Skip to content

ვან გოგის დამაფიქრებელი წერილი ძმას – სიყვარულის შესახებ

გთავაზობთ, ამონარიდებს წერილებიდან, რომლებსაც ვან გოგი თავის ძმას, თეოს სწერდა. თეო ვან გოგი, პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი იყო. ის მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ძმას.

სიყვარულს, ისევე როგორც მთელს ბუნებას აქვს ჭკნობისა და ყვავილობის პერიოდი, მაგრამ მთლიანად არასდროს კვდება, ზღვა მაინც ზღვაა, მოიქცევა თუ უკუიქცევა. სიყვარულშიც, ეს იქნება ქალისა თუ ხელოვნების სიყვარული არის წუთები, როცა იგი მიილევა, ძალა ეცლება, მაგრამ რწმენის სრული დაკარგვა ალბათ, არ ხდება.

სიყვარულს, როგორც მეგობრობას მარტოოდენ გრძნობად როდი ვთვლი, სიყვარული უპირველესად მოქმედებაა და როგორც ყოველ მოქმედებას მასაც დიდი დაძაბულობა ახლავს თან. ამიტომაც ბუნებრივია სიყვარულსაც აქვს შესუსტებისა და მილევის ჟამი. მტკიცე და წრფელი სიყვარული დიდი მადლია, თუმც არც ის არის გამორიცხული, მძიმე წუთები სიყვარულმაც განგაცდევინოს.

ავდექი და ამსტერდამში გავემგზავრე. იქ ასე მითხრეს: ,,შენ, რომ მოდიხარ, ის შინიდან მიდის ხოლმეო, შენ ხომ ამბობ ან ის, ანდა არავინ. ის ასე ამბობს: ვინც უნდა იყოს, ის კი არაო. შენი აქ ყოფნა მას ზიზღს გვრისო. მაშინ ხელი ანთებულ ლამპას მივუშვირე და აი, რა ვთქვი: მაჩვენეთ იგი მხოლოდ იმდენ ხანს დამენახოს რამდენ ხანსაც ამ ხელს ალზე დავიჭერ-მეთქი. (ალბათ არ არის გასკვირი, რომ ფერსტეხი მერე ჩემს ხელს ეჭვის თვალით დაჰყურებდა) მათ კი ლამპა ჩააქრეს და მიპასუხეს: გათავდა შენ მას ვერ ნახავო. რა უნდა მექნა, რა მეღონა, რანაირად მომეთმინა, როცა ისიც თქვეს, რომ შენ მას ძალით აიძულებ ცოლად გამოგყვესო. უცებ ვიგრძენი ეს სიტყვები ჩემს გულს ლახვარივით ეძგერა და შეარყია ჩემი ,,ან ის, ანდა არავინ”. თუმც იმ წამს არა, მაგრამ ძალიან მალე ვიგრძენი, რომ სიყვარული მოკვდა ჩემს გულში და მის მაგივრად უსასრულო სიცარიელემ დაისადგურა.

 მოამზადა მარიამ ნებიერიძემ