მეუღლეებს შორის მომხმარებლური დამოკიდებულება, ქორწინების და ზოგადად, ნებისმიერი განადგურების ყველაზე მყარი გზაა. ზოგჯერ, ძალადობასაც კი არ აქვს მსგავსი დამანგრეველი შედეგი. ამას არაერთი მაგალითი ადასტურებს. მათ შორისაა ერთ-ერთი მკითხველის შეკითხვა, რომელსაც ქვემოთ მოცემულ სტატიაში გაეცემა პასუხი.
ამონარიდი წერილიდან: „დავუშვათ, არის წყვილი, რომელშიც მამაკაცი აცხადებს: „მომწონხარ, მაგრამ არ მიყვარხარ და ვერაფრის გარანტიას მოგცემ“. როგორ მოიქცეს ქალი, რომელიც გრძნობს, რომ ამ ურთიერთობას აზრი და მომავალი აქვს. სიყვარული ხომ გრძნობაა, რომელიც ხან ცხრება, ხან ინთება – დღეს არაა, მაგრამ ხვალ იქნება და პირიქით. საჭიროა თუ არა, ფუნდამენტი დაამყარო სიყვარულზე? თუ შესაძლებელია, ურთიერთობა სხვა ღირებულებებზე ააგო და სიყვარული პროცესში გადაიტანო?“
ამ შეკითხვების არსებობა აჩვენებს, რომ სიტუაცია უიმედოა. თუ მამაკაცი მსგავს რამეს გეუბნებათ, უნდა დააკვირდეთ, რას იტყვის შემდეგში. თუკი ის იტყვის, რომ დაშორება გადაწყვიტა, კითხვა ამოწურულია, ხოლო, თუ დროის ერთად გატარებას და სქესობრივ კავშირს შემოგთავაზებთ, მისი გაშვება თავადვე მოგიწევთ – რაც შეიძლება შორს. ეს კონკრეტული მამაკაცი ცდილობს, გამოიყენოს ქალი და სანაცვლოდ ძალიან მცირედი გაიღოს.
მსგავსი ისტორია უამრავია. მამაკაცი ქალს სთავაზობს ერთად გართობას, სანაცვლოდ კი ტელეფონზე მაშინ ურეკავს, როცა განწყობა აქვს, მიჰყავს მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც თვითონ სურს და აკეთებს იმას, რაც მხოლოდ თავად აინტერესებს. მას ასეთი ურთიერთობა ძალიანაც მოსწონს! თუმცა, ეს მომხმარებლური დამოკიდებულებაა, რადგან მეორე ადამიანი ასეთ შემთხვევაში რესურსის (ობიექტის) რანგში განიხილება, რომელსაც თითქოს არც ფსიქიკა აქვს და არც გრძნობები. მსგავსი რამ ამაზრზენია. ასეთ ვითარებაში, ისევე როგორც ძალადობის დროს, დაშორება საუკეთესო გამოსავალია.
რა თქმა უნდა, პრობლემა არ არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ქალს ზუსტად ასეთი ურთიერთობა სჭირდება. თუმცა, ფაქტების თანახმად, ქალებს სულ სხვაგვარი დამოკიდებულება სურთ, მაგრამ მამაკაცის ასეთ შემოთავაზებას იმ იმედით თანხმდებიან, რომ კაცი „დაფიქრდება“, „შეიყვარებს“, „გაიგებს“… მაგრამ არა, ილუზიებში ყოფნა უსარგებლოა. ასეთი მამაკაცი აუცილებლად გამოგიყენებთ, სანამ არ მობეზრდებით. რატომ? იმიტომ, რომ ნორმალური პიროვნება არ განიხილავს საყვარელ ადამიანს, როგორც ობიექტს. მსგავსი დამოკიდებულება, ფაქტობრივად, ფსიქიკურ აშლილობას უტოლდება – როცა ვერ ხედავ, რომ მეორეც ადამიანია.
ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, რადგან ადამიანისთვის ნორმალურია გონების თეორიის (Theory of mind) შექმნა, სხვების მიღება, როგორც ცოცხალი, გონებრივი და მგრძნობიარე არსებების, ანუ როგორც სუბიექტებისა. როდესაც ეს თეორია ირღვევა, ადამიანი სხვებს განიხილავს, როგორც ნივთებს. ეს არაა შეშლილობა, მაგრამ ახლოს დგას მასთან. ასეთი ადამიანის განკურნება ადვილი არაა (საერთოდ თუ არის შესაძლებელი), რთულია მასთან გამკლავება. ამიტომ, მსგავსი მამაკაცის გამო დროის და ნერვების ხარჯვა არ ღირს.
თუ დავუბრუნდებით ჩვენი მკითხველის შეკითხვას, ფაქტია, რომ ქალბატონს გონზე მოსვლა სჭირდება, რადგან მას შეუძლია იგრძნოს, რომ აღნიშნულ ურთიერთობას აზრი და მომავალი აქვს, მაგრამ ეს გრძნობა რეალობისგან შორსაა. იგი მხოლოდ ჰორმონების მუშაობის შედეგია, რომლებიც ქალბატონს კრიტიკული აზროვნების უნარს უკარგავს. ასეთ დროს, სუსტდება ტვინის შუბლის სამფრთიანი ნაწილის აქტიურობა და ქვეითდება გონება. ამ მდგომარეობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ფსიქიკის დროებითი აშლილობა, დემენცია და სხვადასხვა სახის ფსიქიკური აშლილობები. ამ კონკრეტულ ქალბატონს, რომელსაც ჰგონია, რომ მსგავს ურთიერთობებს აზრი აქვს, შესაძლოა დროებითი ფსიქიკური აშლილობა აქვს. არ შეიძლება, ბოლომდე გულს მივენდოთ და გონება გამოვთიშოთ. ქალმა აუცილებლად უნდა შეხედოს სიტუაციას ცივი გონებით.
ქალბატონმა ასევე იკითხა, შესაძლებელია თუ არა ურთიერთობის აგება სხვა ღირებულებებზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაწყება ნამდვილად შეიძლება სიყვარულის გარეშეც. ამ შემთხვევაში, წყვილს უნდა აკავშირებდეს ურთიერთპატივისცემა – ღირსებების, დამსახურებების, თვისებათა აღიარების საფუძველზე. პატივისცემა აუცილებლად უნდა იყოს ორმხრივი. ურთიერთობის დაფუძნება შესაძლებელია საერთო ინტერესებზეც, ან ამ ურთიერთობის ღირებულებათა ორმხრივ ცნობაზე. ამ ყველაფერში მთავარია – ორმხრივობა.
ადამიანური ურთიერთობები დგას იმაზე, რასაც სპეციალისტები „თანაბარი გაცვლის თეორიას“ უწოდებენ. შენ – მე, მე – შენ, შენ და მე ეს გვაკმაყოფილებს. მთავარია, ორივემ გავიგოთ, მივიღოთ და ვაღიაროთ, რომ ეს გაცვლა გვაწყობს.
ადამიანი, რომელსაც აღნიშნული თეორია დარღვეული აქვს, მსგავსი გაცვლა არ შეუძლია, სამწუხაროდ თავადვე ემსგავსება ნივთს. ფსიქოლოგები კი გვირჩევენ, რომ ისინი, ვინც თქვენს ნივთად ქცევას ცდილობენ, უნდა მოიშოროთ, მიუხედავად მათი ნაღვლიანი თვალებისა. ეჭვგარეშეა, რომ ნივთის როლში ყოფნა ადამიანისთვის სრულებით შეუფერებელია.