Skip to content

ხატია მოისწრაფიშვილი – #წარმატება არის…

ხატია მოისწრაფიშვილი – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი

ხანდახან წარმატებას აღწევ შემთხვევით ან გარემოებათა გამო, გიხარია, მაგრამ მერე ხვდები, რომ ეს ის არ არის, ვერ აგანთო, ვერ დაგმუხტა. წარმატება ფაქტი არ არის, ის შედეგია, რომელიც მუდმივი პროფესიული ზრდით, შრომით და საკეთებელი საქმის სიყვარულით მიიღწევა. წარმატებისკენ უნდა იარო! ეს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და რეალიზების უწყვეტი პროცესია. და მაინც, როგორც კი წარმატებას აღწევ, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს, ის უკვე მიღწეულია და ახლის ძიებას იწყებ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ წარმატება მიზანია. წარმატებისკენ ყველა საკუთარი გზით მიდის, ზოგჯერ ეს გზა მარტივია, რაც ცუდი არ არის, მაგრამ ხშირად უინტერესოა. არსებობს რთული და შესაბამისად დამღლელი გზა და ამ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვან უნარს იძენ – თმენას სწავლობ და გამარჯვებისკენ კიდევ ერთ, დიდ ნაბიჯს დგამ. სამწუხაროდ არსებობს სხვა გზაც, გზა სადაც არასამართლიანი სვლები დაშვებულია. ეს ზღვარია – ჩემთვის წარმატება უსამართლობით, არ მიიღწევა! და კიდევ ერთი პირობა, ისე როგორც სიყვარულსა და ბედნიერებაში, წარმატებაშიც არ შეიძლება იყო მარტო! წარმატებას აღწევენ ლიდერები, რომლებიც საკუთარ გუნდში თავისუფლების, ინდივიდუალიზმისა და იდეების განხორციელების ხელშეწყობის გზით, ახალ ლიდერებს აყალიბებენ.
წარმატებად, გამართლებად, ბედნიერებად მიმაჩნია ის, რომ ყოველთვის ვაკეთებდი და ვაკეთებ საქმეს რომელიც მიყვარს, რომელიც ვიცი და შემიძლია თავდაუზოგავად ვიშრომო. მადლობელი ვარ ჩემი პროფესიის, წლების განმავლობაში, მისი წყალობით, უამრავ წარმატებულ, გამორჩეულ პიროვნებას შევხვდი. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, არ არის ადვილი იყო წარმატებული და შეგეძლოს უკან არ მოიხედო, ხელი გაუშვა იმას, რაც უკან გექაჩება, ის რომ შეცდომა დასასრული არ არის, რომ აუცილებლად იქნება იმედგაცრუებაც, მთავარია, რომ არასდროს დანებდე და მიუხედავად ყველაფრისა – თუ შრომობ, თუ ქმნი, თუ შენივე წარმატების პრინციპებს არ ღალატობ, თუ სხვისი წარმატება გახარებს, შენც აუცილებლად ხარ წარმატებული.
ეს არის მთავარი, უფრო კონკრეტულად? არც კი ვიცი, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის: CNN-ის სტუდიიდან ჩართვა და დაუგეგმავი 40 წუთიანი მონოლოგი აპლოდისმენტების თანხლებით მოამბის ეთერში თუ ომის შემდგომ სოხუმში ჩასვლა და ერთ-ერთი პირველი კადრების გადაღება. ალბათ სოხუმი – მაშინ სრულიად უცნობი ადამიანები მიკავშირდებოდნენ, მთხოვდნენ მომეთხრო რა ვნახე, რა ვერ ვნახე და რა აღარ არსებობდა მათ ქალაქში. მერე ეს ადამიანები, წლიდან წლამდე ღია ბარათებს მიგზავნიდნენ დღესასწაულებზე. ამ წლების განმავლობაში კიდევ ბევრჯერ მომეცა შანსი დავხმარებოდი მათ, ესეც წარმატების ნაწილია.