როცა ყველაზე ახლოსაა უსასრულობის განცდა…
ძლიერი „მიმაგრებულობის“ ემოცია…
წარმართავს ფიქრს, აზრს და აქამდე „უჩვეულო“ ქცევას…
სუბსტანცია მისტიკა, ლევიტაცია, პარანორმალური მოვლენების შინაგანი სიღრმე…
შემდეგი ეტაპი „აბსტრაქტული რეალობა“, როგორც მამოტივირებელი ინსპირაცია.
ქვეითდება დროის შეგრძნება, მაგრამ ძლიერდება დროის ფასეულობის აღქმა.
ამ დროს ყველაზე ახლოსაა ადამიანი ცასთან და ძნელად გრძნობს მიწის სუნს.
არ არსებობს შუალედური კუთხე დაასვენო სული…აზრი…
არსებობს მხოლოდ ერთი გადაკვეთის წერტილი, სადაც დუმილი და თვალები იმარჯვებს მუდამ.
ყოველი შფოთის შემდეგ, ახალ ეტაპზე იკვეთება ის წერტილი, სადაც ის ორია ერთი სულით.
სინათლე, ამ სავანეში, ყოველთვის არის. თუ მას ვერ ვხედავთ, ეს – ჩვენ, ვკარგავთ მისი აღქმის უნარს ან სურვილს…
როცა სინათლე სუსტდება – ავადდება სული. . .
თავს მოხვეული ზედ-პირული აზრები ემსგავსება „ყველას“ და ის ორი კარგავს ამ „ყველა-ში“ ერთ სულს.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სული ორად არასდროს იყოფა, ის მთლიანად ცოცხლობს ან მთლიანად კვდება. . . სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩნდება ძლიერი სურვილი ახლიდან განათდეს… ეს ნათება კი იყოს დასაწყისი ახალი სიცოცხლის, მაგრამ მიწასთან ახლოს დაშვებული სული მძიმდება, მუქდება, უფერულდება და ქრება, თუ სიყვარულმა არ მოუსწრო.
სიყვარული კი ამ დროს გზაშია, ბევრი სიძნელის გადალახვა უწევს, არაკეთილმოსურნეთათვის გვერდის ავლა, მაგრამ ამბობს, რომ არასდროს დანებდება, რადგან არა-ამქვეყნიურია. .
სწორედ ამ ღვთიური ბუნების გამო, ათავისუფლებს ყველას ამქვეყნიური კულტების, დოგმებისა და სი-ავი-საგან, ვისაც ის ირჩევს.
ყველაზე საინტერესო „აზროვნებითი ოპერაციები“ ახასიათებს. ერთი შეხედვით არასტაბილურობაც, მაგრამ ეს უფრო დიმანიკაა ურთიერთობის ვიდრე „გრანადაში“ დაბადებული უპასუხისმგებლობა.
სიყვარულის მამოძრავებელი ძალა სულის სწრაფვაა სიკეთისა და სათნოებისკენ, რითაც ღმერთს ვუახლოვდებით. ღმერთი თავად არის სიკეთე და სათნოება და ამ „სულიერი წონასწორობის დებულებით“ ვამტკიცებთ, რომ ღმერთი თავად სიყვარულია. სხვას, ვის შეუძლია გვაჩუქოს და გამოგვიგზავნოს ეს გრძნობა, თუ არა თავად სიყვარულს.
გაორება სულის სისუსტეა… შიში უიმედობა… ღალატი სულის დაღლაა ტკივილამდე…
როგორი ნამდვილი სწრაფვა აქვს სულს მოიპოვოს სიმშვიდისა და თანაგრძნობის უწყვეტი და წყვეტილი სპექტრი…
როგორი ნამდვილი გამოხატულება აქვს სულს შექმნას უკიდურესობების „კოლაბორაცია“, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ძლიერი სიყვარულით დათრგუნოს არა-ღირებული, შუა-სკნელური მატერიები, რომელსაც იდეოლოგიურ კატასტროფებამდე მივყავართ, გვართმევს ჯანსაღ აზრს, ძარცვავს სულს, კლავს ფანტაზიას, გვხატავს ჩარჩოში და ბრძანებლობს ჩვენზე..!
ეს სიყვარულს მოკლებული სივრცეა, სადაც სულ უფრო ძნელდება სუნთქვა, სადაც „ხორცდება“ სული და ფერი ეკარგება სისხლს…
როგორ შეიძლება გვჯეროდეს სიყვარულის, როცა არ გვჯერა და არ ვიცნობთ საკუთარ თავს… სიყვარული ხომ საკუთარი თავის პოვნაა „სხვაში“, სწორედ ამიტომ, მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობა დაგვეხმარება მოვიპოვოთ საკუთარი თავის რწმენა და ნამდვილი სიყვარული.
ნამდვილია სიყვარული, როცა მთელი სინამდვილით აგვიქვამთ მას და გვიყვარდება ის და არა მასში ვინმე სხვა ….
07.01.2015