Skip to content

ანდრე მორუას წერილი უცნობ ქალს – სიყვარულსა და ქორწინებაზე

თუ გინდათ გაიგოთ, როგორ უყურებენ ფრანგი ქალები და მამაკაცები სიყვარულსა და ქორწინებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიხსენოთ, რა გზა განვლო საფრანგეთში გრძნობათა ისტორიამ. ამ ისტორიაში ორი მიმდინარეობა აღინიშნება.

პირველი და უაღრესად ძლიერი იყო სენტიმენტალური სიყვარულის მიმდინარეობა. შუა საუკუნეებში სწორედ საფრანგეთში ჩაისახა კურტუაზული სიყვარული. ქალის თაყვანისცემა, მისთვის თავის მოწონება სიმღერის, პოემის (ტრუბადურები) ან საჩინო საქმეთა შემწეობით ყოველთვის ახასიათებდა ფრანგულ ელიტას. არც ერთ სხვა ერს არ მიუნიჭებია ამოდენა მნიშვნელობა სიყვარულისა და ვნებისთვის.

მაგრამ ამასთან ერთად, საფრანგეთში მუდამ არსებობდა მეორე, გაცილებით უფრო პოპულალური მიმდინარეობა. იგი რამბლემ აღწერა. მასში ხორციელი, ფიზიკური სიყვარული თამაშობს მთავარ როლს. ამასთან ერთად, ქორწინება მხოლოდ გრძნობის დასტური კი არ არის, არამედ პრაქტიკული საშუალებაა ბავშვების აღსაზრდელად და საერთო ინტერესების დასაცავად. მოლიერის კომედიებში, როგორც წესი, ქმარი ცოტათი სასაცილოა, ცოლი, თუ შეუძლია, მუდამ ატყუებს მას, მამაკაცი კი სიყვარულს განზე დაეძებს.

მეოცე საუკუნეში გაბატონებულმა მსხვილმა ბურჟუაზიამ, დიდ მნიშვნელობას, რომ ანიჭებდა ფულსა და მემკვიდრეობას, ქორწინება საქმიან გარიგებად აქცია. ამის ნათელი დასტურია ბალზაკის შემოქმედება. სიყვარული, შესაძლოა, მხოლოდ აღმოცენებულიყო თანაცხოვრების, საერთო მოვალეობის, ფიზიკური ჰარმონიის შედეგად. მაგრამ არც ეს იყო აუცილებელი. ხანდახან საფუძველი ეყრებოდა მართლაც ბედნიერ ქორწინებას, თავდაპირველად მხოლოდ საქმიან კავშირად რომ იყო ჩაფიქრებული. მშობლები და ნოტარიუსები მზითევისა და საქორწინო ხელშეკრულების საკითხებს წინასწარ, ქალ-ვაჟის შეხვედრამდე განიხილავდნენ.

დღეს ჩვენ ყველაფერი შევცვალეთ. სიმდიდრე უკვე აღარ თამაშობს გადამწყვეტ როლს, რადგან ინტელიგენტი მოსამსახურე ქალი და კარგი პროფესიის მქონე მამაკაცი გაცილებით დიდ ფასეულობას წარმოადგენენ, ვიდრე მზითევი, რომლის ფულადი ღირებულება არასოდეს არ არის საიმედო. მაგრამ სენტიმენტალურმა მიმართულებამაც – რომანტიკული სიყვარულისკენ ლტოლვამ, წარსული საუკუნეებიდან მემკვიდრეობით რომ გადმოგვეცა, დაკარგა თავის ძალა, რატომ? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თავისუფლებას ნაზიარები ქალი აღარ წარმოადგენს მამაკაცისთვის სალოცავ, იდუმალ ღვთაებას – ახლა იგი მისი მეგობარია. ესეც არ იყოს, დღეს ყმაწვილი ქალები გათვითცნობიერებულნი არიან სიყვარულის ფიზიკურ სფეროში და გაცილებით სწორი წარმოდგენა აქვთ ქორწინებაზეც და სიყვარულზეც.

ვაჟები და ქალიშვილები კვლავ ისწრაფვიან სიყვარულისკენ, მაგრამ მას ეძებენ მყარ ქორწინებაში. გაურბიან ვნებაზე დაფუძნებულ ქორწინებას, რადგან იციან, რომ ვნება ხანმოკლეა. მოლიერის ეპოქაში ქორწინება სიყვარულის დასასრულს ნიშნავდა, დღეს იგი სიყვარულის დასაწყისია. დღეს ქორწინება, განსაკუთრებით ბედნიერ შემთხვევებში, უფრო ღრმა კავშირია – სხეულის, გულისა და გონების კავშირი. ბალზაკის ეპოქაში ცოლის სიყვარული სასაცილოდ მიაჩნდათ. დღეს კი რომანებში გაცილებით მეტ აღვირახსნილობას წააწყდებით, ვიდრე ცხოვრებაში.

ჩვენს რთულ სამყაროში, სადაც თავის გატანა აღარ წარმოადგენს დაუძლეველ პრობლემას, ფრანგი ქალები სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ სიყვარულის ჭეშმარიტ ხორცშესხმას გულისთქმაზე, ურთიერთგაგებაზე დამყარებული ქორწინება წარმოადგენს.

მშვიდობით