Skip to content

გრაფი სეგედი – როგორ მოვახდინოთ იდების რეალიზაცია

ზარანდია იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელთაც ყოველთვის და ყველა განსახილველ საკითხზე აქვთ თავისი აზრი, დასკვნა და მოქმედების მეტნაკლებად ჭკვიანური გეგმაც. ამასთან, კერძოდ ზარანდიას გეგმა მუდამ გონიერი და ქმედითი იყო, თუმცა რამდენადმე უცნაური, თავისებური, გაბედული. ამ თვისებათა გამო, საშუალო გონების, ანდა საკითხზე ცუდად ინფორმირებულ მსმენელს მისი გეგმა არარეალურად, მიუღებლად ეჩვენებოდა. ზარანდიამ იცოდა ეს. ამიტომ თავის საკუთარ გეგმას ერთობ კადნიერად მიაწერდა-ხოლმე თათბირის ყველაზე გავლენიან მონაწილეს, რათა სათქმელი იმ კაცის ავტორიტეტის სიმაღლიდან თქმულიყო. ეს ხერხი გეგმის მიმართ დამსწრეთა წინასწარ კეთილგანწყობას და, საბოლოო ჯამში, გეგმის მიღებასაც უზრუნველყოფდა, მით უმეტეს, რომ ზარანდიას მიერ შერჩეული გავლენიანი მოთათბირე, მზადყოფნით კისრულობდაჭკუამახვილი გეგმის ავტორობას. ზარანდიას მხოლოდ ის აინტერესებდა, რომ მისი გეგმა გასულიყო, და არა ის, თუ ვინ იქნებოდა აღიარებულიავტორად. ეს ოინი მას ჩემს მიმართაც რამდენჯერმეჰქონდა წარმატებითგამოყენებული. უნდა ვთქვა, ადვილად ვტყუვდებოდი ერთი უბრალო, სრულიად ადამიანური თვისების გამო: ჩვენს პოტენციალში, ქვეცნობიერში მუდამ არის დასკვნა ან მისი ჩანასახი, ნაცნობი, ნაფიქრი საგნის გარშემო და როცა სხვანი ამ დასკვნას სიტყვიერ, უკვე ჩამოყალიბებულ ფორმაში გვთავაზობენ, იგი ცნობილ ჭეშმარიტებად და, ამასთან, ჩვენ მიერ დადგენილ ჭეშმარიტებად გვეჩვენება.