Skip to content

ინგა ბლესსი – #წარმატებაარის

ინგა ბლესსი – ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრის დამფუძნებელი

თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც წარმატებაზე საუბრობენ, იგულისხმება ან მატერიალური წინსვლა და კეთილდღეობა, ან კარიერული განვითარება.
როგორც წესი, ძირითადად ამ ორი დეფინიციის მიხედვით განიხილება წარმატების საკითხი. როდესაც ხარ სოციალურად აქტიური პიროვნება, ქმნი რამე ახალს, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო, მოთხოვნადი და მისაღებია და ამ ყველაფერს შესაბამისად, მოყვება ანაზღაურებასთან ერთად აღიარება ხალხის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს წარმატებასთან.

თავი არასოდეს უნდა შეიზღუდო რაღაც ბლოკებით. ქართველებს გვაქვს ერთი საკმაო ცუდი ფსიქოლოგოური მომენტი, რომ თუ “პატრონი და კონტაქტები” არ გვაქვს, ვერასოდეს მიაღწევ წარმატებას. კონტაქტები, რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ამაზე დაყრდნობა არის აფსურდი. ეს განწყობა პირველ რიგში უშლის ხელს ადამიანს იმაში, რომ საკუთარ საქმეში იყოს წარმატებული.

ჩემს განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედო, წარმატებად მატერიალური ფაქტორი და ცნობადბა კი არ მიმაჩნია, არამედ ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატება ჩემს შიგნით არსებული შეზღუდვების, კომპლექსების, წინააღმდეგობებისა და ბარიერების გადალახვაა. როცა მუშაობ საკუთარ თავზე და აკეთებ საყვარელ საქმეს, ჩვენს შიგნით არსებული გალია იხსნება. იხსენება გალია, რომელსაც გვიქმნის არა გარემო ფაქტორები და საზოგადოება, რასაც ხშირად ვაბრალებთ, არამედ საკუთარი განწყობა და თავდაჯერების ნაკლებობა.