიდი სისასტიკე ის არის, რომ მთელი თავისი სიძლიერით გესმის, აღიქვამ მის ამაზრზენ ხმას და გგონია, რომ ახლა არა და ახლა გაგისკდება სასმენელი. მიუხედავად ამისა, მაინც ვცხოვრობ, იმიტომ რომ ცხოვრება ბრძოლაა….
სულ ორი ადამიანი მეგულება დედამიწის ქერქზე, რომელთაც იციან ტკივილის, ცრემლის,უკიდეგანო თეთრი ღამეების ფასი და მეამაყება, რომ ყოფის წისქვილზე მათთან ერთად ვდგავარ. მთავარია სული და რა გაქანებას მისცემ მას, რომელ გზას დაადგები. მე ეკლიანი ავირჩიე, სავსე ბარიერებითა და ლეშებით. გზა,რომელიც ტაიგაზე გადის, სადაც ბულბულის გალობას მგლის ყმუილი სჭარბობს. რატომ? პასუხი ერთია-ეს არის პირდაპირი ბილიკი სულის სრულყოფისაკენ.
ჩემო თანატოლებო,თქვენ, შეიძლება, ჯერ ბოლომდე არც გესმოდეთ მზის ამოსვლის მიზეზი და არც ძარღვებში სისხლის ბრუნვას უგდებდეთ ყურს.მე, შეიძლება, ბოლომდე ვერა,მაგრამ ერთხელ მაინც განმიცდია ის ტკივილი, რაც ალიონს მოაქვს და ღრუბლების ფერდობებზე ანაწილებს.
გახსოვდეთ,ღიმილით, სიცილით აღსავსე გარემო ყოველთვის როდი კრავს დადებითად დამუხტულ რკალს. მიუხედავად იმისა,რომ ყველანი სულიერი არსებები ვართ-ადამიანები, ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას, მაინც ადვილად ვწირავთ ერთმანეთს ტკივილისათვის. განზრახ? სულაც არა,უბრალოდ ბოლომდე ვერ ვგრძნობთ ტკივილის ფესვებს, ამის ცოდნას გამოცდილება სჭირდება. მე მოსამართლედ არ გამოვდგები, არც ბრალმდებლად, უბრალოდ თქვენი მეგობარი ვარ და ვცდილობ, ჩირაღდანი აგინთოთ იმ გარემოში, სადაც სიბნელის გამო გზის გაკვლევა ჭირს.
ცხოვრება ყვავილივითაა, მისგან სასარგებლო, საამო ნექტარი კი არ ჟონავს, შენ თვითონ უნდა მიაგნო და ამოსწოვო;სწორედ ამ პროცესში ყალიბდები სულიერ არსებად-ადამიანად.გონების ღრმულებში აღმოცენებული ჩემი პოეზია თქვენს სულებამდე ჩაღწევას ცდილობს და არა ნაჩუქარი აპლოდისმენტების მიღებას.
გიყვარდეთ ერთმანეთის სულები და გაუფრთხილდით მათ ისე, როგორც უფრთხილდებით თქვენს სხეულს.სულს თავისი სისხლი გააჩნია და, თუ მისგან დაიცალა ადამიანი, უმალვე ლეშად გადაიქცევა, ლეში კი ყარს. გახსოვდეთ,თქვენი თაფლნარევი შხამი, შეიძლება, თქვენ გვერდით მყოფს სულის სისხლს უწამლავდეს…დაფიქრდით ამაზე, ნუ გაიმეტებთ ადამიანებს ასე, დაინდეთ.
ხვალ?ხვალ კვლავ გადიძრობს მთვარე ღამის პერანგს და მზედ გადაიქცევა;ახალი ბრძოლის ველი გაიშლება ჩვენს წინაშე, ოღონდ იმავე ჯარისკაცებით დაკომპლექტებული….გენერლები გვერდში გვიდგანან, მაგრამ ხვალ ისინი ხომ უნდა შევცვალოთ.
დავუნთოთ ერთმანეთს სულებში სანთლები, რადგანაც ხვალ მათი ერთობლიობა მომავლის გალაქტიკის მზეს კიდევ ერთ სხივს შეუზრდის.
დათა გულუა