ნატა თუმანიშვილი – ფსიქოთერაპევტი
ჩემი გმირის მოგზაურობა დაიწყო 8 წლის წინ, კრიზისით და პრობლემებით, რომლითაც მე მოვედი ფსიქოთერაპიაში და საიდანაც დაიწყო ჩემი ტრანსფორმაცია, როგორც პიროვნების, პროფესიონალის…
ფსიქოლოგია ჩემი მეორე პროფესიაა, რომელშიც მე მოვედი მას შემდეგ, რაც ჩავთვალე, რომ ჩემი, როგორც დედის და ცოლის როლი სრულიად რეალიზებული იყო. ჩემი შვილი იზრდებოდა და მსურდა, მისთვის სამაგალითო ვყოფილიყავი არამხოლოდ დედის ამპლუაში, არამედ შემდგარი ქალის, პიროვნების, პროფესიონალის, ადამიანის, რომელიც ემსახურბა საზოგადოებას და შეაქვს თავისი თუნდაც პატარა წვლილი. ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი წარმატებით არავინ დამიზიანებია, ყველაფერი დროულად და კანონზომიერად მოხდა… ეს პროცესი ბუნებრივად და დინამიურად მიედინებოდა. ის, რაც იყო ჩემი ჰობი, ჩემი ინტერესთა სფერო – ვაქციე ჩემს პროფესიად. უდიდეს სიამოვნებას მგვრის, როცა ვხედავ ჩემი პაციენტების კმაყოფილ და მადლიერ თვალებს, იმ დადებით ცვლილებებს და შედეგს, რაც ფსიქოთერპიას მოაქვს მათთვის. ასეთ მომენტებში ვგრძნობ თავს ყველაზე წარმატებულად და ვფიქრობ, ეს ამად ღირდა!
თუმცა წარმატებას ნუ განვიხილავთ მხოლოდ კარიერულ ასპექტში. უპირველეს ყოვლისა, წარმატება საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებაა. ეს არის ხარისხიანი და ჯანსაღი ცხოვრების წესი: როცა სწორად განაგებ საკუთარ თავს და დროს, იჩენ მზაობას სიახლეების მიმართ, ზრუნავ როგორც ინტელექტუალურ, ასევე ფიზიკურ თგვითგანვითარებაზე, ბევრს მოგზაურობ, უთმობ დროს ჰობის და მეგობრებთან ხარისხიან კომუნიკაციას!
თუ დილით ადგომა გიხარია, მიუხედავად ცუდი ამინდისა, ტკბები ყავის სმის რიტუალით, მართავ შენს დღეს ლაღად და თავისუფლად და მადლიერებით უყურებ გარემოს, ხარ წარმატებული…