„დედამიწა ადმიანის და მასზე დაბლა მდგომი ქმნილებისთვის საერთოა, თუმცა არსებითია ის გარემოება, რომ ადამიანი საკუთარ თავს განაგებს, ანუ საკუთარი თავი მას ეკუთვნის და არც ერთ სხვა ადამიანს მასზე უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის სხეულის ძალით და მისის ხელით შექმნილი ნივთები მის დამსახურებულ საკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად ადამიანი რასაც ბუნებიდან იღებს ან რასაც მასში დებს, რაშიც თავის შრომას აქსოვს და ან ამატებს იმას, რაც უკვე მისია და ამ გზით თავის საკუთრებად გარდაქმნის მისი კანონიერი კუთვნილებაა“. ალბათ გეცნოთ ჯონ ლოკის სიტყვები საკუთრების შესახებ, რომელსაც თავისუფალი ადამიანი თავად ქმნის. აქაც შეუძლებელია არსებობდეს ადამიანი რომელიც ამას არ დაეთანხმება, რა თქმა უნდა მოაზრება შეგვიძლია სხვაგვარი ადამიანების, მაგრამ აქაც იგივე ლოგიკა მოქმედებს.
პლატონმა შექმნა იდეათა სამყარო და ფილოსოფის გენიად ითვლება დღემდე, მაგრამ მისივე მოწაფეები საყვედურობდნენ მას, – იმდენად დააშორა იდეათა სამყარო ადამიანის სამყაროს, რომ მასში ადამიანის ადგილი აღარ დარჩაო. ძნელია არ დაეთანხმო ამ აზრს, თავისუფლების იდეა ჩვენ შეგვიძლია მოვიაზროთ ნებისმიერი გალაქტიკის შემადგენელი ვარსკვლავების სისტემებში არსებულ პლანეტაზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას, გონებას ხომ საზღვრები არ გააჩნია, მაგრამ იქნება ის ღირებული კონკრეტული ადამიანებისთვის? ამის დაშვებაც შეიძლება მაგრამ ამით მხოლოდ გონების ლაბირინთებში გავიხლართებით და დავშორდებით თავისუფლების იდეის გრძნობას.
თავისუფლება ნიშნავს აკეთო ის რაც გსურს – ეს ალბათ ერთერთი ყველაზე პოპულარული გამონათქვამია როდესაც გთხოვენ დაუფიქრებლად უპასუხო კითხვაზე, – რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება. არ არსებობს ამაზე ბანალური ფრაზა თავისუფლების გამოსახატავად, თავისუფლებას მხოლოდ მაშინ გრძნობ როდესაც თავის-უფლებაზე (ქართულ ენაში ყველაზე გენიალური სიტყვა რომელიც იდეას ამომწურავად გამოხატავს) პასუხისმგებელი ხარ, როდესაც შენი თავისუფლება მხოლოდ შენიდან მოდის და შედეგებზე პასუხს თავად აგებ.
როდესაც ველოდები საღამოს ეს შეგრძნებები მძაფრდება, ვცდილობ გამოვიცნო ვიცხოვრე დღეს როგორც თავისუფალმა ადამიანმა თუ არა, მაგრამ ეს შეუძლებელია. მხოლოდ გამოძინებულ გონებას შეუძლია წინა დღის შეფასება, ხოლო ის რასაც ვერასდროს გავექცევი ეს თავისუფლების უკმარისობის დაუმთავრებელი გრძნობაა და მეორე დილიდან იგივე იწყება.
რატომ?