ნამდვილი სიყვარული ქრონიკული დაავადება, ის არ იკურნება
თუ ქალი მეუბნება მიყვარხარო , ჩემში ეს მცირედი გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევს.
ქალისაგან კაცის სიყვარული „ბუნებრივი“ ესე იგი ევოლუციის თვალსაზრისით გამართლებული მოვლენაა და ამიტომაც ურთიერთობის არსებობის პირობებში , კაცი ამას იღებს. არ ესაჭიროება სიტყვიერი დადასტურება და მტკიცება. ქალი კი პირიქითაა , სულ უნდა ესმოდეთ , რომ სულ უყვართ, რადგან კაცისგან ქალის სიყვარული ევოლუციის თვალსაზრისით , გადახრაა, აბერაციაა, რადგან უბიძგებს მამაკაცს მონოგამიისაკენ , რაც ბუნებრივი შერჩევის პროცესს აფერხებს. ამიტომაცაა კაცის სიყვარული უფრო მძაფრი და ყოვლისმომცველი, ავადმყოფური. ნამდვილი სიყვარული ქრონიკული დაავადება, ის არ იკურნება .
სიყვარული მსხვერპლით იზომება. როცა ნანასთას სიარული დავიწყე, შეხვედრები, ყველა მსხვერპლისთვის მზად ვიყავი. აღარ დავდიოდი გეპეიში, გამოცდებს ვეღარ ვაბარებდი, ამის გამო სახლში მქონდა სკანდალები. აღარაფერი მახსოვდა, ნანაზე ვფიქრობდი. ეს არის მსხვერპლი,რომელიც მთლიანად ცვლის შენს ცხოვრებას.
ნანა დავინახე თუ არა მომეწონა, მეგობართან ერთად მოდიოდა, რომელსაც მეც ვიცნობდი. რაღაც ძალამ მიბიძგა, რომ მათ წავყოლოდი. ეს მისტიკაა, არ იცი რატომ გიზიდავს. 19 წლის ვიყავი მაშინ. სიყვარულში 6 თვის შემდეგ, მისსავე სახლში გამოვუტყდი. ციოდა, ლექსიც კი დავუწერე. “მე შენ მიყვარხარ“ ნანასთვის არ მითქვამს და ვნანობ ამის გამო. ეს უნდა თქვა, ბოლოს მაინც. მახსოვს, ერთხელ მითხრა, რომ მოვკვდები შენ კიდევ ითხოვ ცოლსო. ძალიან გავბრაზდი, ამიტომ უნდა მეთქვა, სულ ვაპირებდი, რომ მეთქვა მაგრამ…
ნანა ერთი მხრივ ლამაზი იყო, მეორე მხრივ გამოცანა. სიყვარული ყოველთვის თხოულობს გამოცანას, საიდუმლოებას. თუ საიდუმლო არ არის სიყვარულში ხუნდება. ნანა სფინქსი იყო, არ უყვარდა ლაპარაკი. რაც ნანა დავკარგე ტკივილი არ ცხრება. მტანჯავს მხუთავი დანაშაულის შეგრძნება, ბევრი ბოდიში მაქვს მოსახდელი მასთან, არ გეგონოთ, სხვა ქალებთან ეპიზოდური ურთიერთობის გამო. ბოდიში უნდა მოვუხადო უპირველესად იმისთვის , რომ ვერ ვიჩენდი სათანადო ტაქტს მისი ბოლოდროინდელი მდგომარეობის მიმართ მაშინ, როდესაც ნანას მეხსიერებამ უმტყუნა ერთსა და იმავე შეკითხვას დღის განმავლობაში რამდენჯერმე მისვამდა, მოთმინების უნარი არ აღმომაჩნდა. სულ უფრო ვღიზიანდებოდი და უკმეხად ვპასუხობდი. მერე სხვა ოთახში გავიდოდა…
გამოცდილება არის ცხოვრების პროცესი. არ მგონია, რომ ადამიანი საიდანმე ჭკუას სწავლობდეს. ცხოვრება მცდელობისა და შეცდომის სერიაა.
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ